განახლება 11/02/2026 – მასალის გამოქვეყნების შემდეგ “მითების დეტექტორმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო პასუხი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 3 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა მოხმარების ფაილურ სერვერებზე უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
- საქართველოს და უკრაინის მსგავსად, ბიოუსაფრთხოების თემებზე კრემლის სამიზნე სომხეთიც აღმოჩნდა. კიბერდანაშაულის გზით მოპოვებულ საქართველოსა და სომხეთის ოფიციალური სტრუქტურების კონფიდენციალურ დოკუმენტებს, რომლებიც რუსულენოვანი ვიკილიქსზეა ატვირთული, კრემლის პროპაგანდა ხელოვნურად შექმნილ საფრთხეებზე ყურადღების გადატანის მიზნით იყენებს.
- რუსულენოვანი ვიკილიქსი ამტკიცებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციის გამო ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე “საფრთხე, პრაქტიკულად, გაქრა”, თუმცა “ლუგარის ლაბორატორიის ამერიკელი კურატორები სომხეთში გადავიდნენ”.
- კონკრეტული ბრალდებების მტკიცებულებებად წარმოდგენილი დოკუმენტები სიმულაციურ ხასიათს ატარებს და დიდწილად ადრე გავრცელებული დეზინფორმაციის განმეორებაა.
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შესახებ რუსულ ვიკილიქსზე ატვირთული დოკუმენტები კიბერდანაშაულის გზითაა მოპოვებული და სამიზნე უწყებები კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებს განეკუთვნება, “მითების დეტექტორმა” შესაბამისი სამართლებრივი უწყებისგან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ამ ფაქტზე გამოძიება და რა შედეგი დადგა ადრე გამოვლენილ იდენტურ დანაშაულზე.
2025 წლის 28 ნოემბერს რუსულენოვან ვიკილქსზე (Wikileaks.ru) გამოქვეყნდა სტატია, (არქივის ბმული) სახელწოდებით “ბიოლაბორატორია ლუგარის ფაილები” (“Biolab Lugara Files”), რომელშიც ვკითხულობთ, რომ ავტორები მათ გამოძიებას საუკუნის ყველაზე საშიში დაავადების – Covid-19-ის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს უძღვნიან და ამ მიზნით საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატიის შესახებ მათ მიერ სხვადასხვა წელს სამთავრობო უწყებებიდან გაჟონილ და კომპიუტერებიდან მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებენ.

სტატიაში საქართველოს ლუგარის კვლევითი ცენტრი აშშ-ს მიერ რეგიონის მასშტაბით ბიოლოგიური საფრთხის გავრცელების ინსტრუმენტად არის წარმოჩენილი. ავტორების მტკიცებით, ის დიპლომატიური საფარის ქვეშ პენტაგონის მიერ მართული ლაბორატორიაა, რომელიც ამერიკელების დაკვეთით ადგილობრივ მოსახლეობაზე ექსპერიმენტებს ხელოვნური ინფექციების საშუალებით ატარებს და ამ ლაბორატორიიდან საშიში პათოგენები მეზობელ სახელმწიფოებშიც, კერძოდ დაღესტანში (რუსეთის ფედერაცია), ვრცელდება.
დოკუმენტები ვებ-გვერდზე ორ ეტაპად გამოქვეყნდა. მეორე ეტაპზე 2025 წლის 12 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემები საქართველოდან მოპოვებულ 2020 და 2021 წლის ფაილებსა და სომხეთში აშშ-ს საელჩოდან მოპოვებულ დოკუმენტებს მოიცავს. როგორც პრეზენტაციაზე ვებ-გვერდის რედაქტორად მოხსენიებულმა ტიმ სტიგალმა თქვა, ამჟამად საქართველოს “ნორმალური მთავრობა” ჰყავს, რის გამოც “საფრთხე, პრაქტიკულად, გაქრა” და ლუგარის ლაბორატორიის ამერიკელი კურატორები სომხეთში გადავიდნენ”. ავტორების მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტები სომხეთში აშშ-ს ჩართულობით საშიში პათოგენების უკანონო ტრანსფერსა და მათი საშუალებით ექსპერიმენტის ჩატარებას ადასტურებს.
“მითების დეტექტორმა” პარტნიორ სომხურ ორგანიზაციასთან, ფაქტების გადამოწმების პლატფორმა CivilNetCheck-თან თანამშრომლობით რუსულ Wikileaks 2.0-ზე გამოქვეყნებული ქართული და სომხურენოვანი დოკუმენტები შეისწავლა.
საქართველოსა და სომხეთთან დაკავშირებით რუსულ ვიკილიქსზე ატვირთულია ფაილები სიმულაციური მტკიცებულებებად გამოიყენება, რადგან ისინი არელევანტურია იმ ბრალდებებთან მიმართებით, რომლებსაც აღნიშნული გამოცემა და სხვა კრემლისტური მედიასაშუალებები წლებია კულტივირებენ.
რა დოკუმენტებია ატვირთული Wikileaks.ru-ზე საქართველოს შესახებ?
რუსულენოვანი Wikileaks.ru საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ 2018, 2020 და 2021 წლებით დათარიღებულ დოკუმენტებს ავრცელებს. ავტორთა მტკიცებით, 2018 წელს მოპოვებული მათი პირველი არქივი 24,560 ფაილს და 54,582 მეილს მოიცავს. ვებ-გვერდზე ატვირთულ დოკუმენტებს შორის არის:
- ჯანდაცვის სამინისტროს 8 მაღალი თანამდებობის პირის სამსახურებრივი მეილებიდან მოპოვებული მონაცემები. კერძოდ: მინისტრ დავით სერგეენკოს, მინისტრის მოადგილეების თამარ გაბუნიასა და მაია ლაგვილავას, მინისტრის თანაშემწის სოფო ბელქანიას, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელების მარინა მკურნალის და მაია ნიკოლეიშვილის, პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეკატერინე ადამიას, ასევე USAID-ის ჯანდაცვის პროექტების გაძლიერების წარმომადგენლის თამთა კობახიძის.
- სტატიის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ “იმეილების გარდა, მათ დოკუმენტები სამთავრობო უწყებების სხვა თანამშრომლების კომპიუტერებიდანაც მოიპოვეს”.
- ვებზე ატვირთული ფოლდერებში, ავტორთა მტკიცებით, “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” შენობის გეგმაც არის. როგორც სამინისტრო, ასევე ცენტრი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხაშია შეყვანილი.


ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ:
- რეალურად ატვირთულია 52 ფაილი, რომლებიც დამატებით შიდა ფაილებსა და დოკუმენტებს შეიცავს. სტატიიის ბოლოს მითითებულია, რომ მასალა 24 560 დოკუმენტისგან შედგება და რეგულარულად განახლდება.
- დავით სერგეენკო გარდა, ფაილებში გვხვდება კიდევ ერთი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის სახელი.
- Wikileaks.ru-ს მტკიცების საწინააღმდეგოდ, “საიდუმლო დოკუმენტების” ფაილში ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე საიდუმლო კვლევების შესახებ ინფორმაცია ვერ აღმოვაჩინეთ. ეს ფაილი მრავალი სამუშაო დოკუმენტისგან შედგება, მოიცავს მემორანდუმებს, ინფორმაციას ვაქცინების დონაციის, შეთანხმებების, გრანტებისა და აუდიტის შესახებ, ასევე, კომუნიკაციას სხვა უწყებებთან და ა.შ.
- სოფო ბელქანიას (ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი) სახელითა და გვარით ფაილში ატვირთულ დოკუმენტებში მართლაც არის აღნიშნული, რომ აშშ აფინანსებდა სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის ბაქტერიებსა და ვაქცინებთან დაკაშირებით, თუმცა არცერთი მათგანი არ ითვალისწინებს საიდუმლო ექსპერიმენტებს. დოკუმენტები მიმდინარე პროექტებს, საგრანტო პროექტებსა თუ სხვა სახის ინფორმაციას ასახავს. ამავე ფაილში ატვირთულია საგრანტო პროექტები, რომელთა დონორებიც არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია; თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო; ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი (გრანტი განკუთვნილია კომუნალური ხარჯების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერისთვის); გლობალური ფონდი (ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროექტი); გაეროს ბავშვთა ფონდი (სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი); გაეროს ქალთა ორგანიზაცია (ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროექტი) და ა.შ.

რა ბრალდებებს აქვეყნებს Wikileaks.ru საქართველოს შესახებ და რეალურად რას ამტკიცებენ დოკუმენტები?
რუსულენოვანი ვიკილიქსი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები მეტწილად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ TV Zvezda-სთან და ჰეზბოლასთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას ძველ პუბლიკაციებს ეფუძნება, რომლებიც “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.
მტკიცება: ლუგარის ცენტრი ღამურების გამოყენებით კორონავირუსზე საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდა, რომელიც იმ ვუჰანის ლაბორატორიაში გაგრძელდა, საიდანაც კოვიდის “გლობალური ეპიდემია” გავრცელდა.
ფაქტი: ღამურებზე ცდები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლაბორატორიებში, მათ შორის რუსეთშიც ტარდება, ვინაიდან ღამურა, როგორც კორონას, ასევე ბევრი სხვა ვირუსის რეზერვუარია.
კვლევა, რომელზეც რუსული ვიკილიქსი მიუთითებს, გასაიდუმლოებული არ ყოფილა და საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრისა (ISTC) და საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების წლიურ ანგარიშებში და დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსი სპეციალისტის სადისერტაციო ნაშრომშიცაა გამოქვეყნებული. მითითებულ ფაილში სწორედ ეს ნაშრომია ატვირთული.
ღამურებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები:
- როგორ გაჟონა სამსახურებრივმა დოკუმენტებმა და რა ცდებს ატარებენ ქართველი მეცნიერები ღამურებზე?
- რუსული Военный Арсенал-ი, ბულგარული Arms Watch და სხვანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
მტკიცება: ლუგარის ლაბორატორიაში საშიშ პათოგენებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა, რომლის სამიზნე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
ფაქტი: ლუგარის ლაბორატორიაში საშიშ პათეგონებზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე მტკიცება მხოლოდ TV Zvezda-სთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის ძველ სტატიებს ეყრდნობა, რომლებიც თავის მხრივ, ცალკეულ სამსახურებრივი კორესპონდენციითა და დოკუმენტებით მტკიცებულებების სიმულაციას ახდენს.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაციები:
- როგორ ცდილობს კრემლი სკრიპალების საქმეში რუსული კვალის ლუგარის ლაბორატორიით გადაფარვას
- როგორ ჟონავდა დოკუმენტები ჯანდაცვის უწყებიდან ლუგარზე კიბერშეტევამდე?
- გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს
- ვინ და როგორ იყენებს ოფიციალურ დოკუმენტებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად
მტკიცება: ლუგარის ლაბორატორიიდან საშიში პათოგენები მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ დაღესტანის ტერიტორიაზე გავრცელდა. მაგალითად მოყვანილია 2015 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვანძოვანი კანის დაავადების (LSD) აფეთქება.
ფაქტი: მტკიცება, რომ 2015 წელს დაღესტანში ან სხვა ტერიტორიაზე ნოდურალური დერმატიტი საქართველოდან გავრცელდა, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია. იმისათვის, რომ დაავადება ლუგარის ლაბორატორიიდან სხვა ტერიტორიებზე გავრცელებულიყო, ჯერ ამ დაავადებების შემთხვევები ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირების არეალში უნდა გამოვლენილიყო, რაც არ მომხდარა.
გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, 2016 წელს დაავადება აქტიურად გავრცელდა აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთსა და რუსეთში. სწორედ 2016 წლის ნოემბერში ისტორიაში პირველად საქართველოს ტერიტორიაზე, მხოლოდ რაჭაში, 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
რა დოკუმენტებია ატვირთული Wikileaks.ru-ზე სომხეთის შესახებ?
Wikileaks.ru-ზე გამოქვეყნებული ფაილების მეორე ნაწილი (დაახლოებით 300 ფაილი) სომხეთს ეხება. ისინი სექციაში – “Files from US Embassy in Erevan” არის განთავსებული და შემდეგი სახის დოკუმენტებს მოიცავს:
- პროექტებს ბიოუსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ: სომხეთის მთავრობის ბრძანება ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ; დოკუმენტები აშშ-სთან თანამშრომლობით სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიების მოდერნიზების, ეპიდემიოლოგიის სფეროში პერსონალის გადამზადების შესახებ;

ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია დოკუმენტები, რომლებიც ავტორთა მტკიცებით, მათ ერევანში აშშ-ის საელჩოდან მოიპოვეს და შემდეგ მტკიცებებს მოიცავს:
- სომხეთში აშშ-ის საელჩოს პირველი მდივნის, დენ ჰეისტინგსის წერილი, რომელშიც თითქოს მან სომხეთის მთავრობას ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის (BTWC) შესაძლო დარღვევის ფაქტების დამალვა სთხოვა.
- კონგრესმენების სახელით მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილი წერილი, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი ინიცატივების მხარდაჭერას ითხოვდნენ.
საიტზე სომხეთის შესახებ ატვირთული დოკუმენტები CivilNetCheck-მა გააანალიზა
ფაილების სათაურები და აღწერილობები ხშირად ერთმანეთთან შეუსაბამოა. ზოგიერთი დოკუმენტი მართლაც ემთხვევა აღწერას და ჩვეულებრივ დიპლომატიურ ან სამსახურეობრივ კორესპოდენციას წარმოადგენს. გარდა დოკუმენტებისა, რომელიც უშუალოდ ბიოუსაფრთხოებას, ჯანდაცვის სფეროს და ამერიკის საელჩოს კონფიდენციალურ კორესპონდენციას შეეხება, რუსულენოვან ვიკილიქსში ატვირთულია ინფორმაცია სომხეთისა და ევროკავშირის, სომხეთისა და NATO-ს, სომხურ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების, USAID-ის, ევროკავშირისა და გაეროს პროექტების და სხვა ისეთი საკითხების შესახებ, რომელთაც ბიოლაბორატორიებთან კავშირი არ აქვს.
ასევე საყურადღებოა, რომ არქივში არსებული დაახლოებით 300 დოკუმენტიდან ბიოლოგიურ ლაბორატორიებთან დაკავშირებული არცერთი დოკუმენტი საიდუმლო, კონფონდეციალური ან კლასიფიცირებული არ არის.
რა ბრალდებას აქვეყნებს Wikileaks.ru სომხეთის შესახებ და რეალურად რას ამტკიცებენ დოკუმენტები?
მტკიცება: აშშ-ს მოთხოვნით, სომხეთში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის (BTWC) დარღვევა და სომხეთის ხელისუფლების მიერ ამ ფაქტების მიზანმიმართული დამალვა ხდებოდა.
ფაქტი: ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მსგავს ბრალდებას ადასტურებს, რუსულენოვან ვიკილიქსზე ატვირთული არ არის. შესაბამისად, ეს ბრალდება, მტკიცებულებების გარეშეა.
რუსულენოვანი ვიკილიქსი სტატიაში უთითებდა, რომ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის დარღვევასა და ამ ფაქტების მიზანმიმართულად დამალვას სომხეთში აშშ-ის საელჩოს პირველი მდივნის, დენ ჰეისტინგსის წერილი ასაბუთებდა. თუმცა, Wikileaks.ru-ზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმეტებში არც მსგავსი შინაარსის და არც დან ჰეისტინგსის ხელმოწერილი რაიმე ოფიციალური წერილი იძებნება.
დან ჰეისტინგსის სახელი არქივში მხოლოდ ერთხელ ფიგურირებს, ერთ-ერთ ტექნიკურ დოკუმენტში, სახელწოდებით „BTRP June 2008 Schedule“, რომელიც 2008 წლის ივნისში ამერიკული დელეგაციის ერევანში ვიზიტის განრიგს წარმოადგენს. ამ დოკუმენტში ჰეისტინგსი მითითებულია როგორც ვიზიტის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირი (Control Officer), რომლის ფუნქციაც დელეგაციის წევრების აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში თანხლება იყო. დოკუმენტებში არ მოიპოვება მონაცემები, რომლებიც მას ბიოლოგიურ იარაღთან ან საიდუმლო მოლაპარაკებებთან აკავშირებს.
ამასთანავე, დოკუმენტებში იძებნება Word-ის ფორმატში შექმნილი რედაქტირებადი ტექსტური ფაილი, რომლის ავთენტურობის გადამოწმება შეუძლებელია. სავარაუდოდ, სწორედ “Pentagon General Counsel Findings Armenia.doc“-ის სახელით დასათაურებული ეს „წერილია“ წარმოჩენილი კონვენციის დარღვევების სავარაუდო მტკიცებულებად და ის ჰეისტინგსს მიეწერება. თუმცა, ის არ არის ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტი – ბეჭდით, ხელმოწერით ან ოფიციალური ბლანკით და ამდენად მისი ავთენტურობა სათუოა.
საყურადღებოა, რომ ავთენტურობის დაუდასტურებელი ტექსტის შინაარსიც კი პრინციპულად ეწინააღმდეგება სტატიაში გახმოვანებულ ბრალდებებს. ტექსტი დაწერილია როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური მრჩევლის (General Counsel) სამართლებრივი დასკვნა. ამ დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის „ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის“ (BTRP) განხორციელებისთვის ხელმოწერილი შეთანხმება ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული პათოგენების გაცვლა განსახორხიელებლად დამატებითი საიდუმლო (კლასიფიცირებული) დოკუმენტები საჭირო არ არის.
რა ვიცით Wikileaks.ru-ს შესახებ?
გვერდის “ჩვენ შესახებ” სექციაში ვკითხულობთ, რომ Wikileaks 2.0 ანტიგლობალისტური მოძრაობის სპეციალური პროექტია და მრავალეროვნული მედია ორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული ბიბლიოთეკების საჯარო ფრენჩაიზის ნაწილია, რომლის პირველი ვერსია ჯულიან ასანჟის დაარსებულია.
2025 წლის 1 დეკემბერს რუსული დომენის მქონე ვიკილიქსის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია კრემლის პროპაგანდისტული მედიის Tass-ის შენობაში გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ვიკილიქსის ძველი დომენი რუსულით (.ru) “შესაძლო დაბლოკვის” პრევენციის მიზნით შეცვალეს. თუმცა, დაარქივებულ ვერსიებში აღმოვაჩინეთ, რომ საიტი რუსული დომენით (wikileaks.ru) მინიმუმ 2011 წლიდან სარგებლობდა.
Whois-ის მონაცემების მიხედვით, გვერდი 2009 წელს რუსეთში დარეგისტრირდა და მისი მფლობელი ფიზიკური პირია, რომლის ვინაობაც დაფარულია.

ვინ არიან რუსული Wikileaks 2.0-ის ხელმძღვანელები?
Wikileaks.ru ვებ-გვერდზე ავტორების სექციაში სამი პირია მოხსენიებული: ჯულიან ასანჟი, ალექს იონოვი და ტიმ სტიგალი. ასანჟი ასევე მოხსსენიებულია, როგორც ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, იონოვი, როგორც მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი, სტიგალი კი – მთავარი რედაქტორი.

იონოვმა და სტიგალმა 1 დეკემბერს Tass-ში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ტიმ სტიგალმა აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებს, თუ რა “საშიშ ექსპერიმენტებს” აფინანსებდა აშშ საქართველოში, მათ შორის, კოვიდის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა საქართველოში მოქმედი კრემლისტური პარტია “სოლიდარობა მშვიდობისათვის” საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია, რომელმაც მომხსენებლებს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
- ალექსანდრ იონოვი
ალექსანდრ (ალექს) იონოვი რუსული “ანტიგლობალისტური მოძრაობის” ლიდერია. ორგანიზაცია მსოფლიოში სხვადასხვა სეპარატისტულ მოძრაობასთან თანამშრომლობს. იონოვი აშშ-ის მიერ არის ძებნილი და საჭირო ინფორმაციის მიმწოდებლისთვის 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოა დაწესებული. მას ბრალი ედება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ აშშ-ის მოქალაქეების გადაბირებაში, ოფიციალური ბრალდების მიხედვით, “რუსეთის მთავრობის უკანონო აგენტებად აშშ-ის მოქალაქეების გამოყენებაში”.

ოფიციალურ ბრალდებაში ნათქვამია, რომ ის რუსეთის ფედერაციის საიდუმლო სამსახურის დავალებით მოქმედებდა და აკონტროლებდა ფლორიდაში, ჯორჯიასა და კალიფორნიაში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რითიც აშშ-ის პოლიტიკურ სისტემასა და არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ერთ-ერთ მიზანს კალიფორნიის შტატის აშშ-იდან გამოყოფა წარმოადგენდა.
ოფიციალურ წყაროებში ასევე ნათქვამია, რომ იონოვი თანამშომლობდა ევგენი პრიგოჟინის პროექტთან “ლახტა”, რომლის ფარგლებშიც დეზინფორმაციას არჩევნებში მათი სასურველი კანდიდატების მხარდაჭერისა და აშშ-ში სოციო-პოლიტიკური დაყოფის გაძლიერების მიზნით ავრცელებდნენ. აღსანიშნავია, რომ “ანტიგლობალისტურ მოძრაობასა” და იონოვთან კავშირშია ყოფილი რესპუბლიკელი ლუი მარინელი, რომელიც კალიფორნიის გამოყოფის მთავარი მომხრე და მოძრაობა Yes California-ს ლიდერი იყო. მარინელიმ მოსკოვში თვითგამოცხადებული კალიფორნიის საელჩო გახსნა და ეკატერინბურგში ცხოვრობდა.
- ტიმ სტიგალი
ტიმ სტიგალი, რომელმაც ამერიკის ხმასთან 2024 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი იურიდიული სახელი ტიმურ მაგომედოვია, ალექს იონოვის მსგავსად, აშშ-ის მიერ არაერთი დანაშაულის ჩადენის ბრალდებით არის ძებნილი. კერძოდ, აშშ-ის ოფიციალური უწყებების ცნობით, 2014-დან 2016 წლის აპრილამდე ის, სავარაუდოდ, 4 ცალკეულ შეთქმულებაში მონაწილეობდა, რომელთა მიზანიც საგადასახადო ბარათების მონაცემების მოპარვა იყო. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში სტიგალი, გამოსასყიდის არმიღების შემთხვევაში, მოპარული პირადი მონაცემების გავრცელებით დაიმუქრა.

ტიმ სტიგალი გამოცემა The Insider-ის მიერ ჩატარებული გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტია. საკითხი ეხებოდა GRU-ს სპეციალურ დანაყოფს, 29155-ს და კერძოდ მის ჰაკერულ დაჯგუფებას. The Insider-ის ცნობით, მას ყალბი პასპორტიც ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, ის თავს დანილა მაგომედოვად ასაღებდა და აღნიშნული დოკუმენტით მოგზაურობდა კიდეც. საგულისხმოა, რომ როგორც Insider-ი გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, მან დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრისთვისაც გამოიყენა. ის შეხვდა, სულ მცირე, ერთ “მოწმეს”, რომელიც მოგვიანებით ლუგარის ლაბორატორიაზე მომზადებულ სიუჟეტში კრემლთან და ჰეზბოლასთან დაახლოებულმა ბულგარელმა ჟურნალისტმა, დილიანა გაიტანჯიევამ გამოიყენა. Insider-ის შეფასებით, ტიმ სტიგალის, როგორც სახელმწიფო ჰაკერის, უდიდესი გამარჯვება შესაძლოა ის იყოს, რომ არცერთ კიბერუსაფრთხოების ექსპერტს ან სადაზვერვო სააგენტოს არასდროს დაუკავშირებია იგი GRU-სთან, მით უმეტეს, მისი “შავი ოპერაციების” განყოფილებასთან. მის სახელს ასევე უკავშირდება 2016 წლის მაისში QNB-ში, კატარის უდიდეს სახელმწიფო ბანკში შეღწევაც, რა დროსაც მომხმარებლების 1.5 გიგაბაიტი მონაცემები მოიპარეს..
აღსანიშნავია ისიც, რომ ტიმ სტიგალის შვილი, ამინ სტიგალიც კრიმინალური კიბერაქტივობის გამო აშშ-ის მიერ ძებნილი პირია. FBI-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მთავარი დაზვერვის დირექტორატის (GRU) 29155-ე დანაყოფთან კავშირში მყოფი სამოქალაქო პირი სტიგალი რუსეთის 5 სადაზვერვო ოფიცერთან ერთად, სავარაუდოდ, შეთქმულებაში მონაწილეობდა. მათი სამიზნე იყო კომპიუტერულ სისტემები, მათ შორის უკრაინის მთავრობის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სისტემები. ისინი, სავარაუდოდ, ასევე პასუხისმგებელნი არიან დასავლეთის ქვეყნებში კრიტიკული ინსფრასტრუქტურის მიზანში ამოღებასა და კომპრომატირებაზე. მათ ბრალად ედებათ კომპიუტერული ჰაკერული შეთქმულების სავარაუდო მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავდა დესტრუქციული მავნე პროგრამების განთავსებასა და სხვა დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას რუსეთის სტრატეგიული სარგებლისთვის.

ტიმ და ამინ სტიგალები დანაშაულების ჩადენას უარყოფენ. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამინ სტიგალმა აშშ-ის მიერ წარდგენილ ბრალს “სრული აბსურდი და ტყუილი” უწოდა.
ქართველი სამართალდამცავების რეაგირება კიბერდანაშაულზე
იმის გასარკვევად, დაწყებულია თუ არა გამოძიება და დადგა თუ არა რაიმე შედეგი, Wikilieaks.ru-ზე საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან სამსახურებრივი დოკუმენტების მოპოვების ფაქტზე, რაც გვერდის ავტორთა მტკიცებით კომპიუტერებში შეღწევის გზით განხორციელდა, ინფორმაცია ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან გამოვითხოვეთ. დამატებით დავინტერესდით, რა შედეგები დადგა 2019 წელს იმავე ინსტიტუტებიდან გაჟონილი დოკუმენტაციების გამოძიების ფაქტზე. სტატიის გამოქვეყნების დრომდე ოფიციალური უწყებებიდან “მითების დეტექტორს” პასუხი არ მიუღია.
წარსულში განხორციელებული კიბერშეტევები
- 2018 წელს ჯანდაცვის სისტემიდან გაჟონილი დოკუმენტაცია, რომელიც დილიანა გაიტანჯიევამ გამოაქვეყნა, “მითების დეტექტორმა” გამოავლინა, რასაც ჯანდაცვის იმდროინდელი მინისტრის დავით სერგეენკოს კომენტარი მოჰყვა, რომ მისი მიმოწერა და სხვა დოკუმენტები სავარაუდოდ ჰაკერული თავდასხმის დროს იყო მოიპოვებული და საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 6 იანვარს მედიის განვითარების ფონდისთვის მოწერილ წერილში გვაცნობა, რომ გამოძიება, 2019 წლის 3 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმეზე, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დაიწყო.
- 2020 წელს შსს-ზე დაყრდნობით მედიით გავრცელდა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებზე, კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაზე უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა წაიღეს დოკუმენტები და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ის ინტერნეტში ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე გაყალბებული სახით ატვირთეს. სამინისტროს ქვეყანა, საიდანაც თავდასხმა განხორციელდა საწყის ეტაპზე არ დაუსახელებია. ამ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო.
ვინაიდან რუსულ ვიკილიქსზე 2021 წლით დათარიღებული ჯანდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი დოკუმენტები და სამსახურებრივი კორესპონდენცია გვხვდება, სავარაუდოდ 2018 და 2020 წლის ზემოთდასახელებული ეპიზოდების შემდეგ კიბერდანაშაულის გზით მონაცემების მოპოვება სახელმწიფო უწყებიდან ისევ ხდებოდა, რასაც ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძის სამსახურებრივი იმეილი და მის სახელზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) Global Health Center-ის მიერ მიწერილი წერილიც ადასტურებს.


სომხეთის სამართალდამცავი უწყებების პასუხი
CivilNetCheck-ის მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოდ სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ფაილები 2000-იანი წლებიდან სომხეთის სხვადასხვა უწყებისა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს თანამშრომლობას ასახავს, თუმცა ისინი “საიდუმლო” ხასიათის არ არის.
“[…] გაცნობებთ, რომ მოთხოვნაში მითითებული ბმულები შეიცავს მრავალ დოკუმენტს, როგორც სომხურ, ასევე ინგლისურ ენებზე. დოკუმენტები ეხება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და სომხეთის რესპუბლიკის რამდენიმე სახელმწიფო უწყებას შორის თანამშრომლობას, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისით თარიღდება. დოკუმენტებს არ აქვთ “საიდუმლო“ კლასიფიკაციის ნიშნები, ატვირთულია სკანირებული ასლების სახით და არ არსებობს ინფორმაცია მათი გამჟღავნების გზის შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია”. – ვკითხულობთ წერილში.



















