21 ოქტომბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა გერმანული Handelsblatt-ის გარეკანის ფოტო, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის, ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის კარიკატურებია გამოსახული. ფოტოზე სასოწარკვეთილი ზელენსკი ბაიდენისა და შოლცის კარზე ნაჯახით აკაკუნებს, ბაიდენი და შოლცი კი მისგან იმალებიან.
სურათს თან ერთვის სათაური: „ზელენსკი ვარ!; რატომ არიდებენ თავს ბაიდენი და შოლცი ზელენსკის?“
სოციალურ მედიაში გავრცელებული Handelsblatt-ის გარეკანი გაყალბებულია. ავთენტიკური გარეკანი, რომელიც 17 ოქტომბერს გამოიცა, სრულიად განსხვავდება გავრცელებული ვერსიისგან. ჟურნალის არც ერთ ნომერში, არც 17 ოქტომბერს და არც მანამდე თუ შემდეგ, მსგავსი გარეკანი არ გამოქვეყნებულა.
სურათზე ნაჩვენები გარეკანი, რომელიც თითქოს Handelsblatt-ის 17 ოქტომბრის გამოცემიდანაა (გამოცემა N202), სინამდვილეში გაყალბებულია. რეალური გარეკანი N202 18 ოქტომბრით თარიღდება და იგი სრულიად განსხვავდება აღნიშნული ვერსიისგან.

17 ოქტომბრის ნომრის გარეკანი რეალურად შეიცავს ინფორმაციას “უკრაინის გამარჯვების გეგმის” შესახებ, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტს წარუდგინა. გეგმა ითვალისწინებს რუსეთის აგრესიის შეჩერებას, რაც მიიღწევა უკრაინის ნატოში გაწევრიანებითა და დასავლეთის მიერ მიწოდებული შორი მანძილის იარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლების მინიჭებით.
გაყალბებული გარეკანის მიზანია ვოლოდიმირ ზელენსკის სასოწარკვეთილი და აგრესიული სახით წარმოჩენა, თითქოს ბაიდენი და შოლცი მასთან ურთიერთობას ერიდებიან და უკრაინისთვის დახმარებაზე უარს ამბობენ.
ჟურნალის N202-ის გარეკანი კი უკრაინასთან კავშირში საერთოდ არ არის და ფინანსურ თემებს ეხება: „აქციონები, უძრავი ქონება, ობლიგაციები: როგორ აქციოთ თქვენი ოცნება კაპიტალის მოგებით შემოსავალზე რეალობად“.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ გარეკანს არ ვხვდებით handelsblatt.com-ზე გამოქვეყნებული ნომრების არქივში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Handelsblatt-ის გარეკანი უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით გაყალბდა. 2023 წლის ივნისსა და აგვისტოში ‘მითების დეტექტორმა” ორი გაყალბებული გარეკანი აღმოაჩინა ( 1, 2). ერთი მათგანი უკრაინის კონტრშეტევის დისკრედიტაციის მიზნით იყო შექმნილი, რომელიც იმ დროს დაიწყო, ხოლო მეორე უკრაინის კურსკის რეგიონზე შეტევას მარცხად წარმოაჩენდა.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ-ანგარიში „Андрей Шевцов“ ხშირად ავრცელებს პოსტებს, რომელთა მიზანი ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი პოლიტიკის დისკრედიტაციაა. აღნიშნულ ანგარიშს დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია.
მოამზადა ნუცა სპარსიაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















