4 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა სახელწოდებით Healthy Habbits გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული პროსტატის მკურნალობის მეთოდებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სააფთიაქო წამლებით მკურნალობა სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის. ვიდეო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, მარიამ ვაშაძის წარდგენით იწყება
ამავე ვიდეოში ექიმი საუბრობს წამალზე, რომელიც, მტკიცების მიხედვით, ყველანაირ სიმპტომს სამ დღეში გააქრობს. ვიდეოს დართული აქვს ბმული, რომელზეც გვხვდება ვრცელი სტატია წამლის შესაძლებლობებზე და შეთავაზება მის შეძენასთან დაკავშირებით.

ზურაბ გურულისა და მარიამ ვაშაძის ვიდეოები გაყალბებულია და ხმა პროგრამულად, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის დამუშავებული. რეალურად, ექიმს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია და სიუჟეტი არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არ გასულა. პოსტი თაღლითურია და ფეისბუქ-მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვებას ისახავს მიზნად.
გავრცელებულ ვიდეოში შეიმჩნევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ნიშნები. Პირის მოძრაობა არ ემთხვევა წარმოთქმულ ტექსტს, ასევე, დაშვებულია არაერთი შეცდომა წინადადებების წყობაში, რაც მიუთითებს მასალის მონტაჟსა და ხმის დამუშავებაზე. ვიდეოს დასაწყისში ექიმი წარმოთქვამს გაუგებარ, მნიშვნელობას მოკლებულ სიტყვებს, რაც ხშირად ახასიათებს AI-ის მიერ გენერირებულ ხმოვან მასალას.
Ზურაბ გურულის კადრები ამოჭრილია ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გამოქვეყნებული გადაცემიდან “დროება”, რომელიც 2025 წლის ივლისში გავიდა ეთერში და ეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკას. აღნიშნული კადრები იმგვარად არის დამუშავებული და ხმა გენერირებული, თითქოს ექიმი წამალს წარადგენს.

გავრცელებულ ვიდეოში არც წერილობით და არც სიტყვიერად არ ფიგურირებს გადაცემის, სიუჟეტის ან ტელეარხის საიდენტიფიკაციო ნიშნები. ამის მიუხედავად, ვიდეოფაბრიკაციის პირველ ნაწილში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, მარიამ ვაშაძის კადრებია გამოყენებული. მსგავსი შინაარსის სიუჟეტი ტელეარხის ეთერში არ გასულა, ხარვეზებითა და გამოსახულებაზე დაკვირვებით აშკარაა, რომ ჟურნალისტის ვიდეოც ამავე მეთოდით არის გაყალბებული და ხმა ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული.
აღნიშნულ ვიდეოფაბრიკაციას თან ერთვის ბმული, რომელსაც Მომხმარებელი “ჯანდაცვის პორტალის” ლოგოს გამოყენებით გაყალბებულ, ღაღლითურ გვერდზე გადაჰყავს. ვებ-საიტზე გვხვდება სტატია, რომელიც მკითხველს ვრცელ ინფორმაციას აცნობს დასახელებული წამლის “შესაძლებლობებზე”. რეალურად, აღნიშნული ვებ-საიტი “ჯანდაცვის პორტალს” არ ეკუთვნის – ამაზე მათი დომენებიც მიუთითებს (“ჯანდაცვის პორტალის” რეალური დომენია jandacva.ge, ხოლო თაღლითური ვებ-საიტის it.ingeniousframework.live”)


ხარვეზები შესამჩნევია სტატიაშიც. გამოყენებულია საეჭვო სტატისტიკური მონაცემები, ხოლო ტექსტში ჩასმულია ინგლისური სიტყვები და დაშვებულია მარტივად შესამჩნევი გრამატიკული შეცდომები. სტატიაში მოყვანილია საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების (გია ბაღაშვილი, ზურაბ ყიფშიძე) გაყალბებული კომენტარები, რომლებშიც ისინი მოუწოდებენ მკითხველს აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისაკენ. Მათი მსგავსი განცხადება ამ წამალთან დაკავშირებით არ იძებნება.
ბმული, რომელივ ვიდეოს თან ახლავს, თაღლითურია და მიზნად ფეისბუქ-მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვებას ისახავს. სტატიის ბოლოს მომხმარებელს სთავაზობენ, სამი კარიდან ერთ-ერთი აირჩიონ და ფასდაკლება “მოიგონ”. აღნიშნულის შემდეგ შემოთავაზებულია პრეპარატის შეძენა 130 ლარად. ამის სანაცვლოდ ვებ-საიტზე ითხოვენ მომხმარებლის ტელეფონის ნომერსა და სახელს.

სქრინშოტი თაღლითური ვებ-საიტიდან
გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ თაღლითური ვებ-საიტი 2025 წლის 16 აგვისტოს არის შექმნილი და IP მისამართი რეიკიავიკშია რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზურაბ გურულის კადრებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამუშავებენ და შემდგომ თაღლითურ ვიდეოფაბრიკაციებში იყენებენ. “მითების დეტექტორმა” სხვადასხვა პრეპარატებისა თუ მკურნალობის მეთოდების შესახებ მსგავსი თაღლითური ვიდეოები წარსულშიც გადაამოწმა.
მოამზადა ელენე ხოჭოლავა
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















