17 ოქტომბერს ქართულმა და რუსულენოვანმა (1; 2) ფეისბუქ-ანგარიშებმა, ასევე რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა და რუსულენოვანმა Ukraina.ru-მ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ვაშინგტონში ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის ეკიპაჟი და “მხოლოდ უკრაინელები” დახვდნენ. ავტორების მტკიცებით, ზელენსკიმ ”შოუ დადგა” და ხელი ჩამოართვა პირებს, რომლებმაც მასთან ერთად იფრინეს, რათა შეექმნა წარმოდგენა, თითქოს მას ვინმე ნამდვილად ელოდებოდა.
პოსტებს დართული აქვს ერთ-ერთი დამხვედრი პირის გულსაბნევის ფოტო. მასზე უკრაინის დროშაა გამოსახული და დატანილია წარწერა, რომლის გარჩევაც შეუძლებელია.


დეზინფორმაციაა, თითქოს ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავთან მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და უკრაინელები დახვდნენ. კადრებში ჩანს, რომ მას სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსი, უკრაინის ელჩი აშშ-ში, ზელენსკის საპრეზიდენტო ადმინიტრაციის უფროსი, აშშ-ში უკრაინის სამხედრო ატაშე და ამერიკელი სამხედრო ხვდება. დახვედრის ცერემონიაში მონაწილეთა ვინაობა პროტოკოლითაა გათვალისწინებული და სხვა მაღალი დონის სტუმრებსაც მსგავსად ხვდებიან.
17 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შევედრამდე, მის თვითმფრინავს ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე დახვდნენ. დახვედრის ამსახველი კადრები უკრაინის პრეზიდენტის სოციალური ქსელის ანგარიშებზე გავრცელდა.
დახვედრის კადრებში ჩანს, რომ ზელენსკის თვითმფრინავთან რამდენიმე ადამიანი ელოდება და ესალმება. მათ შორისაა ამერიკის პროტოკოლის უფროსი, მონიკა ქროული. აშშ-ში მიღებული პრაქტიკაა საერთაშორისო სტუმრებს, განსაკუთრებით პრეზიდენტებსა და პრემიერებს, თვითმფრინავთან პროტოკოლის უფროსი დახვდეს.

ქროულთან ერთად უკრაინის პრეზიდენტს თვითმფრინავთან დახვდა აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოლჰა სტეფანიშინა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი.

ზელენსკის თვითმფრინავთან ესალმება აშშ-ში უკრაინის სამხედრო ატაშე ბორის კრემენეცკი (Борис Кременецький). სწორედ მასზე მიანიშნებენ ფეისბუქ-მომხმარებლები და რუსი პროპაგანდისტები. კრემენეცკის გენერლის ფორმა აცვია და უკეთია უკრაინის დროშის გამოსახულებიანი გულსაბნევი, რომელზე დატანილი წარწერის გარჩევა შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ბორის კრემენეცკი აშშ-ში ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკის ადრეც დახვედრია თვითმფრინავთან.

წყარო: Anton Gerashchenko / X
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას თვითმფრინავთან კიდევ ერთი ადამიანი ხვდება და ხელს ართმევს. მოცემული კადრებით ვერ ვადგენთ მის ვინაობას, თუმცა უნიფორმისა და ქუდზე გამოსახული სიმბოლოების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ის ამერიკის სამხედრო ძალებში მსახურობს, კერძოდ კი საჰაერო ძალებს წარმოადგენს.

აშშ-ში საერთაშორისო მაღალი დონის სტუმრებს, ძირითადად, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე რამდენიმე პირი ხვდება. პროტოკოლის თანახმად (გვ. 190), ცერემონიისას სტუმრებს წითელი ხალიჩითა და სამხედრო საპატიო კორდონით ხვდებიან, ისმის ამერიკისა და სტუმრის ქვეყნის ჰიმნები. სტუმრებს კი ესალმება ამერიკის პროტოკოლის უფროსი, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიცერი, ქვეყნის ელჩი აშშ-ში, აშშ-ის ელჩი სტუმრის ქვეყანაში და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლები. ვოლოდიმირ ზელენსკის დახვედრის კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტს სამხედრო საპატიო კორდონით დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის აშშ-ში ჩაფრენისას განსხვავებულად არ დახვედრიან. მაგალითად, 17 აპრილს დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩასულ იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის თვითმფრინავთან დახვდა აშშ-ის პროტოკოლის უფროსი და იტალიის ელჩი აშშ-ში, ასევე რამდენიმე სამხედრო პირი. ამდენად, სიმართლეს არ შეესააბმება მტკიცება, თითქოს ამერიკაში ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ უკრაინელები, თვითმფრინავის ეკიპაჟი ან მხოლოდ ის ადამიანები დახვდნენ, ვინც მასთან ერთად იმგზავრა. უკრაინის პრეზიდენტს პროტოკოლის დაცვით დახვდენენ და ამგვარად ხვდებიან პრეზიდენტებისა და პრემიერების უმრავლესობას.
17 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკაში ჩაფრინდა და დონალდ ტრამპს შეხვდა. უკრაინული მხარისთვის შეხვედრის მიზანი იყო ტრამპი დაემტკიცებინა და მათთვის ტომაჰავკის რაკეტები გადაეცა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. გამოცემა POLITICO-ს წყარო უყვება, რომ ამერიკული მხარე დაუბრუნდა პოზიციას, რომლითაც უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს და ომი “არსებულ საზღვრებში დაასრულოს.”
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















