12 ოქტომბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა ვიდეო, რომელსაც აღწერაში დაურთო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხელი არ ჩამოართვა. კადრებში ჩანს, რომ ზელენსკი ლიდერებს ესალმება, თუმცა ალიევს ხელს არ ართმევს.

კადრები მანიპულაციურად ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ზელენსკი ალიევს განზრახ არ ესალმება. რეალურად, ზელენსკი და ალიევი ამავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე შეხვდნენ და ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ.
გავრცელებული კადრები ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრიდანაა, რომელიც 2 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა. შეხვედრაზე ლიდერებმა მრგვალ მაგიდებზე ტრადიციული და ჰიბრიდული უსაფრთხოების, მიგრაციის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სხვა საკითხები განიხილეს. გარდა მრგვალი მაგიდისა, ევროპული სტრუქტურების ლიდერებმა შეხვედრები გამართეს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის პირველ პირებთან. დამატებით, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე პანელად იმართებოდა, რომელიც ლიდერების ადგილზე მისვლითა და მისალმებით დაიწყო. შეხვედრის “მედიის გზამკვლევში” ვკითხულობთ, რომ შესასვლელი სივრცე ყველა მედია-საშუალებისთვის ღია იქნებოდა, თუმცა ხელის ჩამორთმევის ნაწილი მედიისთვის შეზღუდული იყო და შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა ხელმისაწვდომი იქნებოდა გამოყენებისთვის.

ამ შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ილჰამ ალიევმაც გამართეს, სადაც მათ უსაფრთხოებასა და კონტინენტის პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ ისაუბრეს. ალიევი აზერბაიჯანიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალა როგორც ორი ქვეყნის ოფიციალურმა სტრუქტურებმა (1; 2) ასევე მედიამაც გაავრცელა.


გავრცელებული ფოტო და თანდართული აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს ხელი განზრახ არ ჩამოართვა. რეალურად, როგორც თანამეგობრობის შეხვედრის სხვა კადრებიდან ჩანს, ამავე დღეს რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ორმხრივი შეხვედრის ამსახველი ფოტოებიდან ჩანს, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ (1; 2).
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით შეიქმნა. თანამეგობრობის შეხვედრა წელიწადში ორჯერ, ევროკავშირის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებში იმართება. კოპენჰაგენში გამართული შეხვედრა რიგით მეშვიდე იყო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















