1979 წლის 6 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ბერლინში გაკეთებულ მიმართვაში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა, ლეონიდ ბრეჟნევმა განაცხადა:
„ჩვენ არ ვესწრაფვით სამხედრო უპირატესობას… ჩვენი სტრატეგიული დოქტრინა მხოლოდ თავდაცვითია. ბრალდებებს, რომ საბჭოთა კავშირი თავის სამხედრო ძალას ევროპის კონტინენტზე იმ მასშტაბით ზრდის, რაც მისი თავდაცვის საჭიროებებს არ შეესაბამება, რეალობასთან კავშირი არ აქვს. ეს არის მოსახლეობის მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა.“
ბრეჟნევის განცხადება საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც 1979 წელს წამოიწყეს, რათა ხელი შეეშალათ NATO-სთვის, საპასუხო ნაბიჯები გადაედგა საბჭოთა კავშირის მიერ SS-20 ტიპის სარაკეტო სისტემების განთავსებაზე, რაც ევროპის კონტინენტზე მანამდე არსებულ ძალთა ბალანსს არღვევდა.
SS-20 ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საშუალო რადიუსის ბირთვულ სარაკეტო სისტემად ითვლებოდა, რომელსაც დაფარვის რადიუსთან ერთად, კარგი მობილობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიზუსტე ჰქონდა. საბჭოთა კავშირის მხრიდან მისმა განლაგებამ NATO-ს მოკავშირეებში სერიოზული შეშფოთება გამოწვია. გერმანიის კანცლერი ჰელმუტ შმიდტი თვლიდა, რომ SS-20-მა სტრატეგიული ბალანსი საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ შეცვალა და თუ ეს მზარდი დისბალანსი არ გამოსწორდებოდა, NATO-ს, როგორც სსრკ-ს შემაკავებელი ძალის ნდობა შესაძლოა შესუსტებულიყო.
სარაკეტო სისტემების განლაგება 1977 წელს დაიწყო და 1979 წელს აქტიურ ფაზაში გადავიდა. 1983 წლის მარტის მდგომარეობით, საბჭოთა კავშირს განლაგებული ჰქონდა 351 SS-20 მობილური დანადგარი, 1 053 საბრძოლო ქობინი და რამდენიმე ასეული უფრო ძველი SS-4 და SS-5 სისტემა. SS-20-ების განლაგება გაგრძელდა 1982 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა “ერთმხრივი მორატორიუმი” დამატებითი განლაგების შესახებ.
საბჭოთა კავშირის მზარდ შეიარაღებაზე NATO-ს საპასუხო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით, საბჭოთა პროპაგანდა აქტიურად ცდილობდა NATO-ს მოკავშირეების საპასუხო ნაბიჯები ცივი ომის კონფლიქტის გამწვავების მცდელობად წარმოეჩინა. პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტი საბჭოთა მაღალჩინოსნების განცხადებები იყო, რომელიც დასავლურ პრესაში შუქდებოდა და საბჭოთა კავშირს მსხვერპლად წარმოაჩენდა, ხოლო საბჭოთა შეიარაღების ზრდას – ევროპის კონტინენტზე ძალთა ბალანსის აღდგენის აუცილებლობით ხსნიდა.
რეალურად, ვარშავის პაქტის სამხედრო ძალების შესაძლებლობები სტაბილურად იზრდებოდა. NATO-ს სამხედრო შტაბის მონაცემებით, 1967-1980 წლებში სახმელეთო ძალების შემადგენლობის ზრდასთან ერთად, საბჭოთა კავშირის და ვარშავის პაქტის ტექნოლოგიური, ტაქტიკური და სამხედრო შესაძლებლობებიც სწრაფად პროგრესირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი მუდმივად უარყოფდა საკუთარ მცდელობას, ევროპის კონტინენტზე სამხედრო უპირატესობა მოეპოვებინა, 1984 წლისთვის კონვენციური ძალების შედარება სრულიად განსხვავებულ სურათს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს ძალები მაღალი კვალიფიკაციითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით სარგებლობდნენ, საბჭოთა კავშირის რაოდენობრივი სიმძლავრე აშკარა იყო.
