15 ივლისს ფეისბუკ-ანგარიშმა Светлана Городинская ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სამხედრო ფორმაში ჩაცმული სამი მამაკაცი რუსულად უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს. ვიდეოს ზედა ნაწილში წერია: ბოლოს და ბოლოს, ВСУ მიხვდა, რა რა არის! ვიდეოში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მათ ძველი იარაღი და ტექნიკა მისცა,რომელიც არ მუშაობს. ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილე ყვება, რომ აქ ხალხი იღუპება, ნამდვილი მტერი კიევშია, ამიტომ, დროა კიევზე წავიდნენ.
ფრაგმენტში, რომელსაც ფეისბუკ-მომხმარებელი ავრცელებს, არ ჩანს, თუ რომელ პრეზიდენტს მიმართავენ, თუმცა, თანდართული ტექსტი და კონტექსტი, რომ უკრაინაში ამჟამად ომია, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართითაა.
ვიდეო შეცდომაში შემყვანია და სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ვიდეო ინტერნეტში 2015 წლიდან იძებნება და მიმართვა უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მისამართითაა ჩაწერილი.
გავრცელებული ვიდეოს სრული ვერსია 2015 წლის 28 თებერვალს Андрей Грачёв-ის იუთუბ-არხზე გამოაქვეყნა. ანდრეი გრაჩევი ერთ-ერთია, რომელიც ვიდეოში მონაწილეობს. მის იუთ-არხზე მისივე მონაწილეობით სხვა ვიდეოებიც იძებნება.

სრული ვიდეო 12:37 წუთიანია და 5:05 წუთიდან ისმის, რომ ჯარისკაცები უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიმართავენ.
ჯარისკაცები პრეზიდენტს მიმართავენ, რომ ერთი დღით ჩავიდეს მათთან და ნახოს რა ხდება, რა პირობებში არიან. ისინი ამბობენ, რომ პოროშენკომ წესრიგი ვერ უზრუნველყო ქვეყანაში, არადა, არჩევნებზე ეს იყო მისი მთავარი სლოგანი. “აქ ხალხი იღუპება, რომ თქვენ შოკოლადში იცხოვროთ” – ისმის ვიდეოში.
ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც ფეისბუკზე გავრცელდა 10:49 – დან იწყება.
ავტორმა ფრონტიდან კიდევ რამდენიმე ვიდეო ატვირთა. აღწერიდან ვიგებთ, რომ ჯარისკაცები АТО ზონაში (ტერმინი, რომელსაც 2015 წელს ლუჰანსკისა და დონეცკის ტერიტორიების აღსანიშნავად იყენებდნენ, რომელსაც რუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ), დონეცკის აეროპორტთან არიან განლაგებული და იქ არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ. ვიდეოს ავტორმა ანდრეი გრაჩევმა პოროშენკოსადმი მიმართვა 6 მარტსაც გამოაქვეყნა.
რუსეთი უკრაინაში 2014 წლის 20 თებერვალს შეიჭრა და 18 მარტს ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. სტრატეგიული ობიექტის – “დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის” კონტროლისთვის ბრძოლები 2014-2015 წლებში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ობიექტს პრორუსი სეპარატისტები აკონტოლებდნენ.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიში Светлана Городинская ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური, პრორუსული და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს. მას დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.