რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

2.2k
VIEWS

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებს 102 ადგილობრივი და 76 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს ავრცელებდნენ, რაც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას დადებითად წარმოაჩენდა. დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რომ მათ არ უნახავთ მცირე დარღვევაც კი. საერთაშორისო დამკვირვებლები, როგორიცაა ეუთო და სხვა რეპუტაციული ორგანიზაციები, უზრუნველყოფს, რომ არჩევნები შეესაბამებოდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და სტანდარტებს და ამავე დროს, ხელს უწყობენ ნდობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე იმყოფებოდა არაერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე უცხოელი პოლიტიკოსი ან ანალიტიკოსი, რომლებიც ასევე დამკვირვებლად იყვნენ რეგისტრირებული. გარდა ამისა, არსებობს ფსევდო დამკვირვებლების პრაქტიკაც, რომელთა მიზანიც ხშირად პოლიტიკური ინტერესების წაქეზებაა და რომლებსაც ხშირად იყენებენ იმ ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, “მითების დეტექტორმა” შეისწავლა ის დამკვირვებლები, რომელთა განცხადებებიც სახელისუფლებო მედიებმა 26 და 27 ოქტომბერს გაავრცელეს. 

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ:

  • ფრანგი დამკვირვებელი, ლუპ ბომიე, რომელიც 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ფსევდოდამკვირვებლად შეაფასეს;
  • ორგანიზაცია SOSCO-ს ხელმძღვანელი, ფრანსუა ჟიკელი, რომელიც, სავარაუდოდ, ასადის რეჟიმის მილიციას ფარულად აფინანსებდა, 2011 წელს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიიდან ნაცისტური მისალმების გამოყენების გამო გარიცხეს;
  • ფრანგი დამკვირვებლის, ალან ჟან მარის სახელით, იმედმა ორი პოსტი გამოქვეყნა, თუმცა ფოტოებზე სხვადასხვა პირია (მარკ გერინი და ალან ავრილი) ასახული. ორივე მათგანი ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან არის დაკავშირებული.
  • ალან ჟან მარის სახელით, რომელსაც, შესაძლოა, სახელისუფლებო მედია გულისხმობდეს, იძებნება ულტრამემარჯვენე პლატფორმის Riposte Laïque დირექტორი – Alain Jean-Mairet, რომელიც მუსლიმების მიმართ სიძულვილის წაქეზებისთვის არის ნასამართლევი;
  • დავიდ ბიტანი, ისრაელის ქნესეთის წევრი და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე კორუფციასა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული;
  • უნგრელ დამკვირვებელთა ნაწილი მმართველ პარტია Fidesz-თან არის დაკავშირებული და ევროსკეპტიკურ შეხედულებებს გამოხატავს.

ლუპ ბომიე

Screenshot 2024 11 25 104127 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

ლუპ ბომიე  ფრანგი პოლიტიკოსია, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტიასთან,  “Reconquête” არის დაკავშირებული, რომელიც 2021 წელს ერიკ ზემორის მიერ დაარსდა. პარტიის შეხედულებები მოიცავს იმიგრაციის შემცირებას, ეკონომიკური ნაციონალიზმის პროპაგანდას და ევროსკეპტიკურ შეხედულებებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის პოლიტიკას. ლუპ ბომიეს პოლიტიკური საქმიანობა მოიცავს 2023 წლის მაისში აზერბაიჯანის მთავრობის მოწვევით მთიან ყარაბაღში ვიზიტს.  უფრო საინტერესო კი 2024 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი სადამკვირვებლო გამოცდილებაა. 

ბომიე 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა (Fake observation, The European Platform for Democratic Elections (EPDE)) შეაფასეს როგორც “ფსევდო დამკვირვებლები”. 2024 წლის აპრილში გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა” (EPDE) 183 „უცხოელი დამკვირვებელი“ და „ექსპერტი“ გამოავლინა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მოწვევით 2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ. ეს არჩევნები ჩატარდა პუტინის რეჟიმის კონტროლის ქვეშ, როგორც რუსეთის შიგნით, ასევე ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, მათ შორის დონეცკში, ხერსონში, ლუჰანსკში, ზაპორიჟიაში, ყირიმსა და სევასტოპოლში. რუსეთის ხელისუფლების მიერ მიწვეულმა ფსევდოდამკვირვებლებმა შექმნეს გამჭვირვალობის და არჩევნების დემოკრატიულ გარემოში  ჩატარების ილუზია.

ფსევდო დამკვირვებლები, ხშირად გამოიყენებიან პოლიტიკურად მოტივირებული შეფასებების გასაკეთებლად, რათა ლეგიტიმაცია მიენიჭონ არა მხოლოდ რუსეთის შიდა არჩევნებს, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებსაც. 

Screenshot 2024 11 25 104135 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

ფრანსუა ჟიკელი

Screenshot 2024 11 25 104144 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

ფრანსუა  ჟიკელი  ფრანგული ორგანიზაციის SOS Chrétiens d’Orient (SOSCO) აღმასრულებელი დირექტორია.  ორგანიზაციის მიზანი ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული თემებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა იყო, თუმცა  2021 წელს სტრატეგიისა და პოლიტიკის New Lines Institute-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ის ფარულად აფინანსებდა  სირიელების მკვლელობასა და წამებაში მხილებულ ასადის მილიციას.  გამოძიების თანახმად, ორგანიზაციას ჰქონდა პირდაპირი კავშირები ასადის რეჟიმთან მჭიდროდ დაკავშირებულ ეროვნულ თავდაცვის ძალებთან (NDF). გაჟონილი დოკუმენტები მიუთითებდნენ, რომ ყოველწლიურად  საფრანგეთიდან სირიაში ასობით ათასი ევრო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, ერაყსა და ლიბანში მდებარე შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით გადაიცემოდა, სადაც ჟიკელის ორგანიზაცია SOSCO-ს რეგიონული ოფისები ჰქონდა.  სხვა მტკიცებულებს, რომლებიც  ადასტურებენ პირდაპირ კავშირებს SOSCO-ს ასადის ომის დანაშაულებში ბრალდებულ მილიციასთან, წარმოადგენს ანგარიშფაქტურები,  რომლებიც საფრანგეთში აუდიტორების მოსატყუებლად იყო გაყალბებული. აღმოჩნდა, რომ SOSCO-დან დაახლოებით 46,000 ევროს ოდენობით ნაღდი ფული პირდაპირ გადაეცა ეროვნული თავდაცვის ძალების (NDF) მილიციის მეთაურს სიმონ ალ-ვაკილს. 

მიუხედავად იმისა, რომ SOSCO დაკავშირებული იყო ფრანგ ულტრამემარჯვენეებთან, ფრანსუა ჟიკელი 2011 საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიიდან გარიცხეს. გარიცხვის მიზეზი გახდა ფოტოები, სადაც ჟიკელი მისალმებისას ნაცისტურ ჟესტს იყენებდა.  

Screenshot 2024 11 25 104226 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?
New Lines Magazine

ფრანსუა ჟიკელმა 2021 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო გორჩაკოვის ფონდისა და “ფრანკო-რუსული დიალოგის” მიერ ორგანიზებულ  ღონისძიებაში. ამ შეხვედრებზე განიხილებოდა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთის, როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშის როლი საერთაშორისო ასპარეზზე. ჟიკელმა ასევე გამოხატა თავისი მოსაზრება ევროპისთვის რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების ასპექტებში. 

Screenshot 2024 11 25 104242 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?
Фонд Горчакова

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს TV იმედმა დამკვირვებელ ფრანსუა ლუკამის შეფასება გაავრცელა. თუმცა ფრანსუა ლუკამის ნაცვლად, ფოტოზე ფრანსუა ჟიკელი არის გამოსახული. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ერთი და იმავე სახელის ქონამ გამოიწვია შეცდომა, თუმცა, თავის მხრივ, არც სახელის “ფრანსუა ლუკამი” მოძიება გვაძლევს რაიმე სახის შედეგს, გარდა any.ge-ზე გამოქვეყნებული მასალისა, სადაც “ლუკამის” ციტატა და ფრანსუა ჟიკელის ფოტო გვხვდება. სხვა მასალებში დამკვირვებელ “ფრანსუა ლუკამის” არსებობა არ დასტურდება. 

Screenshot 2024 11 25 104423 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

“ფრანსუა ლუკამის” ციტატა, ფრანსუა ჟიკელის ფოტოსთან ერთად, ასევე გამოქვეყნებული აქვს POSTV-ის ინსტაგრამის გვერდს, 26 ოქტომბერს.

Screenshot 2024 11 25 104433 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

ალან ჟან მარი და ალან ავრილი

კიდევ ერთ გაუგებრობას იწვევს საერთაშორისო დამკვირვებელი ალან ჟან მარი. მისი სახელით, თუმცა სხვადასხვა ფოტოთი TV იმედს 26 და 27 ოქტომბერს ორი პოსტი აქვს გავრცელებული.

Screenshot 2024 11 25 104602 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

TV იმედის გარდა, სხვადასხვა ფოტო აქვთ გამოქვეყნებული info9-სა და Primetime.ge-ის

Screenshot 2024 11 25 104616 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

პირველი ფოტოს გამოსახულების საძიებო ინსტრუმენტით გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ალან ჟან მარიდ წოდებული პირი, რეალურად, მარკ გერინია. 

მარკ გერინი ფრანგი საჯარო მოხელეა, რომელიც წარსულში რესპუბლიკელებთან (Les Républicains) იყო დაკავშირებული, თუმცა შემდეგ ერიკ ზემორის Reconquête პარტიას შეუერთდა და 2022 წლის საკანონმდებლო არჩევნებზე Reconquête პარტიის კანდიდატი იყო.  მისი კავშირი ევროსკეპტიკურ Reconquête პარტიასთან და თანხვედრა  ერიკ ზემორთან მიგვანიშნებს ზოგად სკეპტიციზმზე ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ. 

რაც შეეხება ალან ჟან მარიდ წოდებულ მეორე პირს, ის სხვა ქართულ მედიასაშუალებებში მოხსენიებულია, როგორც ალან ავრილი. ალან ავრილი მართლაც ფრანგია, თუმცა ფრანგული ორგანიზაციის, Les Surligneurs-ის ცნობით, არის არა ექსპერტი, არამედ ტანსაცმლის ბრენდ Aper-ის დამფუძნებელია. ალან ავრილი ასოცირებულია Riposte Laïque-თან, პლატფორმასთან, რომელიც თავისი ულტრამემატჯვენე შეხედულებებით არის ცნობილი. თავის მხრივ ბრენდი Aper პოზიციონირებს, როგორც “პატრიოტული ტანსაცმლის ბრენდი”, რომელიც ვოუქიზმის წინააღმდეგ იბრძვის. 

Screenshot 2024 11 25 104645 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?
მარჯვნივ: ალან ავრილის ბრენდის 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

ალან ჟან მარი, რომლის ციტატასაც სხვა ადამიანების ფოტოებით ავრცელებენ, შესაძლოა იყოს ფრანგული ულტრამემარჯვენე ვებსაიტის Riposte Laïque-ის დირექტორი, ალან ჟან მარე (Alain Jean-Mairet). სხვა პირი ამ სახელით, რომელიც პოლიტიკასთან იქნებოდა კავშირში, არ იძებნება. ალან ჟან მარე 2016 წლის აპრილში საფრანგეთის სასამართლომ მუსლიმების მიმართ სიძულვილის წაქეზებისთვის გაასამართლა, რის შედეგადაც 8000 ევროთი დაჯარიმდა. Riposte Laïque ცნობილია თავისი ანტიისლამური და ანტიიმიგრაციული პოზიციით. პლატფორმა არაერთხელ აღმოჩნდა სამართლებრივი გამოწვევების წინაშე რასობრივი და რელიგიური სიძულვილის გაღვივების გამო. 

დავიდ ბიტანი

Screenshot 2024 11 25 104725 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

დავიდ ბიტანი არის ისრაელის ქნესეთის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე. ბოლო წლებში ბიტანი ყურადღების ქვეშ სერიოზული კორუფციის ბრალდებების გამო მოექცა. 2021 წელს მას ბრალი წაუყენეს 7 საქმეზე, მათ შორის ქრთამის აღებაში, საგადასახადო დანაშაულებში, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მან მიიღო დაახლოებით 990 000 ისრაელის ახალი შეკელი ქრთამი უძრავი ქონების დეველოპერებისგან და სხვა ბიზნესებისგან მათი პროექტების ხელშეწყობის სანაცვლოდ. ბიტანმა უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ ეს ბრალდებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული.  ბრალის წაყენების მიუხედავად, ბიტანმა განაგრძო თავისი საქმიანობა ქნესეთში, თუმცა მას შეჩერებული აქვს საპარლამენტო იმუნიტეტი, სანამ სასამართლო პროცესი გრძელდება. ბიტანს  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება.

სხვა დამკვირვებლები

გარდა საეჭვო რეპუტაციის მქონე დამკვირვებლებისა, ტელეკომპანია “იმედმა” 26 და 27 ოქტომბერს ასევე გაავრცელა უნგრელი პოლიტიკოსების ლორენც ნაჩას და ანდრაშ ლასზლოს შეფასებები. ორივე მათგანი უნგრეთის მმართველი პარტიის წევრია და მათი შეხედულებები პრემიერ-მინისტრ ორბანთან არის თანხვედრაში. როგორც ლორენც ნაჩა, ასევე ანდრაშ ლასზლო აკრიტიკებენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიმართ, ასევე ზოგადად მათი ევროკავშირისადმი დამოკიდებულება სკეპტიკურია.

Screenshot 2024 11 25 104744 რა ვიცით საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომელთა ციტატებიც სახელისუფლებო მედიაში გაშუქდა?

ეუთოს/ოდირის შეფასება

11 ოქტომბერს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს აფასებს, ასევე მიუთითებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობაზე. ანგარიშის თანახმად, კამპანია უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით წარიმართა, ოპოზიცია კი ხელისუფლების მხრიდან დაშინების ტაქტიკის გამოყენებაზე აპელირებს. შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში საარჩევნო კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა, თუმცა 2024 წლის ცვლილებები საჯარო კონსულტაციების გარეშე განხორციელდა და ოდირის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელია. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ამომრჩეველთა სიების უზუსტობაზე, უბნებზე ამომრჩეველთა გაზრდილ რაოდენობასა და გამოყენებული ტექნოლოგიის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე საუბარი იყო ამომრჩეველთა სიებში არსებულ უზუსტობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მასში გარდაცვლილი პირებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების არსებობით არის გამოწვეული.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist