5 ოქტომბერს პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა “იმედი” და POSTV, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ (რეპორტიორი; კვირა; Ongo; SPNEWS; რადიო “სივრცე”; The Georgian Times), ასევე კრემლისტურმა ტელევიზიამ “სეზონი TV” გაავრცელა ირლანდიური გამოცემა The Islander-ის მიერ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ქართული მედიასაშუალებები ირლანდიურ პლატფორმაზე დაყრდნობით წერენ, რომ თბილისში 4 ოქტომბრის საღამოს განვითარებული მოვლენების “სცენარისტი” ზურაბიშვილი იყო. სტატიების თანახმად, 4 ოქტომბრის საღამოს მიმდინარე პროტესტი “იყო ინსცენირებული პროვოკაცია”, რომელიც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან იმართებოდა. The Islander წერს: “თბილისი არ აჯანყებულა თავისუფლებისთვის, ეს იყო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იმპორტირებული ისტერია, რომელმაც გაბედა და თავად დაიწყო ფიქრი.”
“მითების დეტექტორი” გთავაზობთ მიმოხილვას The Islander-ისა და მისი დამფუძნებლების შესახებ.
ირლანდიური პლატფორმა The Islander-ის შესახებ ღია წყაროებში მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. თავდაპირველად, შევისწავლეთ მათი სოციალური ქსელები, მათ შორის, პლატფორმა X-ის ანგარიში, სადაც 4 ოქტომბრის პროტესტისა და მასში სალომე ზურაბიშვილის ჩართულობის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. X-ის ანგარიშის შესახებ ინფორმაციაში The Islander-ს მითითებული აქვს: “გეოპოლიტიკა და სამართლიანობა: უთქმელის გამოვლენა, მსოფლიოში სამართლიანი მშვიდობის დაცვა.” ასევე X-ზე დატოვებული აღწერით ვიგებთ, რომ ანგარიში 2024 წლის ივლისში შეიქმნა, The Islander-ის მფლობელი კი ჯერი ნოლანია.
ამავე პლატფორმაზე ანგარიშს დატოვებული აქვს მხარდაჭერისა და დონაციისათვის განკუთვნილი ბმული, რომელზეც გადასვლითად მათი საქმიანობისა და მიზნების შესახებაც მეტის გაგებაა შესაძლებელი. როგორც ჯერი ნოლანი წერს, ამაყი ირლანდიელი ჟურნალისტი და სწრაფად მზარდი პლატფორმის დამფუძნებელია. პლატფორმის შექმნის მიზნად ნოლანი ასახელებს პროპაგანდის ნისლის გარღვევასა და მრავალპოლარული სამყაროს პერსპექტივის ჩვენებას

The Islander-ის X-ის ანგარიშზე დაკვირვებით ჩანს, რომ პლატფორმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით 5 ოქტომბრიდან ინტერესდება. მათ ერთ დღეში საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნეს და ყველა მათგანი 4 ოქტომბრის პროტესტს უკავშირდება. ერთ-ერთი პოსტი ირაკლი კობახიძეს შეეხება. პოსტში პრემიერ-მინისტრის ციტირების შემდეგ წერია, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპელი ტექნოკრატები ლექციებს აღარ წაუკითხავენ. პოსტში ირაკლი კობახიძის შესახებ ვკითხულობთ:
“კობახიძე არა მხოლოდ თავის მთავრობას იცავს, ის იცავს პრინციპს, რომ სუვერენულმა ხალხმა საკუთარი კურსი უნდა განსაზღვროს, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მარიონეტებისა და სოროსის მისიონერებისაგან თავისუფლად.”
The Islander-ს აქვს საკუთარი ვებ-გვერდიც, რომელზეც 2023-2024 წლებში რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა. სტატიების ნაწილი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსისაა. საპირისპიროდ კი რუსეთის შესახებ დადებითად საუბრობს და ქვეყნის წინაშე დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეს გამოკვეთს. მაგალითად, 2024 წელს The Islander რუსეთის საარჩევნო სუვერენიტეტზე აშშ-ის თავდასხმის შესახებ წერდა. ასევე, რუსეთის ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაუდასტურებელი ცნობა, თითქოს პუტინთან დაპირისპირებული რუსი ბიზნესმენი მიხაილ ხადარკოვსკი ეფშტეინის საიდუმლო კუნძულს სტუმრობდა. 2024 წლის იანვარში გამოცემა დაინტერესდა უკრაინიდან მომდინარე ბირთვული ომის საფრთხითაც.

The Islander ასევე შემჩნეულია დეზინფორმაციის გავრცელებაში, რომლის სამიზნეც უკრაინა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. გასულ წელს The Islander წერდა, რომ ზელენსკიმ შეიძინა ორი იახტა, რომელთა საერთო ღირებულებაც 75 მილიონი ევრო იყო. უკრაინულმა Detector Media-მა ცნობა შეისწავლა და ის ყალბად შეაფასა.
რა ვიცით The Islander-ის დამფუძნებლებზე?
The Islander-ის ვებ-გვერდზე პლატფორმის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მისი დამფუძნებლები შაი ბოუსი (Chay Bowes) და ჯერი ნოლანი არიან.

ნოლანი ხშირად აქვეყნებს ისეთ სტატიებს, სადაც დასავლეთი რუსეთის სასარგებლოდაა გაკრიტიკებული. მაგალითად, მის ერთ-ერთ ტექსტში, სადაც NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შესახებაა საუბარი, ვკითხულობთ, რომ ის უძღვებოდა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ ესკალაციას, NATO-ს დატოვების შემდეგ კი დასავლური იმპერიის ახალი სტრატეგოსი გახდა. The Islander-ის ტელეგრამ-არხზე ჯერი ნოლანის სახელით ქვეყნდება ტექსტი სათურით: “დიდი კაპიტულაცია? ვაშინგტონი მოსკოვთან ხოხვით მიდის.” ავტორი რუსეთის წინაშე აშშ-ისა და დასავლეთის კაპიტულაციის შესახებ წერს. ნოლანის თქმით, რუსეთს უკრაინაში საკუთარი მიზნებისთვის არასდროს გადაუხვევია, რაც არა იდეოლოგიას, არამედ ეგზისტენციალურ საკითხს უკავშირდება. აშშ-ის მიერ მოლაპარაკებების დაწყებას კი დაღლილობით მიღწეულ კაპიტულაციას უწოდებს.
უკრაინული მედია პლატფორმის მეორე დამფუძნებლის, შაი ბოუსისა და რუსული მედიის კავშირებზე წერს. Vox Ukraine-ს თანახმად, 2023 წელს ის რუსეთის სამთავრობო მედიის Russia Today-ს კორესპონდენტი იყო. ინტერვიუებს წერს პრორუს აქტორებთან და ხშირად სტუმრობს არხებს, რომლებიც მსგავსი ნარატივის გავრცელებას ემსახურებიან. ასევე 2023 წელს შაი ბოუსი გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოვიდა. საუბრისას მან NATO-ს პოლიტიკა გააკრიტიკა, ომის წამოწყებასა და ესკალაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დასავლეთი უკრაინას იყენებს რუსეთის არმიის დასასუტებლად. თავად უკრაინა კი დასავლეთის ჰეგემონიის მსხვერპლად წამოაჩინა. ამავე საბჭოზე, რუსეთის დელეგაციამ ბოუსი დაიცვა და აღნიშნა, რომ ის არის ცნობილი ჟურნალისტი სამხედრო გამოცდილებით. შაი ბოუსი რუსეთში ცხოვრობს.
საქართველოში მუნიციპალური არჩევნებისა და პროტესტის ფონზე, ბოუსი თბილისში იყო ჩამოსული. მან რუსთაველის გამზირზე გადაღებული სამი პირის ფოტო გამოაქვეყნა, რომლებზეც ამტკიცებდა, რომ გერმანელები იყვნენ და გამომწერებს მათ იდენტიფიცირებას სთხოვდა. პოსტში ისიც ახსენებს თბილისში “არშემდგარ გადატრიალების მცდელობას”.

მოგვიანებით, ბოუსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, “პროვოკატორებსა” და “მაიდნის მცდელობაზე” RT-ის ეთერში საუბრობდა. Russia Today-ის ის საკუთარ კორესპონდენტად ჰყავს წარდგენილი.

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალური არჩევნები გაიმართა. პარალელურად, 4 საათიდან რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებმა საპროტესტო შეკრება დაიწყეს. სცენიდან პაატა ბურჭულაძის მოწოდების შემდეგ, დემონსტრანტები საქართველოს პრეზიდენტის სასახლისკენ წავიდნენ და მის ეზოში შეიჭრნენ. ფაქტს გაემიჯნა სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ ორბელიანების სასახლის ეზოში შეჭრა “პროვოკაციაა.”



















