13 და 14 აგვისტოს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა (იმედი (1,2;3;4); რუსთავი 2 (1;2); რეზონანსი (1;2;3); მხარე (1;2); მედიაჰოლდინგი კვირა; For.ge; ნიუსჰაბი, პრაიმ ტაიმი; რადიო სივრცე; Info 9; რეპორტიორი (1;2) Exclusive Media) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თურქულმა მედიამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კორუფციულ სქემაში ამხილა. მედიასაშუალებები Aydınlık-ს ეყრდნობიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვა კორუფციული გზით მიღებულ თანხებს, ყოველთვიურად $50 მილიონს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ კომპანიებზე რიცხავდა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სტრუქტურების NABU-სა და SAPO-ს საქმიანობის შეზღუდვა სწორედ ამ ფინანსური სქემების “ჩაფარცხვასთან” იყო დაკავშირებული;
იდენტური ინფორმაცია კრემლისტურმა მედიამაც (ria.ru; 1tv.ru; Lenta.ru; tass.ru; vesti.ru; ren.tv) გაავრცელა.
“მითების დეტექტორმა” გამოძიების ავტორების შესახებ ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეისწავლა. რეალურად, გამოცემა Aydınlık, რომელსაც ქართული პროსახელისუფლებო და კრემლისტური მედია ეყრდნობა, დაკავშირებულია თურქეთის პრორუსულ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის მასალები ხშირად ეფუძნება არასანდო ანონიმურ წყაროებს. კრემლისტური მედია აქტიურად იყენებს ხოლმე Aydınlık-ის სახელს, რათა საკუთარი დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური ამბები უცხოურ “ავტორიტეტულ” წყაროებს მიაწეროს.
Aydınlık-ში მოყვანილი ბრალდებები ეფუძნება ანონიმურ “ინფორმირებულ პირებს“ და თითქოს ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტებს, რომელთა ავთენტიკურობა არ დასტურდება. ავტორი ამტკიცებს, რომ მას ინფორმაცია უკრაინაში არსებული “ზელენსკის კორუფციული სქემით შეწუხებულმა ჯგუფებმა“ მიაწოდეს, თუმცა სტატიაში არ არის დასახელებული, თუ ვინ არიან ეს ჯგუფები. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქულ სტატიაში დასახელებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ორი კომპანიის სახელი, რეგისტრაციის ნომრები და ერთის საბანკო ანგარიში, თუმცა, სტატიაში არ ჩანს, საიდანაა მოპოვებული ეს მონაცემები, არსებობს თუ არა ოფიციალური გამოძიება ან სასამართლო დოკუმენტი, რომელიც ამ ინფორმაციის სისწორეს დაადასტურებდა.
- რა ვიცით გამოცემა Aydınlık-ის შესახებ?
Aydınlık თურქულენოვანი მედიასაშუალებაა, რომელიც პრორუსულ და ანტიდასავლურ პოზიციებს ღიად გამოხატავს. მედიასაშუალება დაკავშირებულია თურქულ პოლიტიკურ პარტიასთან Vatan Partisi, რომელიც ევრაზიისტული იდეოლოგიისაა და შესაბამისად, პრორუსულად, პროჩინურად და ანტიამერიკულად არის განწყობილი. პარტია თურქეთის NATO-დან გამოსვლას ითხოვს და თურქეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას ეწინააღმდეგება. ის ერთადერთი პოლიტიკური ძალაა თურქეთში, რომელმაც თურქეთის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, ყირიმისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვა. გარდა გამოცემა Aydınlık-ისა, პარტიასთან ასევე დაკავშირებულია ონლაინ-მედიასაშუალება Ulusal Kanal. წარსულში Aydınlık-ის რედაქტორის, სამეთ ჯან კოჯაგურის სტატიები რუსეთის “სიდიადეზე“ ხშირად გამოჩენილა რუსულ პროპაგანდისტულ წყაროებში. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის სათაურია: “რუსეთს შეუძლია, შეერთებულ შტატებში შუქი გამორთოს”.
Aydınlık-ს არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაციული და დაუდასტურებელი ცნობები უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ, რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების სასარგებლოდ. პარტიის ლიდერ დოღუ ფერინჩექს ახლო ურთიერთობა აქვს რუსულ ულტრა-ნაციონალისტურ წრეებთან, მათ შორის, ალექსანდრ დუგინთან. Aydınlık და ონლაინ პლატფორმა Ulusal Kanal აქტიურად ტირაჟირებენ კრემლის პოზიციებს.

“მითების დეტექტორს” წარსულში გადამოწმებული აქვს თურქული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია უკრაინასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, Aydınlık უარყოფდა ბუჩაში მომხდარ ტრაგედიას და ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების მტკიცებულებებს – ამტკიცებდა, რომ სატელიტის ფოტოები, რომლითაც “რუსეთს ადანაშაულებდნენ”, რუსული ჯარის მიერ ქალაქის დატოვებიდან 2 დღეში იყო გადაღებული. თურქული მედიის დეზინფორმაციული მტკიცება კრემლისტურმა მედიამ ამ შემთხვევაშიც გააშუქა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ერთადერთი თემა არაა, რომლის ირგვლივაც Aydınlık-ს დეზინფორმაცია გაუვრცელებია. თურქეთში დაფუძნებულმა დამოუკიდებელმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Teyit-მა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცებები წარსულში რამდენიმეჯერ გამოავლინა (1;2).
Aydınlık საკუთარ მასალებში ხშირად იშველიებს ე.წ. “ადგილობრივ წყაროებს“, რომლებიც ანონიმურობას ინარჩუნებენ. მაგალითად, ერთ-ერთ მასალაში წყაროდ დასახელდა ვებგვერდი Lekolin.org, რომელიც დაკავშირებულია ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK), ჯგუფთან, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. საიტზე ასევე არ იყო მითითებული გამოცემის, ავტორების შესახებ ინფორმაცია. მედია ამტკიცებდა, რომ უკრაინის წარმომადგენლები სირიაში ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა უპილოტო საფრენ აპარატებზე მოლაპარაკებები ეწარმოებინათ.

უკრაინის “დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის“ მიხედვით, Aydınlık რუსული პროპაგანდის სტრუქტურაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სქემა ასე მუშაობს: Aydınlık ავრცელებს სენსაციურ მასალას, გამოძიებას, კრემლისტური მედია კი მას ციტირებს, როგორც “თურქული მედიასაშუალების სენსაციას“. ამის შემდეგ “უცხოური დამოუკიდებელი მედიის” მიერ მოპოვებული ინფორმაცია უკვე სხვა ქვეყნებში ვრცელდება. სწორედ ასე იქმნება სანდოობის ილუზია და ხშირად ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან მანიპულაციური ამბავი საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში აღწევს.რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებას კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ, “უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი” აცხადებს, რომ Aydınlık-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებული მტკიცებულება არ არსებობს და რომ გამოცემა მჭიდრო კავშირშია კრემლისტური ორიენტაციის თურქულ პარტიასთან.



















