ვისი სახელით დაურეკეს საქართველოს არჩევნებზე ეუთო/ODIHR-ის სპიკერს და რას აჩვენებს ხმის ექსპერტიზა?

კითხვის დრო: 9 წუთი

კითხვის დრო: 9 წუთი

ეუთო
5.2k
VIEWS

30 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისი მტკიცებით, ეუთო/ოდირის სპიკერ კატია ანდრუშსა და “შენი ხმა ევროკავშირის” თანადამფუძნებელ გიორგი თაქთაქიშვილს შორის საუბარია ასახული. პოსტის თანახმად, აუდიოჩანაწერში,  “კანტის აკადემიისა” და მოძრაობის “აირჩიე ევროპა” ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი, (ეუთო/ოდირის სპიკერს, კატია ანდრუშს ტერორისტული აქტით ემუქრება. 

აუდიო ჩანაწერში პირი, რომელიც თავს გიორგი თაქთაქიშვილად აიდენტიფიცირებს, საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ დაძაბულ ვითარებას აღწერს და ეუთოს წარმომადგენლებს ურჩევს, რომ “ქართული ოცნებისგან” შეთავაზებულ ქრთამზე უარი თქვან. საპასუხოდ, ეუთო/ოდირის სპიკერი, ინფორმაციის წერილობით მიწოდებას სთხოვს და პირს თავის  ელექტრონული ფოსტის მისამართს კარნახობს.  

გავრცელებულ პოსტში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ “სატელეფონო ტერორის აქტი” აშშ-ის საარჩევნო კომისიის, ლატვიის სადამკვირვებლო მისიის და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთანაც განხორციელდა.

ვიდეო 29 ოქტომბერს ტელეგრამ-არხმა სახელწოდებით Грузинский прохожий  გაავრცელა. 

ეუთო

აუდიოჩანაწერი, რომელშიც, თითქოს გიორგი თაქთაქიშვილი ეუთო/ODIHR-ის სპიკერს, კატია ანდრუშს ესაუბრებოდა, “მითების დეტექტორმა” სპეციალიზებული ორგანიზაციების (Mantis Analytics, Witness, Deepfakes Analysis Unit, Validia) დახმარებით გადაამოწმა. ოთხივე ორგანიზაციის ანალიზი აუდიოჩანაწერში გიორგი თაქთაქიშვილის ხმის მანიპულაციაზე მიანიშნებს. 

  • რას გვეუბნებიან კატია ანდრუში და გიორგი თაქთაქიშვილი?

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ეუთო/ოდირის სპიკერს, კატია ანდრუშს დაუკავშირდა. ანდრუშმა “მითების დეტექტორთან” წინა საარჩევნო პერიოდში ასეთი ზარის მიღება დაადასტურა.  ანდრუშის თქმით, მან აბონენტს სთხოვა, წერილობით  გამოეგზავნა ნებისმიერი ინფორმაცია ან შეტყობინება, რომლის გადაცემაც სურდა და ელექტრონული ფოსტის მისამართი მისცა, მაგრამ ამ პირისგან მოგვიანებით არავითარი შეტყობინება აღარ მიუღია. ამის საპირისპიროდ, გიორგი თაქთაქიშვილი, უარყოფს ეუთო/ოდირის სპიკერთან დარეკვას და “მითების დეტექტორის” მიერ მიწოდებულ ჩანაწერზე კომენტარისას აღნიშნავს, რომ მისი ხმა სრულიად განსხვავდება იმ პირისგან, რომელიც აუდიოჩანაწერში საუბრობს. თაქთაქიშვილის თქმით, ჩანაწერში, მისი სახელით მოსაუბრე პირი ინგლისურად არასწორად ამბობს იმ ორგანიზაციის სახელსაც, რომელსაც ის წარმოადგენს. რეალურად, ორგანიზაციას “აირჩიე ევროპა” (Vote For Europe) ჰქვია, აუდიო ჩანაწერში კი, გიორგი თაქთაქიშვილად იდენტიფიცირებული პირი Vote For Europe-ის ნაცვლად,  Choose Europe-ს ამბობს. 

  • კიდევ ვისთან განხორციელდა ზარი?

გავრცელებულ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთივე “სატელეფონო ტერორის აქტი” აშშ-ის საარჩევნო კომისიის, ლატვიის სადამკვირვებლო მისიის და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან განხორციელდა. 

საეჭვო ზარის მიღება “მითების დეტექტორთან” მხოლოდ ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა კრისტინე საულიტემ დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ტელეფონზე  ზარი 21 ოქტომბერს, 17:03 საათზე   შემდეგი  ნომრიდან +995345872319 განხორციელდა. ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შემომავალი ზარი უხარისხო იყო და საუბრიდან მხოლოდ ის გაირკვა, რომ აბონენტმა თავი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან წარადგინა და თქვა, რომ ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა გაფრთხილება სურდა. აბონენტს სთხოვეს, შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნა, თუმცა მათ მსგავსი შინაარსის გამაფრთხილებელი ინფორმაცია აღარ მიუღიათ. საეჭვო ზარის გადასამოწმებლად ლატვიის სადამკვირვებლო მისიიდან საქართველოს საარჩევნო კომისიას დაუკავშირდნენ, თუმცა ცესკომ მათთან ამ და მსგავსი ტიპის ზარის განხორციელება უარყო. 

“მითების დეტექტორი” შეეცადა იმ ნომერზე დაკავშირებას, რომლიდანაც ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს დაურეკეს. აღსანიშნავია, რომ 345 სტეფანწმინდის სატელეფონო კოდია, თუმცა +995345872319 ნომერზე დარეკვისას აბონენტი მიუწვდომელია.

“მითების დეტექტორს” ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ამერიკის საარჩევნო კომისიისგან, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) ჩვენთან განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ იდენტური ან მსგავსი შინაარსის ზარი არ მიუღიათ. 

  • გავრცელებული აუდიოჩანაწერის ანალიზი

გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო/ოდირის სპიკერმა დაადასტურა ზარის მიღება, ხოლო გიორგი თაქთაქიშვილმა ზარის განხორციელება უარყო, გადავწყვიტეთ, განგვეხილა ორი შესაძლებლობა:

  1. თაქთაქიშვილის ხმის ხელოვნური ინტელექტით გენერირების შესაძლებლობა;
  2. ზარის განხორციელება საერთაშორისო დამკვირვებლებთან ანონიმური პირის მიერ, გიორგი თაქთაქიშვილის სახელით.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, შეინიშნებოდა თუ არა აუდიო ჩანაწერზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვალი და ასევე, შეესაბამებოდა თუ არა ჩანაწერში მოსაუბრე პირის ხმა გიორგი თაქთაქიშვილის ავთენტიკურ ხმას, “მითების დეტექტორმა”  ოთხ სპეციალიზირებულ ორგანიზაციას (Mantis Analytics, Witness, Deepfakes Analysis Unit, Validia) მიმართა, რომლებიც აუდიო ჩანაწერების გადამოწმებასა და Deepfake ტექნოლოგიების ამოცნობაზე მუშაობენ.

ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ინსტრუმენტით განხორციელებულმა ანალიზმა შემდეგი შედეგები აჩვენა: 

  • ინსტრუმენტებმა, როგორიცაა TrueMedia, Deep Media, Hive, Hiya და Elevenlabs აღმოაჩინა ისეთი ანომალიები, როგორიცაა არაბუნებრივი პაუზები და ხარვეზები, რაც პოტენციურ რედაქტირებაზე ან სინთეზურ მოდიფიკაციაზე მიანიშნებდა. 
  • ხმის მსგავსების ანალიზისას თაქთაქიშვილის ავთენტიკურ ჩანაწერთან ხმის შედარებამ აჩვენა დაბალი და საშუალო მსგავსების ქულები. ხმაში გამორჩეული თვისებები, როგორიცაა აქცენტი და უფრო ღრმა ტონი, თაქთაქიშვილის რეალური მეტყველების მახასიათებლებისგან განსხვავდებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეიძლებოდა სხვადასხვა ადამიანის ხმის კომპილაცია ყოფილიყო.
  • ჩანაწერის ხარისხობრივმა ანალიზმა, რომელიც სპეციფიკურ მახასიათებლებზე დაკვირვებას გულისხმობს, აჩვენა ისეთი ნიშნები, როგორიცაა ღრმა ხმა (Deep voice), ნელი ტემპი, არაბუნებრივი შესვენებები ან გადანაცვლებები სიტყვებს შორის, რაც შესაძლოა, სინთეზურ მანიპულირებაზე მიუთითებდეს. ფონური ხმაურის არარსებობა და ხელოვნური სიტყვების გადასვლები ასევე აჩენდა  გარკვეულ ეჭვს.
  • მეტამონაცემების მიმოხილვით დადგინდა, რომ  ფაილი შეიქმნა გარე პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც დამატებით ვარაუდობს შესაძლო რედაქტირებას.
  • Mantis Analytics 

Mantis Analytics-მა გავრცელებული აუდიოჩანაწერი ორი მიმართულებით გააანალიზა: იყო თუ არა გავრცელებული აუდიო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გენერირებული და ასევე, ჩანაწერში წარმოდგენილი მამაკაცის ხმა ემთხვეოდა თუ არა გიორგი თაქთაქიშვილის რეალურ ხმას. შესაბამისად, განხორციელდა, როგორც თავად ჩანაწერის ტექნიკური ანალიზი, ასევე ხმის მსგავსების შედარება გავრცელებულ ჩანაწერსა და პირის (გიორგი თაქთაქიშვილის) ავთენტიკურ ხმას შორის. ჩანაწერის ტექნიკური ანალიზისას გამოყენებულმა პირველმა ინსტრუმენტმა (TrueMedia), დაადგინა მანიპულაციის ნიშნები ზოგ შემთხვევაში მაღალი ნდობით (99% და 76%), მაგრამ ზოგ შემთხვევაში დაბალი მაჩვენებლით (16% და 13%). ამ ინსტრუმენტის აუდიო მანიპულაციის დეტექტორები ჩანაწერში ეძებს გარკვეული რედაქტირების კვალს, როგორიცაა ხმის ტონის შეუსაბამობა, არაბუნებრივი პაუზები ან სხვა მანიპულირები. მეორე ინსტრუმენტმა (Deepfake Total) აღმოაჩინა შესაძლო მანიპულაციები აუდიოს კონკრეტულ ნაწილებში, როგორიცაა 0-2 წმ, 11-17 წმ და 40-46 წმ, მაგრამ საერთო ნდობა, რომ აუდიო შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ნიშნებს შეიცავდეს, დაბალი იყო (12,9%).

ხმის მსგავსების შემოწმების ნაწილში Resemblyzer-მა აჩვენა ზომიერი მსგავსება (0.66), რაც მიუთითებს შესაძლო დამთხვევაზე, მაგრამ მნიშვნელოვანი დიაპაზონის ცვალებადობით. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული მსგავსება ხმებს შორის, ეს ქულა და ცვალებადობა ვარაუდობს, რომ ხმები შეიძლება არ ეკუთვნოდეს ერთსა და იმავე ადამიანს და რომ არსებობს შესამჩნევი განსხვავებები.  მეორე ინსტრუმენტმა (Blue2Digital) მსგავსება უფრო დაბალი ქულით შეაფასა (24.14%), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხმები, სავარაუდოდ, სხვადასხვა ადამიანებს ეკუთვნის.

ეუთო

  • The Blue2Digital – Mantis Analytics

Mantis Analytics-მა შესაფასებლად “ადამიანური ინტელექტიც” გამოიყენა და შეაფასა როგორც ცალკეული აუდიოჩანაწერი, ასევე მას გიორგი თაქთაქიშვილის რეალური ხმა შეადარა. დაზვერვის ანალიტიკოსის შეფასების თანახმად, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გიორგი თაქთაქიშვილის სახელით მოსაუბრე პირს უფრო ღრმა, მომწიფებული ტონი აქვს, შესამჩნევი რუსული აქცენტით,  ახასიათებს ნელი ტემპით საუბარი. ასევე ჩანაწერში შეინიშნება ტექნიკური დამახინჯებები და მკვეთრი გადასვლები, რაც შეიძლება სინთეზურ მანიპულირებაზე მიუთითებდეს. ამის საპირისპიროდ, თაქთაქიშვილის მეტყველება მსუბუქია, ახალგაზრდული ტონით, შეუმჩნეველი გადასვლებით და მეტყველების ბუნებრივი ნაკადით.  

Mantis Analytics-ის დასკვნით, სინთეტიკური მანიპულირების შემთხვევაში, მეტად სავარაუდოა, რომ გამოყენებული იყო ხმის კლონირების პროგრამული უზრუნველყოფა, ვიდრე მარტივი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიო.

  • Witness

გავრცელებული აუდიო Witness.org-ის სამმა ანალიტიკურმა გუნდმა გააანალიზა. მათგან პირველი კონცენტრირდა ჩანაწერის ფაილის ფორმატზე, დანარჩენი ორი გუნდი აუდიოს შინაარსზე. პირველმა გუნდმა, Medex Forensics-მა ტელეგრამში გავრცელებული ვიდეოს მეტამონაცემები გააანალიზა და აღმოაჩინა, რომ ვიდეო (იგულისხმება აუდიოჩანაწერი, რომელსაც ერთვის მოსაუბრე პირების ფოტოები) არ იყო მოწყობილობის მიერ პირდაპირ გადაღებული და ატვირთული Telegram-ში, არამედ ის იყო შექმნილი სხვა პროგრამული უზრუნველყოფით. მეტამონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ  აუდიო ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ გუნდმა გამოიკვლია ფაილის ფორმატი და არა ფაილის შინაარსი. გუნდებმა, რომლებმაც გააანალიზეს აუდიოს შინაარსი, არათანმიმდევრული დასკვნები გამოიტანეს. პირველი გუნდის ინსტრუმენტმა (Medex Forensics) ვერ აღმოაჩინა ხელოვნური ინტელექტით მანიპულირება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩანაწერს აქვს მრავალი მახასიათებელი, რაც ართულებს Deepfake დეტექტორისთვის ანალიზისა და ზუსტი შედეგების მიწოდებას. მეორე გუნდმა (Trusted Media) კი გააანალიზა აუდიო და აღმოაჩინა ნიშნები, რომლებიც მის სიყალბეზე მიუთითებს. გუნდმა ჩანაწერი შეადარა გიორგი თაქთაქიშვილის რეალური ხმის ოთხ ნიმუშს და გადამოწმების ხელსაწყომ გაცილებით დაბალი ნიშნული აჩვენა. ეს შედეგი ვარაუდობს, რომ აუდიოში არსებული ხმა გიორგი თაქთაქიშვილის რეალურ ხმას არ ჰგავდა. მათ ასევე გამოიყენეს Deepfake-ის გამოვლენის ინსტრუმენტი, რაც მიუთითებდა მაღალ შანსზე, რომ აუდიო ხელოვნურად იყო შექმნილი. გარდა ამისა, ჩანაწერში ხმის რიტმი და ტონალობის ცვლილება (კადენცია) დამოწმებულ ნიმუშებს არ ემთხვეოდა.

  • Deepfakes Analysis Unit

Deepfakes Analysis Unit არის პლატფორმა, რომელიც მუშაობს Deepfake-ების იდენტიფიცირებას და ანალიზზე, განსაკუთრებით კი აქცენტს აკეთებს აუდიო და ვიდეო მანიპულაციების გამოვლენაზე. Deepfakes Analysis Unit-მა აუდიოჩანაწერი  შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენებით გააანალიზა: TrueMedia, Hive, Hiya და Elevenlabs.  მათ გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან ასევე გამოაცალკევეს მამაკაცის ხმა (22 წამიანი ნაწილი 0:25-0:47) და იმავე ხელსაწყოების გამოყენებით ცალ-ცალკე შეამოწმეს და დამატებით ასევე გამოიყენეს 6 კლასიფიკატორი, რომლებიც ხელმისაწვდომია DEEPFAKE-O-METER-ზე. აღსანიშნავია, რომ ეს კლასიფიკატორები კარგად მუშაობს ერთი სპიკერის აუდიო ჩანაწერზე ფონური ხმაურის გარეშე, ამიტომ მთელი აუდიო ფაილი მასში არ გაუანალიზებიათ.

აღსანიშნავია, რომ ყველა ხელსაწყო არ იძლევა ერთსა და იმავე შედეგებს და ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოვლენის ხელსაწყოების ბუნება, მაგრამ შესამჩნევია, რომ ინსტრუმენტები იზოლირებულ ნიმუშში გარკვეულ მანიპულირებაზე მიუთითებენ. Hiya-ს მიხედვით, არსებობს იმის ალბათობა, რომ აუდიო ხელოვნური ინტელექტის მიერ იყოს გენერირებული. True Media ვარაუდობს მასში გარკვეულ მანიპულირებას, ხოლო მთლიანი აუდიო კლიპისთვის ვარაუდობს, უფრო მეტ შანსს, რომ AI იყო ჩართული, შესაძლოა იმიტომ, რომ ის ხელოვნური ინტელექტის უფრო მეტ კვალს აფიქსირებს უფრო ხანგრძლივ ჩანაწერში. HIVE-ის შედეგები, როგორც სრული კლიპისთვის, ასევე 22 წამიანი სეგმენტისთვის, მიუთითებს ხელოვნური ინტელექტის ელემენტებზე. Elevenlabs-ისთვის შედეგები გაურკვეველია, და ვერაფერი თქვა იყო თუ არა  ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული აუდიოს შესაქმნელად.

DEEPFAKE-O-METER პლატფორმის ექვსი კლასიფიკატორიდან 4 იძლევა 50%-ზე მეტ ალბათობას, რომ აუდიო (იზოლირებული ნაწილი) იყოს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული.

  • Validia

Deepfakes Analysis Unit-მა ასევე გაგვიზიარა სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპის,  Validia-ს ანალიზი, რომელმაც გიორგი თაქთაქიშვილის ავთენტიკური ხმა აუდოჩანაწერში მოსაუბრე პირის ხმას შეადარა. Validia-ს კვლევის თანახმად,  პირველადი მოსმენით აღმოჩნდა, რომ აუდიო არ იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გენერირებული,  რამდენადაც აქცენტსა და ხმას შორის იყო შესამჩნევი შეუსაბამობა, სპიკერის ორიგინალური ხმის გათვალისწინებით, თუმცა აუდიოს მსგავსების ხელსაწყოთი გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა შესამჩნევი მსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი არ ემთხვეოდა, ხმის სხვა მახასიათებლები, როგორიცაა სიმაღლე, ტონი და რიტმი ძალიან ჰგავდა სპიკერის ორიგინალურ ხმას. ზუსტად ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ აუდიო შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იყოს  შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ Speech-to-speech ტექნოლოგიას აქვს ასპექტები, როდესაც ერთი ხმის (ამ შემთხვევაში ორიგინალი ხმის) შეცვლა ხდება დამატებით ხმით (კლონირებული ხმა), თუმცა ხმის ტონი ნარჩუნდება და ბუნებრივი ჟღერადობა აქვს. Validia-ს ანალიზის თანახმად, Speech-to-speech ტექნოლოგიაში შესამჩნევია როგორც თაქთაქიშვილის, ასევე სხვა ხმის ასპექტები. ამ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ხმა შეიცავს როგორც ორიგინალი სპიკერის ხმას, ასევე სხვა ადამიანის ხმის ასპექტებს, როგორიცაა მაგალითად, რუსული აქცენტი. 

გიორგი თაქთაქიშვილის შესახებ

გიორგი თაქთაქიშვილი, რომლის სახელიც აუდიოჩანაწერში იყო გამოყენებული, მოძრაობა “აირჩიე ევროპის” თანადამფუძნებელია. სამოქალაქო მოძრაობა საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებდა. 2024 წლის სექტემბერში ანტიკორუფცულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, ასევე, მოძრაობა “აირჩიე ევროპა” და მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე, ასევე მოძრაობის  თანადამფუძნებლები, რომელთა შორისაც გიორგი თაქთაქიშვილიც იყო, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად სცნო და 5 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა მოსთხოვა. ანტიკოროფციული ბიუროს თანახმად, “ეს ორგანიზაციები როგორც უშუალოდ, ასევე კამპანია “ჩემი ხმა ევროკავშირს” ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისაგან თავიშეკავების მოწოდებას.” 

ანტიკორუფციული ბიუროს ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებიც გამოეხმაურნენ და მწვავედ გააკრიტიკეს. 2024 წლის 1 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი მოხსნოდათ. პრემიერის განცხადების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება გააუქმა.

  • რა ვიცით ტელეგრამ არხზე, რომელმაც ჩანაწერი გაავრცელა?

რუსულენოვანი ტელეგრამ-არხი Грузинский прохожий(@georgia_man) ძირითადად რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში საქართველოს და მისი მოქალაქეების ჩართულობას ეხება. არხი სისტემატიურად აქვეყნებს სხვადასხვა სიახლეს უკრაინაში ქართველ მებრძოლებსა და მოხალისეებზე, მათ შორის ვრცელდება ინფორმაცია მიყენებული ზიანის, მსხვერპლის შესახებ, ასევე ამ ტელეგრამ არხის საშუალებით ზიარდება ქართული ლეგიონის წევრების გამოცდილება და პირადი ისტორიები. 

2024 წლის სექტემბერში აღნიშნულმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ბაზაზე ქართველი მოხალისის მკვლელობის შესახებ. პოსტში ნათქვამია, რომ მოკლული Грузинский прохожий-ს ერთ-ერთი ადმინისტრატორი და ინფორმატორია: “დღეს შეგვატყობინეს ვერაგული მკვლელობის შესახებ. დამნაშავემ ჩვენ ძმობილს ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გარდა ამისა, სახის არე საშინლად დაუსახიჩრა. სასაკლაო უკრაინის შეიარაღებული ძალების დროებით დისლოკაციის ადგილზე, ერთ-ერთ სახლში მოხდა. ამ დროისთვის დამნაშავე გაქცეულია, მისი ძებნით შესაბამისი ორგანოებია დაკავებული”. – წერს ტელეგრამ არხი.  თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი ინფორმაცია უკრაინულ მედიაში არ გაშუქებულა. დამატებით გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” უკრაინაში მებრძოლ ქართველებსაც დაუკავშირდა – “ქართულ ლეგიონსა” და “კავკასიის ლეგიონში” გვითხრეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ლეგიონებში ასევე გვითხრეს, რომ ტელეგრამ არხის ადმინისტრატორს არ იცნობენ და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ არხზე ლეგიონების წევრების ისტორიები ხშირად ვრცელდება, არხს “ქართულ ლეგიონთან” ან “კავკასიის ლეგიონთან” კავშირი არ აქვს.

ტელეგრამ-არხი 2020 წლის კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა. პირველ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ  “Грузинский прохожий” არის საავტორო არხი, საიდანაც მკითხველი მიიღებს უახლეს შეფასებას იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ეუთო

ტელეგრამზე, თავდაპირველად, კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში სატირული პოსტებიც ვრცელდებოდა, მაგალითად, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა საქართველო შეაქო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად გატარებული ღონისძიებებისთვის. მადლობა ტედროს, შენი სიტყვები საუკეთესო ვაქცინაა.” “არნოლდ შვარცნეგერმა ქართველებს რესტორნებში სიარულის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მაშინ კაფეში წავიდეთ, – უპასუხეს ქართველებმა.”

ეუთო

ამ პერიოდის შემდეგ 2022 წლის თებერვლამდე არხი როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ (1,2,3,4) და ეკონომიკურ სიახლეებს(1,2) ავრცელებდა, თუმცა ასევე შესამჩნევი იყო პუტინისა და პრორუსული პარტიების მიმართ ნაკლებად კრიტიკული დამოკიდებულება. “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო პლაკატის შესახებ, რომელზედაც, სავარაუდოდ,  გრაფიტისტმა პუტინის გამოსახულება მიახატა, ტელეგრამ-არხმა შემდეგი აზრი გამოთქვა: “და ისევ პუტინის ბრალია… ქართველი ნაციონალისტები არ იღლებიან რუსეთის პრეზიდენტის ფიგურის წინასაარჩევნო პიარ კამპანიაში გამოყენებით. ამჯერად, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ამსახველი პლაკატი მიკერძოებულად დაამონტაჟა ბათუმელმა გრაფიტისტმა ფსევდონიმით BIIMO. გახსოვდეს! ახლა ნებისმიერი პარტია, რომელიც უარყოფს ქართული ოპოზიციის ნაციონალისტურ რიტორიკას, უპირობოდ არის აღიარებული, როგორც პუტინის „მარიონეტი“.”

ეუთო

მაგალითად, 2022 წლის ივნისში ტელეგრამ-არხმა გაავრცელა საქართველოში “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერების მიერ აშშ-ისა და ევროკავშირის დროშების დაწვის ამსახველი ფოტომასალა. პოსტში ნათქვამია, რომ კონსერვატიული ღირებულებების და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის მხარდასაჭერად საქართველოში აქციები და ინდივიდუალური აქციები გაიმართა. პოსტის მიხედვით, ‘მოქალაქეებმა, რომლებიც არ იყვნენ გულგრილები თავიანთი ერისა და სახელმწიფოს ბედის მიმართ’, მასიურად დაწვეს ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები, რომლებიც საქართველოს  მოსახლეობისთვის ლგბტ დღის წესრიგის მთავარ გამტარებად ითვლებიან.

ეუთო

საინტერესოა ასევე ის, თუ როგორ გამოეხმაურა ტელეგრამ-არხი 2022 წლის  “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. მათი შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა უფრო დიპლომატიური ტექსტი პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკის გარეშე, რის გამოც ქართული ოპოზიცია “გაცოფდა” და მოითხოვდა ამ კონფლიქტში რუსეთის ნეგატიური როლის ასახვას. ასევე პოსტში დამატებით ვკითხულობთ: “საქართველომ ომში უნდა გააგზავნოს მთელი ქართული ოპოზიცია, პირველ რიგში, სააკაშვილის პარტია. ჯერ ერთი, ყველანაირად ამძიმებენ სიტუაციას და მეორეც, ოპოზიცია ჯერ კიდევ არ მუშაობს პარლამენტში, მხოლოდ აქციებისა და პიკეტების მოწყობით არის დაკავებული”. 

აუდიოჩანაწერის არქივის ბმულები:

Грузинский прохожий

ირაკლი ზაქარეიშვილის პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist