2023 წლის 18-19 ოქტომბერს სხვადასხვა სოციალური ქსელის რუსულენოვანმა ანგარიშებმა და ვებსაიტებმა (1, 2, 3, 4) გერმანული სატირული ჟურნალი Titanic-ის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნეს. გარეკანი ეძღვნება მოახლოებულ ჰელოუინის დღესასწაულს. ფოტოზე ვხედავთ კარის ზღურბლთან ჩამწკრივებულ, კალათიან ადამიანებს, რომელთაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულების მქონე ნიღბები უკეთიათ, ხოლო ერთი მათგანი ეროვნულ ებრაულ ტანისსამოსშია გამოწყობილი. ამ უკანასკნელის კალათი ტკბილეულითაა სავსე, მაშინ, როდესაც ზელენსკის სახის მქონე ხელცარიელი ბიჭუნები უშედეგოდ ელოდებიან დასაჩუქრებას. ჟურნალის გარეკანზე ასევე ვხედავთ წარწერას: ‘’Dieses Mal wird es nicht genug Süßigkeit für alle geben’’, რაც ნიშნავს: ‘’ამჯერად ყველასთვის საკმარისი ტკბილეული არ იქნება’’.
გავრცელებულ პოსტებში ფოტოფაბრიკაციას ვხვდებით. სინამდვილეში, Titanic-ის სახელით გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. აღნიშნული ილუსტრაცია გერმანული გამოცემის ოფიციალურ ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში არ გამოქვეყნებულა.
ყოველთვიური ჟურნალის ბოლო ნომერის (2023/10) გარეკანის ფოტო ამა წლის 27 სექტემბერს გამოვიდა. თავად ჟურნალი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ფორმატში და მის გარეკანზე არ ვხვდებით ილუსტრაციას, რომელზეც “დასავლეთის მოწყალების” გარეშე დარჩენილი უკრაინაა გამოსახული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ილუსტრაციას არ ვხვდებით გამოცემის არც წინა ნომრებში.
ოქტომბრის ნომერი

ცნობილი დასავლური გამოცემების გარეკანის ფოტოებისა თუ კარიკატურების გაყალბება რუსული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის ნაწილია. მითების დეტექტორმა წარსულში არაერთხელ გადაამოწმა სხვადასხვა დასავლური გამოცემის, მათ შორის Titanic-ის სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
- ფეისბუქზე სატირული ჟურნალი Titanic-ის სახელით ყალბი კარიკატურა ვრცელდება
- LeMan-ის სახელით ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- ბათუმში გამართულ აქციაზე LEMAN-ის სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- Courrier International-ის სახელით უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი კარიკატურა ვრცელდება
- გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება
- როგორ აყალბებს კრემლის პროპაგანდა დასავლური გამოცემების გარეკანებს უკრაინის წინააღმდეგ
მოამზადა მარიამ ნიგურიანი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.