3-4 სექტემბერს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამირან გამყრელიძე და ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული მწვავე დაავადებებთან ბუნებრივი საშუალებებით ბრძოლის ხერხებზე საუბრობენ. ამირან გამყრელიძე ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში, რომელსაც ფეისბუქ გვერდი Therapeutic Techniques ავრცელებს, სახსრების ტკივილისგან განთავისუფლების ბუნებრივ საშუალებაზე საუბრობს, რომელიც მარილისა და დარიჩინის ბაზაზე მზადდება.
გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში, რომელიც ფეისბუქ გვერდმა Emory Tamassia Marshack-მა გაავრცელა, ზურაბ გურული აცხადებს, რომ საკვები სოდა პრეპარატებზე მეტფორმინსა და ინსულინზე და მკაცრ დიეტაზე უკეთ უმკლავდება დიაბეტს. ნინო შუბლაძესთან ინტერვიუში კი, რომელიც ფეისბუქ გვერდმა Your Head-მა გამოაქვეყნა, გურული განიხილავს ბუნებრივ საშუალებას, რომელიც სახსრების აღდგენის საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს.

ზურაბ გურულისა და ამირან გაყრელიძის ვიდეოები გაყალბებულია და ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული. კადრები გამყრელიძისა და გურულის ძველი ვიდეოებიდან არის აღებული და შემდგომ გაყალბებული ხმა აქვს დადებული. რეალურად, არცერთ მათგანს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. პოსტები თაღლითურ ნიშნებსაც შეიცავს.
- ამირან გამყრელიძის ვიდეო
ვიდეო, რომელშიც ამირან გამყრელიძე ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში სახსრების ტკივილის სამკურნალო საშუალებად მარილისა და დარიჩინის ნარევს ასახელებს, სავარაუდოდ, გაყალბებულია და ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული. გამყრელიძისა და გრიგოლიას საუბარი და პირის მოძრაობა ერთმანეთს არ ემთხვევა, მათი სახის მოძრაობა კი არაბუნებრივია. გარდა ამისა, მათ საუბარში არაერთი გრამატიკული შეცდომაა და გამყრელიძე რიცხვებს დამახინჯებულად ამბობს.
ვიდეოში გამოყენებული გამყრელიძის კადრები NCDC-ის ფეისბუქ-გვერდზე 2021 წლის 11 თებერვალს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვიდანაა აღებული. ნამდვილ ვიდეოში გამყრელიძე 2020 წელს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას აჯამებდა და მას სახსრების ტკივილზე ან რაიმე სამკურნალო მეთოდზე არ უსაუბრია.
Therapeutic Techniques, რომელსაც 12 სექტემბრის მონაცემებით 1,4 ათასი გამომწერი ჰყავს, სამედიცინო კატეგორიის ფეისბუქ გვერდია. გვერდი 29 აგვისტოსაა შექმნილი და ამ მონაცემებით მხოლოდ ერთი ფეისბუქ პოსტი აქვს. უცნობია თუ საიდან იმართება გვერდი, თუმცა საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (+1 253-669-8718) ამერიკის ქალაქი ტაკომას კოდი აქვს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამირან გამყრელიძის გამოსახულებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სხვადასხვა სამკურნალო საშუალების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ. თაღლითური ვიდეოების გავრცელებას ამირან გამყრელიძე თავის ოფიციალურ ფეისბუქის ანგარიშზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას რომელიმე სამკურნალო საშუალების რეკლამა არასოდეს გაუკეთებია. ბით თაღლითური პოსტები ვრცელდება
- ზურაბ გურულის ვიდეოები
ფეისბუქზე გავრცელებული ზურაბ გურულის ორი ინტერვიუც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი. ფეისბუქ გვერდი Your Head-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ზურაბ გურული და ჟურნალისტი ნინო შუბლაძე სახსრების ტკივილის მოხსნის საშუალებაზე საუბრობენ, AI-ით შექმნილი ვიდეოების მახასიათებელ არაერთ ნიშანს შეიცავს. გურულისა და შუბლაძის საუბარი მათ პირის მოძრაობებს არ ემთხვევა. წინადადებები გრამატიკულად გაუმართავია, ხოლო ზოგიერთი სიტყვა დამახინჯებულადაა გადმოცემული.
თავად ფეისბუქ გვერდი Your Head, რომელსაც 12 სექტემბრის მონაცემებით, 1,3 ათასი გამომწერი ყავს, შექმნილია 28 მაისს და სილამაზე/ჯანმრთელობის კატეგორიის გვერდია. “გვერდის გამჭვირვალობის” სექციის მიხედვით, ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვიეტნამიდან იმართება. გვერდს რამდენიმე აქტიური რეკლამა აქვს, თუმცა ზურაბ გურულის ვიდეო მათ შორის არ იძებნება.

მსგავსი ხარვეზები გვხვდება გვერდი Emory Tamassia Marshack-ის ვიდეოშიც, რომელშიც ზურაბ გურული გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საკვები სოდა დიაბეტთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.
ვიდეოს დართული აქვს ვებგვერდი ge.pe-cryptowave.cfd-ის ლინკი, რომელიც ამჟამად მიუწვდომელია. DomainTools.com-ის მონაცემებით, ვებგვერდი 2025 წლის 15 მაისს შეიქმნა. გვერდის IP მისამართთან საკმაოდ ბევრი სხვა ვებგვერდია დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდის IP ლოკაცია ამერიკის შეერთებული შტატებია და ფეისბუქ გვერდს მისამართად იგივე ქვეყანა აქვს მითითებული, ის “გვერდის გამჭვირვალობის” სექციის მიხედვით ვიეტნამიდან და ინდოეთიდან იმართება. გვერდი 2023 წლის 1 ნოემბერსაა შექმნილი და ამჟამად აქტიური რეკლამები არ აქვს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მისი ყალბი ინტერვიუების შექმნას ზურაბ გურულიც გამოეხმაურა (1; 2). მან განაცხადა, რომ გავრცელებულ ვიდეოებთან არანაირი კავშირი არ აქვს არანაირი კავშირი და რომ მათ საფუძველზე “წამლის რეცეპტის თხოვნით” არაერთმა პირმა მიმართა.
“მითების დეტექტორმა” თაღლითური პოსტები, მათ შორის, ზურაბ გურულისა და ამირან გამყრელიძის გაყალბებული ვიდეოები წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. მსგავსი ყალბი ვიდეოების მიზანი ცნობილი პიროვნების სახის გამოყენებით სოციალური ქსელის მომხმარებლების ნდობის მოპოვება და მათგან პირადი ინფორმაციის გამოძალვა, ან მათთვის არარსებული/არაეფექტური პროდუქციის მიყიდვაა. ვრცლად წარსულში გავრცელებული თაღლითური ვიდეოების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს გამყრელიძე რუსთავი 2-თან პარაზიტებით ინფიცირებაზე საუბრობს
- ზურაბ გურულისა და ამირან გამყრელიძის ვიდეოფაბრიკაციებით თაღლითური პოსტები ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















