9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა იმედი LIVE-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდეს, ხელში იარაღი აეღოთ და ხელისუფლება ჩამოეგდოთ.
გიორგი ვოლსკი: “საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ საქართველოში და ახალგაზრდებს მოუწოდეს, რომ დაეტაკნენ… აიღონ იარაღი ხელში და ჩამოაგდონ ხელისუფლება.” (28:10)
გიორგი ვოლსკის მტკიცება დეზინფორმაციულია. მაისში საქართველოში ჩამოსულ ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მსგავსი მოწოდება არ გაუჟღერებიათ. ასევე, იარაღის ხელში აღების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ არც ნოემბერში სტუმრად მყოფ ევროპელ პარლამენტარებს.
-
საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა აქციაზე
ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს 2024 წლის მაისში სტუმრობდნენ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციას ესტონეთის, ლიეტივუსა და ისლანდიის წარმომადგენლები შეუერთდნენ და მოქალაქეებს მიმართეს. არცერთი მათგანის სიტყვით გამოსვლაში იარაღის ხელში აღებისკენ მოწოდება არ გვხვდება. გთავაზობთ საგარეო საქმეთა მინისტრების სრულ განცხადებებს, რომლებიც მაისში საპროტესტო აქციებზე გააკეთეს:
გაბრიელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი):
“ძმებო და დებო, მინდა, ნათლად განვუცხადო ქართველ ხალხს და ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასაც, პარლამენტს, პოლიციას, სამხედროებს, მასწავლებლებს, ექიმებს და ადამიანებს ქუჩაში. მე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ვარ საქართველოს მხარეს, ვარ ევროპული საქართველოს მხარეს. არც ისე დიდი ხნის წინ ყველა ჩვენ, ქართველები, უკრაინელები, ესტონელები, ლატვიელები, ლიტველები, გამოვედით რკინის ფარდიდან და ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც გაერო და ნატო ჯერ კიდევ შორს იყო და წამოვიღეთ მხოლოდ ჩვენი იტორია, ჩვენი კულრურა და ჩვენი ენები. ვთქვით, რომს აკმარისია ეს წამება, ეს ყველაფერი, რაც იყო, რომ საჭიროა წესები, რომელბიც ადამიანის უფლებებს დააყენებდა ცენტრში. ჩვენ ყველას გვქონდა სხვადასხვაგვარი გზა. ჩვენ ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან ჩენს მიზნებსა და შესაძლებლობებში. 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს ბალტიის ქვეყნები იყვნენ თქვენთან და ბევრმა ჩვენგანმა დაიჯერა, რომ საქართველოს შეეძლო, ეს გზა კარგად გაევლო, როდესაც უკრაინელები ფეხზე დადგნენ ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, იგივე იყო. ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენ ვწყვეტთ საკუტარ ბედს და რომ ისტორია იქ არ მთავრდებოდა. მოსკოვს აქვს ცოტა ინტერესი, რომ ნახოს კეთილი ბოლო მა ყველაფრის და უნდა, რომ ჩვენ კითხვებს ვუსვამდეთ საკუთარ თავს. ჩვენ ერთად ვდგავართ იმიტომ, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები. ისევე, როგორც ქართველ ხალხს, ლიტველ ხალხს აქვს მრწამსი ევროპული ღირებულებების. უკრაინელები კვდებიან ყოცელდღე ევროპის თავისუფლებისთვის. ბელარუსებს აქვთ ოცნება, რომ ილაპრაკონ, ამოიღონ ხმა KGB-ის თვალყურის [დევნების] გარეშე. მე არ მინდა საქართველოსთვის ეს მომავალი. მე მინდა ქართველი ხალხისთვი მომავალი, სადაც ევროპული მომავალი გარანტირებული იქნება. ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, მაგრმა ყველა ჩვენგანმა უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი. ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათია და ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ღიად, თუ რას ნიშნავს ეს პოლიტიკა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სწორედ ამიტომ ვსვამ კითხვას – სად მივდივართ?” [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
მარგუს ცაჰკნა (ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი):
“ქართველო ხალხო, მე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ და ჩამოგიტანეთ ყველაზე თბილი, ძლიერი და კეთილი სურვილები ესტონელი ხალხისგან – თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენი ერები ძალიან კარგად არის დაკავშირებული, ჩვენ იმდენი რამე გვაქვს საერთო, იმიტომ, რომ ერთ ისტორიას ვიზიარებთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის თავისუფლების ფასი და ვიცით, რომ თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერს აქვს უფლება, ტავად გადაწყვიტოს, სად იყოს, რა ღირებულებები ჰქონდეს და რა ღირებულებები დიაცვას. მე ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა და ჩვენ გადავწყვიტეთ ერთი და იგივე ღირებულებები გვქობდეს დემოკრატიის და ჩვენი თავისუფლების. როდესაც ესტონეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა 1991 წელს, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველამ ერთად, როგორც ერმა, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრებმა ჩვენი კურსი და ამ გზაზე არასდროს ვიქნებით მარტო. როგორც თქვენ ამბობთ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეერთიანებინა ძალები ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლისკენ და ჩვენ ახლა ორივე ამ ორგანიზაციის წევრები ვართ. ამ წევრობის გარეშე, მინდა გითხრათ, რომ მე ერ ვიდგებოდი დღეს თქვენ წინაშე, როგორც თავისუფალი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს თავისუფლების დაკარგვა, როდესაც კარგავ არჩევანის თავისუფლებას, სად გინდა, იყო, რა ღირებულებებს იცავ, ჩვენ ეს ვიცით, ქართველო ხალხო, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ თქვენთან ერთად და თქვენ მარტო აღარასოდეს იქნებით. თქვენ, როგორც ერმა, გადწყვიტეთ თქვენი გზა ევროპისკენ და ეს არის თქვენი ღირსეული ადგილი. ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ეს გზა გაგრძელდეს”. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი (ისლანდიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი):
“მე ვარ აქ, რომ გაჩვენოთ ჩვენი საერთო სოლიდარობა საქართველოს მისწრაფებების მიმართ. მე მოვდივარ ძალიან პატარა ქვეყნიდან, რომელსაც ძალიან განსხვავებული ისტორია აქვს ამ გზაზე. მაგრამ თავისუფლების ფასეულობები, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის არის ის, რაც ფუნდამენტს ქმნის ჩვენს საერთო ღირებულებებზე, რასაც მოაქვს მშვიდობა და რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ ვიყავით პატარა ერი, რომელმაც გაიარა რთული გზა, მაგრამ დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, იმის სათქმელად, რომ ტქვენ არ ხართ მარტო და თქვენ გაქვთ ჩვენი პატივისცემა”. [ფორმულას სინქონული თარგმანი]
ამრიგად, ციტატებით ნათელი ხდება, რომ პოლიტიკოსებს იარაღის აღებისკენ მოწოდება არ გაუკეთებიათ.
-
ევროპელი პარლამენტარების გამოსვლა აქციაზე
საქართველოში ევროპელი პარლამენტარები, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები სტუმრად ნოემბერში იმყოფებოდნენ. 11 ნოემბერს ისინი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდნენ. საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. სიტყვით გამოსვლისას იარაღის ხელში აღებისკენ მოწოდება არც მათ გაუჟღერებიათ.
მიხაილ როთი (ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე):
“ჩემო მეგობრებო, პატივცემულო კოლეგებო, ძალიან მოხარულები ვართ, რომ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქში. ჩვენ გვსიამოვნებს თქვენი სტუმართმასპინძლობა. რეალურად, ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მთავრობაში დიდად კმაყოფილი არ არის ჩვენი ვიზიტით, მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მეგობრები, რომელიც ფაქტიურად ევროპის ცენტრია დღეს, ეს არის თქვენი ადგილი და თქვენ ამას იმსახურებთ. ისინი გვაკრიტიკებენ, თითქოს ვერევით თქვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს არის ჩარევა?! ჩემთვის, თქვენმა მამაცმა პრეზიდენტმა, ქალმა, რომელიც ერთგულია ევროპის თქვენთან ერთად იბრძვის ნათელი და ამაყი მომავლისთვის თქვენი ქვეყნისა. ჩარევას ეძახით, რომ თქვენ გხვდებით, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვით ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს ჩარევა არ გახლავთ, ეს არის ერთიანი მომავალი, გაერთიანებულ ევროპაში. იმიტომ ვართ აქ, რომ გვინდა მოგიწოდოთ, მხარი დაგიჭიროთ, დაგეხმაროთ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად ვიცი ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები ბრძანდებით, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ სოლიდარობის გამოხატვაში. მე სრულად ვეთანხმები მართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს გლობალურ ომის პარტიას, დიახ ასეთი გლობალური ომის პარტია ნამდვილად არსებობს, ეს გლობალური ომის პარტია გახლავთ არა საფრთხე თქვენთვის, ამაყი ქართველებისთვის, ეს გლობალური ომის პარტია გახლავთ საფრთხე ჩვენი ბალტიისპირეთის მეგობრებისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, სკანდინავიის ქვეყნებისთვის, ესპანეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის. გლობალური ომის პარტია არის რუსეთი, რუსული იმპერიალიზმი. ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ ჩვენი მეგობრები უკრაინაში არ გაიმარჯვებენ, როგორც თავისუფალი დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა, თქვენ იქნებით შემდეგი, მოლდოვა იქნება შემდეგი, სომხეთი იქნება შემდეგი, ჩვენი პოლონელი მეგობრები იქნებიან შემდეგი, ჩვენი ბალტიელი მეგობრები იქნებიან შემდეგი. ჩვენ ისტორიის ერთი მიმართულებით მივდივართ, ჩვენ ვიბრძვით რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ, ევროპის კავშირი გადავრჩებით. ამიტომაც ვართ აქ, სოლიდარობის გამოსახატად, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს და არა დაგვყოს. არასწორია დააშინო საქართველოს ახალგაზრდა თაობა, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ამას არაფერი ესაქმება ევროპულ ღირებულებებთან. მე მაქ გამოცდილება, ვმუშაობდი ოპოზიციაში და ვმუშაობდი მთავრობაში, მე ველი ოპოზიციისგან იმას, რომ ოპოზიციამ უნდა აკრიტიკოს მთავრობა, ეს არის არსი დემოკრატიის. მე თქვენი იმედი მაქვს, შეიძლება, ეს ჩემი ბოლო ვიზიტი იყოს საქართველოში, იმიტომ რომ მე პოლიტიკიდან მივდივარ, იმედი მაქვს, დავბრუნდები, როგორც საქართველოს მეგობარი. აი, ამ შავბნელ დროს მინდა შეგახსენოთ, რომ მისია შესრულებულია, დემოკრატია ცოცხალია, არა მმართველი პარტიის გამო, არამედ თქვენ გამო. მაგრამ, გული მწდება მოგახსენოთ, რომ ლიბერალურ დემოკრატიაში არასდროს უნდა თქვა, რომ მისია შესრულებულია, ეს არის დაუსრულებელი პროექტი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის, ყოველდღე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია და თავისუფლება უნივერსიტეტებში, ბიზნესში, ოჯახში, პოლიტიკაში, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ არ დანებდეთ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. კიდევ ერთი კილომეტრი გაიარეთ ერთიანი ევროპისკენ, ჩვენ გვჭირდებით, თქვენი ადგილი ევროპის ცენტრშია. ძალიან დიდი მადლობა! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას! [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის ვიცე სპიკერი):
“ვიღაცას სურს, წაგართვათ თავისუფლება, ვიღაცას სურს, წაგართვათ დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში. არ დანებდეთ, იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის. იბრძოლეთ დემოკრატიისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში, და გახსოვდეთ, რომ არ არის ე.წ. ორბანის გზა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ამ ევროპის ნაწილი. არის ესტონეთის გზა, პოლონეთის გზა, გერმანული გზა, ფრანგული გზა. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესოები, ვინც მოხვდება ევროპაში. ამიტომ უნდა უნდა გაგაჩნდეთ გეგმა, უნდა იმუშაოთ მასზე. იმიტომ, რომ ნაჩუქარი თავისუფლება არ არსებობს, უნდა მოიპოვოთ 24 საათიანი სამუშაოთი ეს თავისუფლება, და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ გზაზე თქვენთან. თქვენ ხართ ევროპა!” [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
ერიკ ოტოსონი (შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე):
“მოგესალმები საქართველო, მივესალმები ევროპას! ძალზე მადლიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ. ჩემი პოლიტიკური გამოცდილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როდესაც საქართველოს მოსახლეობა წინ აღუდგა რუსულ აგრესიას. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხალხის მედეგობამ და აქ ვდგავარ თქვენთან, ვიბრძვი თქვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ადგილისთვის ევროპაში. გზა ევროპისკენ, როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, ორბანის გზა არ არსებობს, არსებობს დემოკრატიული გზა, კანონის უზენაესობაზე გამავალი გზა, თავისუფლებაზე გამავალი გზა, ადამიანის უფლებებზე გამავალი გზა. თქვენ ხართ ეს გზა! ძაღლებიც კი შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში. მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელიც ორასი წლის მშვიდობით არის გათამამებული და შეიძლება ცოტა გულუბრყვილოები ვიყოთ, მაგრამ რეალობა გვეწევა დღეს, ეწევა მთელ ევროპის კონტინეტს, წევა მთელ მსოფლიოს. რუსულ აგრესიას ერთი სახე არა აქვს, ტანკების, ფოლადის, მას გააჩნია სახე, რომელიც უკანა კარიდან იყურება და რომელიც შეიძლება ვერც კი იცნო, სანამ ძალზე გვიანი არ არის. მაგრამ საქართველოსთვის ჯერ გვიანი არ არის, არასოდეს არ არის ძალიან გვიანი. იბრძვით რა დემოკრატიისთვის, არასდროს არ იქნება გვიანი, და როცა დემოკრატიისთვის იბრძვი, აცოცხლებ მას. დემოკრატია მაშინ არის ძლიერი, როცა ხალხია მასთან, როცა ოპოზიციაა მასთან, როდესაც გვაქვს კავშირები, რომლებიც გვაკავშირებს ერთად ევროპაში. არასდროს დანებდეთ, არასდროს დათმოთ, რასაც არ უნდა დაუპირისპირდეთ, ძლიერად იდექით. ჩვენ ერთად მივაღწევთ ჩვენს მიზანს. მადლობა საქართველოს, მადლობა ევროპას.” [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
იუკა კოპრა (ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე):
“გამარჯობა, საქართველო! მოკითხვა ფინეთიდან. დემოკრატია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებია და დემოკრატიას სჭირდება ხალხი, ვხედავთ ძალიან ბევრ ხალხს. რა თქმა უნდა, [დემოკრატიას] სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნდები. რატომ ჩამოვედი ფინეთიდან თბილისში? პირველად არ ვიმყოფები აქ, პირველად აქ ვიყავი 1978 წელს, პატარა ბავშვი ვიყავი ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დროს. 1978 წელს როდესაც ჩამოვედი თბილისში ოჯახთან ერთად, მიდიოდა დემონსტრაციები რუსთაველის გამზირზე, ადამიანები გამოდიოდნენ საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ. 1978 წელს საქართველოს მოსახლეობამ შეძლო ეიძლებინა საბჭოთა მთავრობას, გაეუქმებინა ენის კანონი. თქვენ ქართველებს კარგი ისტორია გაგაჩნიათ დემონსტრაციების. თქვენ ნამდვილად გაგაჩნიათ ის, რომ დემოკრატია წინ წამოწიოთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ, რომ მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიის გზაზე და ევროპისკენ მიმავლ გზაზე. ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ ყველანი ვართ ევროპა. ისევ და ისევ, არ დანებდეთ ამ გზაზე, გჯეროდეთ საკუთარი თავის, გჯეროდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გწამდეთ თავისუფლების. თავისუფლება გაიმარჯვებს და დემოკრატია დაისადგურებს საქართველოში”. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
მიჰაუ კამინსკი (პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი):
“მიყვარხარ, საქართველო! მიყვარხარ, თბილისო! მე აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან და პოლონეთის დიდებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები უახლოვდებოდა თბილისს. თბილისი გადარჩა და საქართველო გადარჩა. საქართველომ გაუძლო რუსულ აგრესიას. მე მაქვს ოცნება, მე მაქვს ნამდვილი ქართული ოცნება – ევროპული ქვეყნის, თავისუფლებით სავსე ქვეყნის, სიყვარულით სავსე ქვეყნის შესახებ. ეს არის ჩემი და თქვენი ქართული ოცნება. ყველას, ვისაც სურს, მოიპაროს თქვენი არჩევნები, მოიპაროს თქვენი ხმები, მოიპაროს თქვენი თავისუფლება – ჩვენ შეგვიძლია, გავუმეოროთ უკრაინელი სამხედროს ცნობილი სიტყვები: რუსულო სამხედრო ხომალდო… ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. საქართველო იქნება ევროპაში. ვერავინ გაბედავს, მოიპაროს თქვენი ხმები, ვერავინ გაბედავს, მოიპაროს თქვენი თავისუფლება. საქართველო იქნება თავისუფალი, საქართველო იქნება ვეროპაში. ბოლოს გეტყვით, მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი”.
როგორც სრული ციტატებით ირვევა, იარაღის ხელში აღებისკენ მოწოდება არ გაჟღერებულა არც ნოემბერში, ევროპელი პარლამენტარების სიტყვით გამოსვლის დროს. ამრიგად, ტელეკომპანია იმედის ეთერში გიორგი ვოლსკის მიერ გაკეთებული განცხადება დეზინფორმაციულია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.