29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელი ჯენი ბურჯანაძე, რომელიც დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს და რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლები (1; 2; 3) აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ციტატას ავრცელებდნენ, რომლის მიხედვითაც ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დადებული ხელშეკრულებების გაუქმება და უკრაინისთვის გადაცემული 300 მილიარდი დოლარის უკან დაბრუნება სურს, რადგან ის თაღლითობის მსხვერპლი გახდა და ხელშეკრულებებს სტრესის ქვეშ აწერდა ხელს.
ერთ-ერთ რუსულენოვან პოსტში დამატებით გვხვდება მტკიცება, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის მიერ ავტომატური კალმით (autopen) მოწერილ ხელშეკრულებებს, რაც მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების 92%-ია, ძალა აღარ ექნება. პოსტში ვკითხულობთ, რომ ტრამპის მიხედვით, ავტომატური კალმის გამოყენებით ბაიდენის ნაცვლად მნიშვნელოვან დოკუმენტებს სხვები აწერდნენ ხელს.


ჯო ბაიდენის ციტატა ვოლოდიმირ ზელენსკისთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ გაყალბებულია. მსგავსი ციტატა არც ბაიდენის სოციალური ქსელების გვერდებზე და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.
ბაიდენის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. მას იდენტური ან მსგავსი განცხადება არ გამოუქვეყნებია საკუთარ X-ის, ფეისბუქის ან ინსტაგრამის გვერდებზე. ამასთან, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ იძებნება ამერიკულ და საერთაშორისო რეპუტაციულ მედიაში (1; 2; 3; 4; 5).
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ყალბი ციტატა გვხვდება მიმში (meme), რომელიც რუსულენოვან იუმორისტულ საიტზე idaprikol.ru-ზე გამოქვეყნდა. მიმი შემდგომში ფეისბუქზეც გავრცელდა.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის განცხადებას ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების შესახებ, ის ნამდვილია. ტრამპმა ამ თემაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა. სოციალური ქსელი TruthSocial-ის საკუთარ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა (1; 2), რომ ბაიდენის მიერ ავტომატური კალმით (autopen, მექანიკური მოწყობილობა, რომელსაც ადამიანის ხელმოწერის რეპლიკაცია შეუძლია) ხელმოწერილი დოკუმენტები ძალადაკარგულად ითვლება. ტრამპმა ასევე გააჟღერა ბრალდება, რომ ბაიდენთან დაახლოებული პირები დოკუმენტებს ხელს მის მაგივრად აწერდნენ, რითაც მათ ბაიდენს “პრეზიდენტობა წაართვეს”.


დონალდ ტრამპს მსგავსი ბრალდებები წარსულშიც გაუჟღერებია. 2025 წლის ივნისში ტრამპმა გამოძიების დაწყება მოითხოვა, რათა დადგენილიყო, იყენებდნენ თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები ავტომატურ კალამს. ოქტომბერში წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა, რომელსაც რესპუბლიკური პარტია ხელმძღვანელობდა, გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ავტომატური კალმის გამოყენების ბრალდებაც იყო გაჟღერებული, თუმცა, ანგარიშში არ იყო წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რომ მოწყობილობას ბაიდენის მაგივრად სხვები იყენებდნენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















