2025 წლის 25 თებერვალს, ფეისბუკის ანონიმურ რუსულენოვან ანგარიშზე სატელეფონო აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უცნობ პირს ესაუბრება და ომის დაწყებამდე მშობლების ქვეყნიდან გაყვანას სთხოვს. ის ამბობს, რომ რუსეთი 16 თებერვალს არ შემოიჭრა, თუმცა, პარტნიორების ინფორმაციით, 22 თებერვლის შემდეგ მოსალოდნელია თავდასხმა. ზელენსკი მის მოსაუბრეს სთხოვს, რომ ესპანეთში ან კარიბებზე გადაიყვანოს მშობლები, სადაც ახლა სითბო იქნება. გავრცელებული პოსტის მიხედვით, სატელეფონო საუბარი 2022 წლის 16 თებერვალს შედგა.
ვიდეო თავდაპირველად 2022 წლის 18 თებერვალს უკრაინის “რადას” დეპუტატმა, რენატ კუზმინმა ტელეგრამ-არხ Женщина с косой – ზე დაყრდნობით გაავრცელა.
სატელეფონო საუბარი, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი მშობლების ქვეყნიდან გაყვანას გეგმავს, გაყალბებულია და სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტია გამოყენებული. “მითების დეტექტორმა” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებით დაადგინა, რომ აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი არ შემდგარა.
Hiya-ს შედეგები
“მითების დეტექტორმა” ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ავთენტიკურობის დასადგენად რამდენიმე ხელსაწყო გამოიყენა. InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს თანახმად, ჩანაწერი 73 %-ით ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკაზე ვიზუალურადაა ნაჩვენები 1:04 წამიან ვიდეოში AI-ის გენერირების დიაპაზონი წამების მიხედვით.
“მითების დეტექტორი” დიპფეიკების ანალიზის პლატფორმას Deepfakes Analysis Unit – საც დაუკავშირდა. მათ აუდიო ჩანაწერი რამდენიმე ხელსაწყოს – Hive AI-ის აუდიო დეტექტორისა და Hiya -ის მეშვეობით გადაამოწმეს,ასევე გამოიყენეს ხმის ამომცნობი პარტნიორი ხელსაწყოს Contrails AI – ის ანალიზიც.
Hive AI-ის აუდიო დეტექტორის შედეგები
Hive AI-ის აუდიო დეტექტორის ხელსაწყო ადგენს არის თუ არა აუდიო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აუდიოს ფონზე ხმაური ისმის, აღნიშნულ პლატფორმას გაუჭირდა ზუსტი დადგენა ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული თუ არა. აუდიო დეტექტორმა ფაილი 10 – წამიან მონაკვეთებად დაყო და თითოეულ მონაკვეთზე განსხავვებული სურათი მოგვცა.
ჩვენგან დამოუკიდებლად, ორგანიზაციამ თავადაც გააანალიზა აუდიო Hiya-ს ხელსაწყოში და მასში რეალური ადამიანის მონაწილეობის კვალი შეამოწმა. ამ კონკრეტულ ვიდეოში კი Deepfakes Analysis Unit – ის მიხედვით, რეალური ადამიანის ხმა 22 % იყო და დიდია იმის ალბათობა, რომ მასალა ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.
ConTrails-ის შედეგი
აუდიო ჩანაწერი Deepfakes Analysis Unit – ის პარტნიორ პლატფორმაზე ConTrails გადამოწმდა. ამ ხელსაწყოს მიხედვითაც, მხოლოდ 37.31 % არის იმის ალბათობა, რომ აუდიო ნამდვილია. მათი საბოლოო ვერდიქტის მიხედვით, ჩანაწერი გაყალბებულია.
WITNESS-ის გუნდის ანალიზი
“მითების დეტექტორმა” WITNESS – ის გუნდსაც მიმართა, რომელიც ვიზუალური და აუდიო მასალების ავთენტიკურობი დადგენაზე მუშაობს. ზელენსკის სატელეფონო საუბარი WITNESS -ის ორმა გუნდა გადაამოწმა. პირველი გუნდის თანახმად, AI გენერირების კვალი არ გამოიკვეთა, თუმცა, სავარაუდოა, რომ აუდიო დამუშავებულია მაღალგამტარი ფილტრის საშუალებით და გამოყენებულია მანიპულირების სხვა ტექნიკა.
WITNESS – ის მეორე გუნდმა ავთენტიკურობის დასადგენად აუდიო პრეზიდენტ ზელენსკის 10 სხვა გამოსვლას შეადარა. პროცესში ხმის ამომცნობი ორი ინსტრუმენტი გამოიყენეს, რომლის მიხედვითად, დიდი ალბათობით, ჩანაწერი გაყალბებულია.
აღსანიშნავია, რომ აუდიო დაბალი ხარისხისაა, რაც ხმის ამომცნობ საშუალებებს ურთულებს ზუსტი შედეგის მიღების პროცესს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.