17-22 აგვისტოს ფეისბუქზე გავრცელდა ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძისა და აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის ვიდეოები, რომლებშიც ისინი პარაზიტებთან ბრძოლის სხვადასხვა ხერხის შესახებ საუბრობენ. ვიდეოში, რომელიც, სხვებთან ერთად (1;2), გამოაქვეყნა ფეისბუქ-გვერდმა Greenway global en europa, ამირან გამყრელიძე საუბრობს პარაზიტებთან ბრძოლის ბუნებრივ საშუალებაზე, რომელსაც არ ასახელებს.
ფეისბუქ-გვერდ Holistic Health-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ზურაბ გურული ფარმაცევტული კომპანიის მფლობელ დავით ივანიშვილად წარდგენილ პირთან კამათობს და ამხელს კორუფციულ გარიგებაში, რომლითაც, მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანიები მდიდრდებიან. იგი ასევე ასახელებს პრეპარატს და ხალხს ამ ანტიპარაზიტული საშუალების შეძენისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძისა და ზურაბ გურულის ვიდეოები გაყალბებულია და ხმა პროგრამულად, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის დამუშავებული. პარაზიტების შესახებ განცხადებები არცერთ მათგანს არ გაუკეთებია, კადრები მათი ძველი ვიდეოებიდან არის აღებული და შემდგომ გაყალბებული ხმა აქვს დადებული. პოსტები თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.
ამირან გამყრელიძის ვიდეო
ვიდეოები (1;2;3), რომლებშიც ამირან გამყრელიძე პარაზიტების მავლებლობასა და მათი მოშორების აუცილებლობაზე საუბრობს, გაყალბებულია და ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელენტით არის დამუშავებული. აღნიშნულზე მიუთითებს ის, რომ გამყრელიძის პირისა და თვალების მოძრაობა არაბუნებრივია. ვიდეოს უმეტეს ნაწილში მისი საუბარი და პირის მოძრაობა ერთმანეთს არ ემთხვევა. დამატებით, ვიდეოჩანაწერი ან განცხადება, რომელშიც გამყრელიძე პარაზიტებით ინფიცირებაზე აღნიშნულ კომენტარს აკეთებს, ღია წყაროებით არ იძებნება.
ამირან გამყრელიძის კადრები, რომელიც ამ ვიდეოშია გამოყენებული, NCDC-ის ფეისბუქ-გვერდზე 2021 წლის 11 თებერვალს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვიდანაა აღებული. აღნიშნულ ვიდეოში გამყრელიძე 2020 წელს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას აჯამებდა და არ უხსენებია პარაზიტული ინფექცია ან მისი მკურნალობის მეთოდები.

ფეისბუქ გვერდსა და მომხმარებლებს (1;2), რომლებიც ამირან გამყრელიძის ვიდეოს ავრცელებენ, მითითებული აქვთ, რომ კომპანია “გრინვეი გლობალში” მუშაობენ და გამყრელიძის ყალბ ვიდეოს თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისთვის იყენებენ. მომხმარებლებს, რომლებიც კომენტარებში წერენ, რომ წამლის შეძენა სურთ, ავტორები პასუხობენ, რომ დეტალებს პირად შეტყობინებებში აუხსნიან.

ამირან გამყრელიძის აღნიშნული ვიდეომიმართვის კადრები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პირველად არ დაუმუშავებიათ. 2025 წლის აგვისტოში “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს ამირან გამყრელიძე რუსთავი-2-თან პარაზიტებით ინფიცირებაზე საუბრობდა. გავრცელებული ვიდეოების შესახებ ფეისბუქ-პოსტი თავად ამირან გამყრელიძემაც გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ არცერთი ასეთი სახის რეკლამა ან საინფორმაციო სიუჟეტი რეალური არ იყო და რომ მას რომელიმე სამედიცინო საშუალების რეკლამირება არასდროს გაუწევია. ვრცლად გავრცელებული ვიდეოს შესახებ იხილეთ მასალაში:
ზურაბ გურულის ვიდეო
ზურაბ გურულის შესახებ გავრცელებული ვიდეო ჟურნალისტის საუბრით იწყება, რომლის მიხედვითაც გურული ფარმაცევტული კომპანიის მფლობელ დავით ივანიშვილთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შევიდა. ვიდეოს შემდეგ ნაწილში მონაცვლეობით გვხვდება ზურაბ გურულისა და ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კადრები. გურული ამტკიცებს, რომ პარაზიტებთან ბრძოლის ბუნებრივი საშუალება არსებობს და პრეპარატ “ექსოსს” ასახელებს, ხოლო იაკობაშვილის მიხედვით, ასეთი საშუალება არ არსებობს.
რეალურად, ვიდეოები გაყალბებულია. ნაჩვენები სამივე პირის შემთხვევაში პირის მოძრაობის აცდენა ტექსტთან მარტივად შესამჩნევია, გარდა ამისა, მათი ტექსტი გაუმართავია. ჟურნალისტი, რომელსაც ვიდეოს დასაწყისში ვხედავთ, სომხეთის პირველი არხის ახალი ამბების დილის გამოშვების ერთ-ერთი წამყვანი, ნარე ვოსკანიანია. ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში სწორედ ერთ-ერთი დილის გადაცემის კადრებია გამოყენებული. იმას, რომ ვიდეო ყალბია, ისიც ამტკიცებს, რომ ვოსკანიანი ქართულად საუბრობს.

პიროვნება, რომელსაც ზურაბ გურული თითქოსდა ეკამათება, არა დავით ივანიშვილი, არამედ ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. მისი სახელი რძის პროდუქტის, წვენებისა და ნავთობის ბიზნესთანაა დაკავშირებული და პირდაპირი კავშირი მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებთან არ იძებნება. ვიდეოში ასევე არის ნახსენები ტერმინი “Big Pharma”, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიების გარშემო კონსპირაციული თეორიებს უკავშირდება.
ზურაბ გურულის კადრები 2020 წელს “ამერიკის ხმის” მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუდან არის ამოჭრილი. ჩანაწერში გურული არა პარაზიტებსა და კონკრეტულ მედიკამენტზე, არამედ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის საფრთეეხზე, პირბადეებსა და ზოგად რეკომენდაციებზე საუბრობს.

იაკობაშვილის კადრებიც ასევე ძველი ინტერვიუდან არის აღებული. ვიდეო 2018 წლისაა და რუსულ RTVI News-ს Youtube-ზე აქვს გამოქვეყნებული. აღნიშნული ინტერვიუ სამედიცინო საკითხებს არ შეეხება და რესპონდენტი ბიზნესთან დაკავშირებულ თემებზე საუბრობს.

ვიდეოს გარდა, ზურაბ გურულის სახელით ინტერნეტსივრცეში გამოცემა For.ge-ს ლოგოს გამოყენებით სტატიაც გავრცელდა, სტატიის სქრინშოტი ფეისბუქზე თავად ზურაბ გურულმა გამოაქვეყნა და განმარტა, რომ სტატია ყალბია და მასთან ინტერვიუ არავის ჩაუწერია.

ზურაბ გურულმა “მითების დეტექტორს” სტატიის სხვა სქრინშოტებიც მიაწოდა. მსგავსი სტატია For.ge-ის საიტზე არ იძებნება და სქრინშოტზე მოცემული ვებ-საიტის მისამართზე (mx-multidimension.website) დაკვირვებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კლონირებული საიტი, რომელმაც გურულის შესახებ სტატია გაავრცელა, For.ge-ის კლონირებულ ვერსიას წარმოადგენდა და მის ლოგოს იპარავდა. ვებ-საიტი ამჟამად გათიშულია.

ფეისბუქ გვერდი Holistic Health, რომელიც ზურაბ გურულის ვიდეოფაბრიკაციას აქვეყნებს, 2025 წლის მაისში შეიქმნა და ის ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და აშშ-იდან იმართება. გვერდს კატეგორიაში მითითებული აქვს ჯანმრთელობა და სილამაზე. ამ დროის მონაცემებით, გვერდს ფეისბუქზე სხვა რეკლამები არ აქვს განთავსებული.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















