5 მარტს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია “იმედის” გადაცემა იმედი LIVE-ის სტუმარმა, “ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკმა ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ახსენა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ მან 2022 წელს, თბილისში ერთ-ერთ დემონსტრაციაზე, საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდება მოითხოვა.
გია ვოლსკი (3:25): “2020 წელს ეს [რევოლუცია] წარუმატებლად დამთავრდა. 2021 წელს შარლ მიშელის დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, ხუთი კომიტეტის გადაცემისთვის ვიყავით მზად, მაგრამ არ მიიღეს, იმიტომ, რომ რევოლუცია იყო გეგმაში და სააკაშვილის ჩამოსვლის და სხვადასხვა პერიპეტიები გახსოვთ. 2022 წელი, ომი დაიწყო, ზელენსკი გამოვიდა ჩვენ მიტინგზე ტელევიზიით და მიმართა, რომ უნდა ჩამოვაგდოთ ხელისუფლება, თვითმფრინავები გამოგზავნეს. შემდეგ მოხდა ეს კანდიდატის თემა.”
მცდარია ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ გია ვოლსკის მტკიცება, თითქოს მან 2022 წელს საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდება მოითხოვა. უკრაინის პრეზიდენტმა თბილისში შეკრებილ დემონსტრანტებს ორჯერ მიმართა, თუმცა არც ერთხელ გამოსულა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ჩამოგდების განცხადებით. მან საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
2022 წლის 4 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა მსოფლიოს ხუთ ქალაქს, სადაც ომის დაწყების დღიდან უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა. მათ შორის იყო თბილისიც. ზელენსკის მაშინდელი მიმართვა უკრაინასა და მსოფლიოს შეეხებოდა და ქართული პოლიტიკის შესახებ მას არ უსაუბრია. პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინელები საკუთარ მიწასა და მთლიან ევროპას იცავენ, მათი მხარდაჭერა კი მნიშვნელოვანია. მიმართვის დასაწყისში ზელენსკიმ და დემონსტრანტებმა დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოს დაცვისას დაღუპულ მეომრებს.
მომდევნო აქცია, რომელზეც დემონსტრანტებს ზელენსკიმ სიტყვით მიმართა, 2022 წლის 24 ივნისს თბილისში გაიმართა. ამავე თვეში რამდენიმე მასშტაბური შეკრება მოეწყო, აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე მოქალაქეები. აქციამდე ერთი დღით ადრე, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისა და მოლდოვისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა, საქართველოსთვის კი – წევრობის პერსპექტივა. 24 ივნისის მიმართვაში ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის შესახებ ისაუბრა, ასევე ახსენა ქართველებიც, რომელიც უკრაინაში იბრძვიან. “მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათ ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება,” – თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დონბასი და ყირიმი უკრაინაა, ისევე როგორც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – საქართველო. “უკრაინა და საქართველო ერთად მუდამ. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას,” – ამგვარად დაასრულა პრეზიდენტმა თბილისში დემონსტრანტებისთვის მიმართვა.
-
რას წერდა და ამბობდა ზელენსკი ომის დაწყებიდან საქართველოს ხელისუფლებაზე?
უკრაინის პრეზიდენტის სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია პოსტი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდებასა და ცვლილებაზე იქნებოდა საუბარი. მსგავსი განცხადება არც ქართულ და უცხოურ მედიაში იძებნება. ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი 2023-2024 წლებში კომენტარს არ აკეთებდა საქართველოში ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებულ აქციებზე.
2022 წლის 26 თებერვალს პრეზიდენტი ზელენსკი პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ ხალხმრავალ დემონსტრაციას. მან მადლობა გადაუხადა შეკრებილებს და დაწერა, რომ “არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები.”
ზელენსკიმ თავის სოციალურ ქსელში სამომავლო უსაფრთხოების გეგმაზე წერისას საქართველოც ახსენა. მისი აზრით, აღნიშნული გეგმა ახალ შესაძლებლობებს გააჩენს სამხრეთ კავკასიაშიც და ის საქართველოსთვის შანსი იქნება აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. 2022-2023 წლებში მან რამდენიმე პოსტი მიუძღვნა სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციასაც (1, 2, 3, 4) და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს არაერთხელ გადაუხადა მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის. 2023 წელს ზელენსკიმ საქრთველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ვიდეომიმართვაც ჩაწერა და მოქალაქეებს უსურვა თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში ცხოვრება. “გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს,” – ამბობს ზელენსკი მიმართვის დასასრულს. გასული წლის ბოლოს მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკასაც პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენჯერმე გამოეხმაურა თბილისში ნოემბერ-დეკემბერში გამართულ მასშტაბურ პროევროპულ დემონსტრაციებს, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებას მოჰყვა. “ის, რაც ხდება საქართველოში, არ არის მხოლოდ ჩვენს რეგიონში ერთი ქვეყნის გამოწვევა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ უბიძგებს. სამარცხვინოა იმის ნახვა, თუ რა ნაბიჯებს დგამენ ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ,” – თქვა ზელენსკიმ. 2024 წლის 19 დეკემბერს ის სიტყვით გამოვიდა ევროპული საბჭოს სხდომაზეც, სადაც “ქართულ ოცნებასა” და განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის გაზრდა მოითხოვა. ზელენსკიმ საქართველოს შესახებ თქვა: “მოგიწოდებთ მოახდინოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილზე და მის ახლო გარემოცვაზე, რათა მათ არ მიიღონ სარგებელი საქართველოს ევროპული მომავლის მოპარვითა და ათეულობით წლის პროგრესის გაფლანგვით.”
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ “ქართული ოცნების” პროპაგანდა პრეზიდენტ ზელენსკისა და სხვა უკრაინელ პოლიციელებს დაუპირისპირდა. საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად საუბრობდა ე.წ. მეორე ფრონტზე და იმეორებდა, რომ უკრაინელ და დასავლერ მმართველებს, ასევე ქართველ ოპოზიციონერებს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამ სურვილს კი “უკრაინიზაციის გეგმას” უწოდებდა. ამავე პრიოდში ირაკლი კობახიძე ინიციატივითაც გამოვიდა, რომ პლებისციტი ჩატარებულიყო “მეორე ფრონტის” გახსნის შესახებ. ეს საკითხი “ქართული ოცნების” დღის წესრიგში კვლავაც რჩება და პროპაგანდისტული გზავნილების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელია.
ანტიუკრაინული განწყობების გასაძლიერებლად “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული და პრორუსი აქტორები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლელი ლიდერები საქართველოში ომის დაწყების მოწოდებით გამოდიოდნენ. პროპაგანდის თანახმად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, წნეხის მიუხედავად, მშვიდობის შენარჩუნება მოახერხა, ხოლო ხელისუფლებაში რომ ოპოზიციური პარტიები ყოფილიყვნენ, მოწოდებას დაჰყვებოდნენ და “მეორე ფრონტს” გახსნიდნენ.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.