30 ოქტომბერს რუსულენოვან ფეისბუქ-ჯგუფში გავრცელდა პოსტი, რომლის მიხედვითაც ამერიკელი წამყვანები ეთერში უკრაინის დანაკარგებზე გასული სიუჟეტის პარალელურად იცინიან. სქრინშოტის მიხედვით, სტუდიაში ეკრანზე საფლავებზე აღმართული უკრაინული დროშები ჩანს. კადრში ჩანს წარწერაც: “პენტაგონი შეშფოთებულია მასობრივი დანაკარგებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში”.
იგივე მტკიცება თანდართულ ვიდეოსთან ერთად წარსულში სხვა ფეისბუქ და ტელეგრამ ანგარიშებზეც ვრცელდებოდა (1;2).

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია. ვიდეოფაბრიკაციაში ეკრანზე გამოსახულება შეცვლილია. გადაცემაში რუსეთ-უკრაინის ომზე არ საუბრობდნენ და ეკრანზე არც საფლავები ჩანდა. წამყვანების რეაქცია ერთ-ერთი მათგანის მიერ დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია, რომელიც უკრაინას არ უკავშირდება.
ვიდეოს დართული აქვს ტელევიზია KMA X31-ის ლოგო და პროგრამის სახელი: “Good Day”. ტელევიზია CBS ჯგუფის ნაწილია. მათი ვებ-საიტის გადამოწმებით სიუჟეტს, რომელიც ომში უკრაინის დანაკარგების გამო პენტაგონის შეშფოთებაზე გვაწვდის ინფორმაციას, ვერ მივაკვლიეთ.
ვიდეოფაბრიკაციის შესაქმნელად გამოყენებულია Good Day Sacramento-ს 2019 წლის ჩანაწერი, რომელიც გამოქვეყნებულია ტელეშოუს ოფიციალურ YouTube არხზე სათაურით „Blooper of the Day“ (“დღის შეცდომა“). ვიდეოში წამყვანი მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობს, რა დროსაც სიტყვა Visibility-ის ნაცვლად შეცდომით იყენებს სიტყვას Disability. სწორედ სიტყვის არასწორად წარმოთქმას მოჰყვა მისი და კოლეგების სიცილი.
აღნიშნულ მონაკვეთში ეკრანზე ჩანდა წარწერა “Holiday Travel” და არა ხარკოვში უკრაინელი ჯარისკაცების საფლავები. რუსეთ-უკრაინის ომის ან უკრაინის დანაკარგების შესახებ ამ მონაკვეთში საუბარი არ ყოფილა და შესაბამისი გამოსახულება არც ეკრანზე გამოჩენილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოფაბრიკაციაში ასევე დამატებულია ტექსტი “პენტაგონი შეშფოთებულია მასობრივი დანაკარგებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში” და ისეა წარმოჩენილი, თითქოს აღნიშნულ საკითხზე გადიოდა სიუჟეტი. რეალურად, ორიგინალ ვიდეოში ეკრანის ქვედა ნაწილში მსგავსი წარწერა არ ყოფილა.


ვიდეო ასევე გადაამოწმა ფაქტების გადამმოწმებელმა უკრაინულმა ორგანიზაცია Stopfake-მა.
მოამზადა ქეთევან კუპრეიშვილმა
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















