27 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Georgi Tekhov გამოაქვეყნა “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დიანა ჯოჯუას ფოტო, რომელზეც დატანილია ციტატა: “საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი საზარელი გამარჯვება”. პოსტის ავტორი წერს: “საქართველოს საზარელი გამარჯვება. როგორ გაბედა საქართველოს ნაკრებმა და როგორ მოუგო კრემლის დავალებით ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებულ სახელმწიფოს ნაკრებს და დატოვა ევროპის ჩემპიონატის მიღმა, პირადად ივანიშვილის დავალებით. ქვეყნაში რუსული გამარჯვებების სერია გრძელდება”. იგივე აღწერით ფოტო ფეისბუქ-მომხმარებელმა ამირანი ფრუიძე კრემლისტური “ალტ-ინფოს” მხარდამჭერების ჯგუფში გააზიარა.
დიანა ჯოჯუას ციტატა გაყალბებულიაა. “მთავარი არხის” ჟურნალისტს საინფორმაციო გამოშვებაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებისთვის “საზარელი” არ უწოდებია.
ციტატა, რომელსაც ფეისბუქ-მომხმარებლები დიანა ჯოჯუას სახელით ავრცელებენ, გაყალბებულია. რეალურად, “მთავარი არხის” ჟურნალისტს საინფორმაციო გამოშვებაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებისთვის “საზარელი” არ უწოდებია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს 26 მარტს დაუპირისპირდა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან ამ დრომდე (28.03.2024; 14:00) დიანა ჯოჯუამ საინფორმაციო გამოშვება ერთხელ, 27 მარტის 21:00 საათზე წაიყვანა. ეთერში ჟურნალისტმა საფეხბურთო ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა, თუმცა მსგავსი შინაარსის კომენტარი არ გაუკეთებია.
“საქართველო ზეიმობს. 43 წლის შემდეგ ქვეყანა უსაზღვრო სიხარულმა და კვლავ საფეხბურთო ეიფორიამ მოიცვა. ყველაზე დაძაბული 120 წუთი და პენალტების სერია. მთელი ქვეყანა სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ისტორიული მატჩის ბოლო წუთებს, რომელმაც შეხვედრის და საქართველოს ეროვნული ნაკრების EURO 2024 წლის საგზურის ბედი გადაწყვიტა”.
“ისტორიულ საფეხბურთო წარმატებას საკუთარი გმირები ჰყავს – ფეხბურთელები, რომლებსაც არც დღემდე აკლდათ გულშემატკივრის სიყვარული, მაგრამ ამიერიდან საფეხბურთო კერპებად იქცნენ. საქართველოს გუშინდელმა თამაშმა ასევე ყველა დაარწმუნა, რომ გუნდი ერთი მექანიზმივით გამართულად მოქმედებს და სპორტმენების პროფესიონალიზმის გარდა, ამაში მწვრთნელის დამსახურებაც არის. საყოველთაო სიყვარულის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას პრაგმატული შედეგიც აქვს – მსოფლიო მედია ქართველი ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებმაც ამ გამარჯვებით საკუთარი კარიერის განვითარების ახალი შესაძლებლობაც მიიღეს . – თქვა დიანა ჯოჯუამ საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან დაკავშირებით 27 მარტის 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებაში.
საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ “მითების დეტექტორმა” ასევე გადაამოწმა პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას გაყალბებული ციტატა. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში:
წყაროების შესახებ
“მითების დეტექტორს” ფეისბუქ-მომხმარებელ ამირანი ფრუიძე-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
ყალბი ინფორმაცია წარსულში ასევე გავრცელებული აქვს ფეისბუქ-მომხმარებელ Georgi Tekhov-ს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.