26 ოქტომბერს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1; 2) გაავრცელეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისა და და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტიონიო კოშტას ფოტო. აღნიშნულ ფოტოზე ზელენსკი შავი, მაღალძირიანი ფეხსაცმლით არის გამოსახული.

ზელენსკისა და კოშტას შეხვედრის ამსახველი ფოტო ნამდვილი არაა. როგორც ფოტოზე არსებული ხარვეზები, ასევე AI-ს ამომცნობი ხელსაწყოები ადასტურებს, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტით შექმნეს. შეხვედრის ნამდვილი ფოტოები ადასტურებს, რომ ლიდერების გარეგნობა და ჩაცმულობა გავრცელებული ფოტოსგან განსხვავებული იყო.
2025 წლის 23 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში, ევროკავშირის შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინას სათანადო ფინანსური და სამხედრო დახმარება სჭირდება. ამისათვის, ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერებით.
ზელენსკისა და კოშტას ფოტო თავდაპირველად პლატფორმა X-ზე გავრცელდა. რამდენიმე ანგარიშმა, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებაში წარსულშიც არაერთხელ შემჩნეულმა ანგარიშმა სახელად Lord Bebo, ფოტო 24 და 25 ოქტომბერს გამოაქვეყნეს.

2025 წლის 23 ოქტომბრის შეხვედრის რეალურ ფოტომასალაში ვხედავთ სინამდვილეში რა ეცვათ ზელენსკისა და კოშტას. ფოტოების ნახვა შეგვიძლია AFP-ისა და ევროპული საბჭოს ფოტოარქივებში.

ფოტო ევროპული საბჭოს არქივიდან (მარცხნივ) და ფოტო AFP-ის არქივიდან (მარჯვნივ)
გაყალბებულ ფოტოსა და მის რეალურ ვერსიას შორის რამდენიმე განსხვავებაა. როგორც ნამდვილი ფოტოებიდან ჩანს, ზელენსკის მაღალძირიანი ფეხსაცმელი არ ეცვა. გარდა ამისა, გავრცელებულ ფოტოზე შეცვლილია ანტონიო კოშტას სათვალე. AI-სთვის დამახასიათებელი ხარვეზები შეიმჩნევა როგორც კოშტას თითებზე, რომლებიც ერთმანეთშია აზელილი, ასევე მის წინ მდგარ მიკროფონებზეც, რომლებზეც მედიების ლოგოები დეფორმირებულია. მსგავსად, პრეზიდენტების ფონზე მდგარი პირების სახეებიც დეფორმირებულია და ყველა მათგანი თითქმის ერთნაირად დგას.
ფოტო AI-ის ამომცნობი ხელსაწყოების, Hive Moderation-ისა და Sightengine-ის გამოყენებითაც გადავამოწმეთ. ორივე ხელსაწყომ მაღალი ალბათობით აჩვენა, რომ ზელენსკისა და კოშტას ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.

შესაბამისად, გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი და მიზნად უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციას ისახავს.
მოამზადა მაშიკო გიორგობიანმა
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















