23 მაისს ფეისბუქ-ანგარიშმა Tinatin Topuria გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ტირის. ვიდეოზე დართული წარწერის მიხედვით, კადრები სასამართლო დარბაზშია გადაღებული.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში ტირის. კადრების გენერირებისთვის გამოყენებულია ფოტო, რომელიც პოლიტიკოსმა თავად გამოაქვეყნა. ვიდეოში, რომელიც სხვა სანდო ღია წყაროებით არ გავრცელებულა, ხარვეზები შეინიშნება.
ჯაფარიძის ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია. რამდენიმეწამიანი ვიდეოს გენერირებისთვის გამოყენებულია ფოტო, რომელიც პოლიტიკოსმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე 22 მაისს სასამართლო დარბაზიდან გამოაქვეყნა.
აღნიშნული ფოტო რამდენიმეწამიან ვიდეოში “აამოძრავეს” – არსებობს მრავალი ვებ-საიტი, რომელიც მომხმარებელს ფოტოს ატვირთვის და შემდეგ ამ ვიზუალური მასალის გამოყენებით ვიდეოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს (1;2). მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, ფოტოზე ასახული ადამიანის რომელი ემოცია სურს, რომ გენერირებულ ვიდეოში ჩანდეს.
იმას, რომ ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია, ადასტურებს მსგავსი ვიზუალური მასალებისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც – ვიდეოში ჯაფარიძის სახეზე ჩრდილების არაბუნებრივი გადანაწილება, არაბუნებრივად გლუვი კანი, სხეულის ასიმეტრიული ნაწილები (ხელი და ყელი) და ა.შ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესს მედიასაშუალებები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ (1;2), კადრები, რომელშიც ჯაფარიძე პროცესის მიმდინარეობისას ტირის, არცერთ მათგანს არ გაუვრცელებია.
კადრებზე დატანილია იმ Tik-Tok ანგარიშის სახელი, “Politicani”, საიდანაც ფეისბუქ-მომხმარებელს ვიდეო აქვს აღებული. ანგარიშმა “Politicani” ჯაფარიძის ვიდეო 23 აპრილს გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშს ბოლო 2 დღის განმავლობაში [24 მაისის მონაცემებით] 5 ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, რომელთაგანაც 4 “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერს შეეხება და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

22 მაისს “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ აღკვეთის ღონისძიებად დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს. პოლიტკოსს გირაო დაკისრებული ჰქონდა “ქართული ოცნების” შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, ჯაფარიძემ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
“მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა ფოტოფაბრიკაცია, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენელი ტირის. 2025 წლის იანვარში მსგავსი პროგრამულად დამუშავებული ფოტო გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდეგ გავრცელდა.
წყაროს შესახებ
ჯაფარიძის ვიდეოფაბრიკაცია გაავრცელა ფეისბუქ-ანგარიშმა Tinatin Topuria, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების, კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ უკონტექსტოდ გავრცელებული ვიდეო წარსულშიც აქვს მონიშნული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუქ-ანგარიში პროფილის ფოტოდ იყენებს ქალის ფოტოს, რომელიც წლების გამავლობაში არაერთ ვებ-საიტზე იძებნება.

სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.























