2 თებერვალს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV – მ (1, 2), ასევე რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელეს საპროტესტო აქციის ვიდეო, რომელშიც მომიტინგეები სკანდირებენ ფრაზას – “Зелю геть!”( ზელენსკი წადი!). აღწერის მიხედვით, კადრები კიევში ზელენსკის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს ასახავს და 1 თებერვალს არის გადაღებული.
გავრცელებული კადრები, რომელშიც მომიტინგეები Зелю геть-ს სკანდირებენ, ძველია და 2022 წლის იანვარში გამართულ აქციაზეა გადაღებული. უკრაინელები, კიევში, ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც სახელმწიფოს ღალატსა და ტერორიზმის ხელშეწყობაში იყო ბრალდებული. 2025 წელს, კიევში, ზელენსკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არ გამართულა.
2022 წლის 19 იანვარს, კიევში, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირველადი სასამართლო პროცესი გაიმართა. მას ბრალი 2021 წლის დეკემბერს სისხლის სამართლის სამი მუხლით – ტერორიზმის დაფინანსება, სახელმწიფო ღალატი და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა – წაუყენეს და ედავებიან 2014-2015 წლებში სეპარატისტებისგან დიდი რაოდენობით ქვანახშირის ყიდვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 2022 წლის 19 იანვარს, სასამართლომ პოროშენკოს აღმკვეთ ღონისძიებად პირადი ვალდებულება დააკისრა და პატიმრობა არ შეუფარდა. სასამართლოს საბოლოო განაჩენი დღემდე არ გამოუტანია.
გამოძიების თანახმად, მას შემდეგ, რაც კიევმა კონტროლი დაკარგა დასავლეთ დონბასში მდებარე ქვანახშირის საბადოებზე, უკრაინა ქვანახშირის დეფიციტს განიცდიდა და აპირებდა ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან შეეძინა. მაგრამ დეპუტატმა მედვედჩუკმა, ოპოზიციური პარტიიდან “სიცოცხლისთვის”, აღნიშნული წამოწყების ჩაგდება მოახერხა, რათა ქვანახშირი სეპარატისტებისგან შეეძინა. ამ გარიგებისთვის კი მას ხელისუფლების მფარველობა ჰქონდა.
პოროშენკომ ბრალდებები უარყო და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა უწოდა, რომელსაც მის წინააღმდეგ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა. პირველადი სასამართლო პროცესი 2022 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პროცესის პარალელურად, პოროშენკოს მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ ფრაზას “Зелю геть!”( ზელენსკი წადი!). სწორედ ამ პროტესტის ამსახველი კადრები გაავრცელა POSTV – მ აღწერით, თითქოს აღნიშნული აქცია კიევში,1 თებერვალს ჩატარდა. ამ პროტესტის კადრები უკრაინულ მედიაში ფართოდ გავრცელდა. ვიდეოებში კარგად ჩანს, რომ მომიტინგეებს პოროშენკოს პარტიის “ევროპული სოლიდარობა” დროშები უჭირავთ. POSTV – ის მიერ გავრცელებულ კადრებში დროშებს წარწერები ფარავს, თუმცა იგივე ვიდეო სხვა წყაროებშიც გავრცელდა, სადაც სიმბოლიკა უკეთ ჩანს და დროშების ვიზუალიც აღიქმება.


აღსანიშნავია, რომ ფრაზას “Зелю геть!” უკრაინელები 2019 წლის ოქტომბრის აქციაზეც სკანდირებდნენ, თუმცა, მომიტინგეებს, ამ აქციაზე პარტიის “ევროპული სოლიდარობა” დროშები არ უჭირავთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ POSTV-ის მიერ გავრცელებული კადრები 2022 წლის იანვრის აქციიდანაა. 2019 წლის ოქტომბერში უკრაინელები ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულას” აპროტესტებდნენ, რაც გულისხმობდა უკრაინის სეპარატისტული რეგიონებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას. შეთანხმების თანახმად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნები უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით და ეუთოს ზედამხედველობით თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარებულიყო, რის შემდეგაც, რეგიონს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭებოდა.
გავრცელებული ვიდეო უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Stopfake – მაც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.






















