განახლება: 19 ნოემბერს სტატიას დაემატა “Fox News” -ის წარმომადგენელის პასუხი, რომელმაც NewsGuard -თან უარყო ინფორმაცია, რომ საიტზე ზელენსკის აღნიშნული გრაფიტი გამოქვეყნდა.
2024 წლის 1 ნოემბერს რუსულ მედიაში (Украина.ру, rusnext.ru, vologda-poisk.ru) ასევე, ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზე გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტი, რომელზეც ზელენსკი დაჩოქილი დგას და კამალა ჰარისისთვის ხმის მიცემას ითხოვს. გრაფიტზე დატანილია წარწერა: “გთხოვთ, ხმა მიეცით ჰარისს. მეტი ფული მჭირდება!”. აღწერის მიხედვით, ზელენსკის გრაფიტის ფოტო ნიუ-იორკშია გადაღებული და ამერიკულმა მედიასაშუალება Fox News-მა გამოაქვეყნა.
Fox News-ის სახელით გავრცელებული ზელენსკის გრაფიტის ფოტო ფაბრიკაციაა. მედიას აღნიშნული ფოტო არც ვებსაიტზე და არც სოციალური ქსელის ანგარიშებზე გამოუქვეყნებია.
გავრცელებულ ფოტოებზე არ ჩანს ლოკაციის მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშანი, შესაბამისად ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა სურათს თან ერთვის Fox News-ის ლოგო. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ Fox News-ს მსგავსი ვიზუალის სურათი წარწერით; “გთხოვთ, ხმა მიეცით ჰარისს. მეტი ფული მჭირდება!” არ გაუვრცელებია. Fox News-ის ვებ-საიტზე საკვანძო სიტყვების, “Zelenskyy’s graffiti in New York” და “Please vote for Harris. I need more money!”, Zelenskyy ძებნისას მსგავსი ან იდენტური ინფორმაცია არ იძებნება. აღნიშნული ფოტო არ იძებნება არც Fox News-ის სოციალური ქსელების (Facebook, instagram, X) ანგარიშებზე.
ამ თემაზე სტატია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Stopfake-მაც მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ Fox News -ის წარმომადგენელმა – კონორ სმიტმა NewsGuard – თან უარყო ინფორმაცია, რომ საიტზე ზელენსკის აღნიშნული გრაფიტი გამოქვეყნდა.
სოციალურ მედიაში ისეთი ვიზუალური მანიპულაციები, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის ან დაცინვის მიზნით არის შექმნილი, აქტიურად ვრცელდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
აქამდე არაერთხელ გავრცელდა გრაფიტის ფოტოები ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით, რომლებიც თითქოს ნიუ-იორკის, პარიზის, ბერლინისა თუ სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქების ქუჩებში იყო გადაღებული.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიშს Oleg Dor დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.
ელენე დევიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















