2024 ივნისში ზიარდებოდა ამა წლის 8 თებერვალს ფეისბუქ-გვერდ “Business idea-ს” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი რუსულ ენაზე კომპანია “სოკარში” ინვესტიციების ჩადებაზე საუბრობს. ვიდეოში ზურაბიშვილი განმარტავს, თუ როგორ გაუხსნა კომპანია “სოკარმა ჯორჯია გაზმა” საქართველოს მოქალაქეებს წვდომა საკუთარ ინვესტიციებზე, როგორ შეუძლია ქართველ ხალხს ამ შესაძლებლობის გამოყენება საკუთარი შემოსავლის გასაზრდელად და რა რაოდენობის მოგებაზეა საუბარი, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ინვესტიციას განახორციელებენ. ვიდეოს აღწერაში ავტორი წერს, რომ მხოლოდ დარეგისტრირებით მოქალაქეები 2 000 ლარს გამოიმუშავებენ.
თაღლითური ფეისბუქ-გვერდი სალომე ზურაბიშვილისა და “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს. რეალურად, პრეზიდენტი აღნიშნულ ვიდეოში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს. თაღლითური პოსტები, თითქოს “სოკარ ჯორჯია გაზის” საშუალებით ცნობილი სახეები მოქალაქეებს ფულის გამომუშავებას ჰპირდებიან, წარსულშიც მრავალჯერ გავრცელებულა. კომპანიას მსგავსი პროექტი არ აქვს.
ფეისბუქ-ანგარიში ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს. ვიდეოში გამოყენებული კადრები რეალურად უკრაინის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებული სამიტიდან არის აღებული, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 2023 წლის 1 აპრილს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა სამიტი „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე”, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარსდგა.
“პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობას გიხდით გლობალური სამშვიდობო სამიტისათვის, რადგან ჩვენი ჭეშმარიტი, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემაა. მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება, იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს.
პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს! სლავა უკრაინი!“ –განაცხადა მიმართვისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ხმა, რომელიც 2023 წელს ბუჩას სამიტიდან ამოჭრილ კადრებს ადევს, მიმსგავსებულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხმას, თუმცა მისი იდენტური არ გახლავთ. ამასთან, საკმაოდ არაბუნებრივად, ხელოვნურადაა დამუშავებული პრეზიდენტის სახე, კერძოდ, მისი ტუჩები, რათა პირის მოძრაობა მეტ-ნაკლებად ბუნებრივად მიჰყოლოდა დამუშავებული ხმით გაჟღერებულ სიტყვებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში თავად თქვა, რომ რუსულ ენას ცუდად ფლობს (29:20).
ინფორმაცია, თითქოს “სოკარ ჯორჯიას” აქვს პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს აქტივებში ინვესტირებას სთავაზობენ ან თანხის მიღებას ჰპირდებიან, კომპანიამ წარსულში მრავალჯერ უარყო. გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ 2024 წლის 1 თებერვალსაც არის გამოქვეყნებული “სოკარის” ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელმა “მითების დეტექტორსაც” უთხრა, რომ პროგრამა, რომლითაც ადამიანებს თანხის გამომუშავებას ჰპირდებიან, არ აქვთ.
სალომე ზურაბიშვილის სახელით “სოკარ ჯორჯია გაზზე” თაღლითური შინაარსის პოსტი წარსულშიც გავრცელებულა. “სოკარ ჯორჯიასა” და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის სახელის გამოყენებით გავრცელებული მსგავსი შინაარსის პოსტები “მითების დეტექტორს” მრავალჯერ აქვს გადამოწმებული. თაღლითური პოსტები ხშირად ვრცელდება მედიების ყალბი საიტებითაც. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- მედიების სახელით “სოკარის” ყალბ საინვესტიციო პლატფორმაზე თაღლითური ინფორმაცია ვრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და სალოემ ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
- ახლადშექმნილი FB გვერდი ხვიჩა კვარაცხელიასა და “სოკარის” სახელით თაღლითურ პოსტს ავრცელებს
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და გიორგი გაბუნიას სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და კახა კალაძის სახელით ტაღლითური პოსტი ვრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და Ambebi.ge-ს სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
ფეისბუქ-გვერდი Business Idea
ფეისბუქ გვერდი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ვიდეოფაბიკაციას ავრცელებს, 2023 წლის 11 დეკემბერს შეიქმნა და მისი სახელწოდება თავდაპირველად “GM J8YJ” იყო. 8 თებერვალს, მაშინ, როდესაც ვიდეოა გამოქვეყნებული, გვერდმა სახელი შეიცვალა და “Business Idea” დაირქვა. აღსანიშნავია, რომ ვებ-საიტების განყოფილებაში მითითებულია კოსმეტიკური კომპანია Revitalash-ის უკრაინული გვერდის ბმული. ასევე, მისამართად კიევი, უკრაინაა მითითებული.
ქეთევან გელაშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.