რუსულენოვანი ონლაინ გამოცემები (1, 2) და სოციალური მედიის ანგარიშები (1, 2) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კარიკატურულ გრაფიტის ფოტოს ავრცელებენ. აღწერების მიხედვით, გრაფიტის სახელწოდებაა “ამერიკის ბიუჯეტი” და ის ასახავს, რომ კალიის ფორმაში გამოსახული ზელენსკი აშშ-ის ბიუჯეტით იკვებება. ავტორების მტკიცებით, გრაფიტი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში დახატეს.
9 ნაწილად დაყოფილი იდენტური ვიზუალი ინსტაგრამ ანგარიშზე Typicaloptical-მა გამოაქვეყნა.
გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მსგავსი გრაფიტი არ გვხვდება. ფოტოს შესაბამისი ლოკაციის დადგენის შემდეგ, 13 იანვარს ცენტრალურ პარკში გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი გრაფიტი დახატული არ არის.
Typicaloptical-ს ფოტოს გადაღების ადგილად ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი აქვს მითითებული.
გეოლოკაციის დახმარებით შესაძლებელი გახდა, რომ ზუსტი ადგილის იდენტიფიცირება მოგვეხდინა.
ეს ადგილი Central Drive-ზე მდებარეობს, ხოლო Google Earth-ში ქუჩის ხედი ასე გამოიყურება:
13 იანვარს “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმებას ადგილზე შეეცადა. Beauty Lab-ის დამფუძნებელმა და The New School-ის მედია მენეჯმენტის პროგრამის მაგისტრანტმა ქეთა ბაღაშვილმა ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა და ფოტო და ვიდეოს საშუალებით დაუდასტურა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი გრაფიტი დახატული არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონური სააგენტო Donutstudio.pl-ის 3D მხატვრობის სპეციალისტების მიხედვით, 3D სტილის გრაფიტის წაშლის შემდეგაც კი ზედაპირზე მისი კვალი რჩება, ამ შემთხვევაში კი ასფალტზე ამგვარი კვალი არ იკვეთება.
ხაზგასასმელია, რომ ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა ინსტაგრამ ანგარიში Typicaloptical სხვადასხვა დასავლურ ქალაქში გადაღებულ ზელენსკის გრაფიტის პროგრამულად დამუშავებულ ყალბ ფოტოს აქვეყნებს. საინტერესოა, რომ ამ ინსტაგრამ ანგარიშზე ყალბი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ რუსულენოვანი პროპაგანდისტული მედიები და სოციალური ქსელის მომხარებლები ფოტოებს წინა შემთხვევებშიც აქტიურად ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- კრემლის მედია ზელენსკის გამოსახულებით პარიზში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
- კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.