დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი, კონსპიროლოგი, ანტიგლობალისტი – ვინ არიან რეალურად “ოცნების” საერთაშორისო დამკვირვებლები?

კითხვის დრო: 10 წუთი

კითხვის დრო: 10 წუთი

Observers
2.7k
VIEWS

განახლება (17/10/2025) – მასალას დაემატა ინფორმაცია პროსახელისუფლებო მედიის მიერ “საერთაშორისო დამკვირვებლად” წარდგენილ, დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელ ივ ალფის ულტრამემარჯვენე მოძრაობასთან კავშირზე. 

2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ოფიციალურად 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა. წელს პირველად არჩევნებს არ აკვირდებოდა საქართველოში მოქმედი სამი წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაცია –  “სამართლიანი არჩევნები“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ასევე უარი თქვა არჩევნების დაკვირვებაზე. ორგანიზაციის განცხადებით, მოწვევა არჩევნებამდე ერთი თვით ნაკლებ დროში მოხდა, რაც შეუძლებელს ხდიდა გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო მონიტორინგის შესაძლებლობას. 

4 და 5 ოქტომბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები “საერთაშორისო დამკვირვებლებად” წარადგენდნენ და აშუქებდნენ იმ პირთა ციტატებს, რომელთა ნაწილი ევროპული საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელმა “დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმამ” (EPDE) ფსევდო დამკვირვებლებად შეაფასა.

საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული სახელმწიფოები ან მათთან დაახლოებული ჯგუფები იყენებენ ე.წ. ფსევდო დამკვირვებლებს, ფორმალურად დამოუკიდებელ, მაგრამ რეალურად მიკერძოებულ პირებს, რომელთა მიზანია ამა თუ იმ  ხელისუფლების  ლეგიტიმაციის განმტკიცება. მსგავსი ტენდენცია უკვე შეინიშნებოდა 2024 წლის არჩევნებზეც, როდესაც რიგი უცხოელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით მოქმედებდნენ, საჯაროდ იმეორებდნენ მმართველი პარტიის ნარატივს არჩევნების “სამართლიანობისა და გამჭვირვალობის“ შესახებ, მიუხედავად ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის განცხადებებისა დარღვევებზე, ზეწოლასა და დაშინების ფაქტებზე. “მითების დეტექტორის“ მიერ წარსულში ჩატარებულმა კვლევამაც დაადგინა, რომ მათ შორის იყვნენ საეჭვო რეპუტაციის მქონე უცხოელი პირები, რომელთაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ფსევდო დამკვირვებლის სტატუსს ანიჭებენ. 

“მითების დეტექტორმა” ასევე შეისწავლა ღია წყაროებით ხელმისაწვდომი მონაცემები იმ დამკვირვებლების/ანალიტიკოსების შესახებ, რომელთა ციტატებსაც საარჩევნო პროცესის გამართულად მიმდინარეობასთან დაკავშირებით პროსახელისუფლებლო მედია 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად აქვეყნებდა.

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ:

  • ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი  ხელმძღვანელობს სამგლოვიარო სერვისების კომპანია Caritas Obsèques-ს და სადამკვირვებლო საქმიანობასთან მისი კავშირი ღია წყაროებში არ ფიქსირდება.  
  • ფრანკ პენგამი პლატფორმა Géopolitique Profonde-ის თანადამფუძნებელია; 2024 წელს დამკვირვებელი იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მათ შორის, დონბასში;
  • ფრანსუა-ქსავია ჟიკელი ორგანიზაცია SOS Chrétiens d’Orient-ის ყოფილი დირექტორია; სავარაუდოდ, აფინანსებდა ასადის რეჟიმის მილიციას; 2011 წელს ულტრამემარჯვენე პარტიიდან ნაცისტური მისალმების გამო გარიცხეს. ჟიკელი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდა; 
  • პოლონელი დამკვირვებლები, პატრიკ იგნაშჩაკი და  ბეატა ტროჩანოვსკა ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ორგანიზაცია Ordo Iuris-თან არიან დაკავშირებული, რომელიც, თავის მხრივ, ბრაზილიურმა ორგანიზაციამ TFP (Tradição, Família e Propriedade) დააფუძნა. ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს სტრუქტურებთან, რომლებიც რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის ფონდიდან ფინანსდებიან;
  • ლორან ოზონი ფრანგი ანალიტიკოსია, რომელიც  ხშირად აკრიტიკებს დასავლურ პოლიტიკურ სისტემას, ლიბერალურ დემოკრატიას, გლობალიზმსა და დასავლეთის სამხედრო ალიანსებს, განსაკუთრებით კი NATO-სა და აშშ-ის გეოპოლიტიკურ გავლენას. უკრაინელებს უწოდებს “ნეოგლობალისტების მოკავშირეებს”, რომლებიც დასავლურ სტრუქტურებს ემსახურებიან და ამით ეროვნულ სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. დაზუსტება: ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ოზონი საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით არ ყოფილა და არჩევნებს პოზიტიურად მხოლოდ X-ზე გამოეხმაურა, რაც სახელისუფლებო მედიამ არჩევნების დადებითი გაშუქებისთვის გამოიყენა.
  • ისტვან ჰოლიკი უნგრეთის მმართველ პარტიას წარმოადგენს, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის ინსტიტუტებს.
  • სახელისუფლებო მედია აღნიშნულ პირებს საერთაშორისო დამკვირვებლებად წარმოაჩენდა და მათ პოზიტიურ შეფასებებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით უკრიტიკოდ ავრცელებდა. 

 გთავაზობთ ცნობებს იმ პირებზე, რომლებსაც მედია ციტირებდა: 

  • ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი
საერთაშორისო დამკვირვებლები
საერთაშორისო დამკვირვებლები

ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი, რომელიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებში (იმედი, პოსტვ, რადიო იმედი, ინფო 9, Newshub, რეპორტიორი) მოიხსენიება, როგორც “საერთაშორისო დამკვირვებელი“, სინამდვილეში, კერძო ბიზნესის სფეროს წარმოადგენს. “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებით  მის მიერ რომელიმე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას ან განცხადებას ვერ მიაკვლია. მისი პროფესიული საქმიანობა არა  პოლიტიკურ, საარჩევნო ან საერთაშორისო მონიტორინგის სფეროებთან, არამედ საფრანგეთში სამგლოვიარო სერვისების ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული.

ივ მარი ალფი  კომპანია Caritas Obsèques-ს ხელმძღვანელობს. აღნიშნული კომპანია სპეციალიზდება სამგლოვიარო მომსახურებებში, მათ შორის, დაკრძალვის ორგანიზაციული საკითხების, რიტუალური და ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ცნობებით, ივ ალფი არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, პარტიებთან ან სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. მისი საქმიანობა ფოკუსირებულია სამგლოვიარო სერვისების მართვაზე, სიცოცხლისა და სიკვდილის თემებისადმი მეტაფიზიკურ დამოკიდებულებაზე. კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ალფი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახურ და ქრისტიანულ ღირებულებებს. მას ექვსი შვილი ჰყავს და აღნიშნავს, რომ იზიდავს ოჯახური კავშირები და დახმარების გაწევა ოჯახის წევრებისთვის რთულ მომენტებში, რაც მისი მუშაობის სტილზეც აისახება. იგი ცდილობს, რომ მორალური, სულიერი მხარდაჭერა შესთავაზოს გარდაცვლილთა ოჯახებს.

საერთაშორისო დამკვირვებლები
ივ ალფი სასაფლაოზე          

ანგელისის სარიტუალო ბიუროს (Pompes funèbres Angelis) ფეისბუქ და ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ივ ალფის თბილისში ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც ის სარიტუალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ფეისბუქ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ის ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეხვდა. “ის ეწვია თბილისში რამდენიმე სასაფლაოს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაცვალა მოსაზრებები დაკრძალვის მემკვიდრეობის მენეჯმენტის შესახებ. ასევე, პატივი ჰქონდა, შეხვედროდა სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს…”  – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოც ერთვის.

საერთაშორისო დამკვირვებლები

პოსტს დართული აქვს ასევე ფოტოები, რომლებზეც ივ ალფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბეიჯით სასაფლაოზე იმყოფება. 

საერთაშორისო დამკვირვებლები
ფოტო: Pompes funèbres Angelis/ Facebook 

სარიტუალო და დამკრძალავი სერვისების სფეროში საქმიანობამდე, ივ მარი ალფი, Goldofaf-ის ფსევდონიმით იყო ცნობილი და ფრანგული ულტრამემარჯვენე რეპის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნეოდა. ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ულტრამემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებთან. 2007 წელს გამოშვებული მისი მუსიკალური ვიდეორგოლი  Gravé dans la roche ქსენოფობიურ მანიფესტად მიიჩნევა, ხოლო მისი სხვა ნამუშევრები ქუჩის ჩხუბისა და ძალადობის კადრებს, ულტრამემარჯვენე ისტორიული ფიგურების მხარდაჭერ მესიჯებს, ანტისემიტურ იდეოლოგიურ მოტივებსა და ულტრამემარჯვენე ძალადობრივ სიმბოლიკას შეიცავდა

ივ მარი ალფის მუსიკალური მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული Renouveau français (RF)-ის მოძრაობასთან – ნაციონალისტურ, კათოლიკურ და კონტრრევოლუციურ გაერთიანებასთან, რომელიც 2005 წელს ჩამოყალიბდა და თავს Garde Franque (GF)-ის იდელოგიური მემკვიდრედ მიიჩნევს. ორლეანის ანტიფაშისტური პლატფორმის La Horde-ის ინფორმაციით, ივ მარი ალფი აქტიურად მონაწილეობდა RF-სთან დაკავშირებული ძალადობრივი ჯგუფის ინიციატივებსა და კამპანიებში ლუარეს დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ნოემბერში ივ მარი ალფი ჟურნალისტმა მურად გიშარმა დაშინებასა და ზეწოლაში დაადანაშაულა, რადგან ალფი მასთან სახლში მივიდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მასზე კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა.

ფოტო: lahorde.info

  • ფრანკ პენგამი
საერთაშორისო დამკვირვებლები
საერთაშორისო დამკვირვებლები

ფრანკ პენგამი, რომელსაც სახელისუფლებო მედია (იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, სააგენტო სივრცეები, კვირა, ინფო 9)  საერთაშორისო დამკვირვებლად წარმოაჩენს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საფრანგეთზე უკეთესად აფასებს.

პენგამი პლატფორმა Géopolitique Profonde-ის თანადამფუძნებელი და სტატიების ავტორია. იგი თავად აღწერს პლატფორმას როგორც “პერსპექტივას ალტერნატიული მედიაგამოცემების მიმართ“ და ამ პლატფორმაზე გავთავსებული მასალები ხშირად ასახავს კრიტიკულ და სკეპტიკურ ნარატივებს დასავლეთის, NATO-სა და ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ. Conspiracy Watch-ის შეფასებით, Géopolitique Profonde არის კონსპირაციული მედიაპლატფორმა, რომელიც სისტემატურად ავითარებს ანტი-დასავლურ, ანტი-NATO, ანტი-გლობალისტურ და პრო-რუსულ ნარატივებს. მათივე ცნობით, თავდაპირველად ეკონომიკურ თემებზე ორიენტირებული საიტი დროთა განმავლობაში გადაიქცა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელ ქსელად, სადაც განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დიდი გადატვირთვა, ახალი მსოფლიო წესრიგი, “პლანდემია” და ა.შ.

2024 წლის მარტში პენგამი ე.წ. “საერთაშორისო დამკვირვებელის“  სახელით მონაწილეობდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, არამედ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც – დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში. ეს არჩევნები საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩატარდა და OSCE-ს, ევროკავშირს და გაეროს მისი ლეგიტიმურობა არ უცნია.  მიუხედავად ამისა, რუსულ მედიაშიპენგამი წარდგენილი იყო, როგორც ერთ-ერთი უცხოელი დამკვირვებელი, რომელმაც რუსული არჩევნების შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„გაოცებული ვარ ამ საარჩევნო უბნით. ყველაფერი შესანიშნავად არის ორგანიზებული. საფრანგეთშიც კი ყველა უბანს არ აქვს ვიდეოკამერები, როგორც აქ. ჩემი აზრით, ეს დიდი ნაბიჯია დემოკრატიისკენ.“

ფრანკ პენგანი აცხადებდა, რომ  დასავლური მედია არ იღებს ალტერნატიულ შეხედულებებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და ზღუდავს განსხვავებული ნარატივების გავრცელების შესაძლებლობას. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას გადაიღო ვიდეომასალა დონბასის მოვლენებზე, ჩაწერა  ინტერვიუები ცნობილ პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან, მათ შორის ალექსანდრ დუგინთან, ალექსეი პუშკოვთან, მარია ზახაროვასთან, ანატოლი კარპოვსა და ნიკიტა მიხალკოვთან.

საერთაშორისო დამკვირვებლები
ფრანკ პენგამი 2024 წელს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე და 2025 წელს Russia Today-ის ეთერში

TASS-ის ცნობით, პენგამი იმ ჟურნალისტებს შორის იყო, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პრეს-ტურში. ჟურნალისტები ლიბანიდან, ერაყიდან, აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან და სერბეთიდან ესტუმრნენ  დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასევე გაეცნენ სამხედრო ერთეულების  („ახმატის“ სპეცრაზმი და “მაქსიმ კრივონოსის“ დივიზია) მოქმედებებს და მარიუპოლის “რეკონსტრუქციის“ პროცესს.

EPDE-ს და Conspiracy Watch-ის ანალიზებში Géopolitique Profonde-სთან დაკავშირებული ფიგურები, მათ შორის ფრანკ პენგამი, აღწერილი არიან როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული ანალიტიკოსები, რომლებიც დასავლეთისადმი კრიტიკული პოზიციების მეშვეობით, ხშირად უწყობენ ხელს რუსეთის ინტერესების გატარებას საერთაშორისო ასპარეზზე.

  • პატრიკ იგნაშჩაკი 
საერთაშორისო დამკვირვებლები

პატრიკ იგნაშჩაკი პოლონელი იურისტი და ანალიტიკოსია, რომელიც მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციასთან Ordo Iuris არის დაკავშირებული. თავად ორგანიზაცია დაფუძნდა ბრაზილიური მოძრაობის TFP-ის (Tradição, Família e Propriedade) პოლონური ფილიალის მიერ. Reset Obywatelski-ის ცნობით, აღნიშნული TFP მრავალი სკანდალით არის ცნობილი. მათივე ინფორმაციით, Ordo Iuris-ის დამფუძნებელი კომპანია  2014 წელს კრემლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების World Congress of Families პარტნიორი იყო. ასევე, Ordo Iuris თანამშრომლობს ორგანიზაციებთან (CitizenGo, Alliance for the Common Good), რომლებიც იღებენ დაფინანსებას წმინდა ბასილის ფონდიდან, რომელიც  რუს ოლიგარქს, კონსტანტინ მალოფეევს ეკუთვნის.

იგნაშჩაკის  სახელი ფიგურირებს იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებში, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში არჩევნებზე დაკვირვების პრაქტიკას იკვლევენ. მაგალითად,, FakeObservers და “დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა” (EPDE) ასახელებენ იგნაშჩაკს იმ პირებს შორის, ვინც 2024 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობდა როგორც ე.წ. „საერთაშორისო დამკვირვებელი“. ეს პლატფორმები აღნიშნავენ, რომ მისი მისია და საჯარო განცხადებები გამოიყენებოდა მმართველი პარტიის მხარდამჭერი მედიასაშუალებების მიერ იმის საჩვენებლად, რომ არჩევნები მშვიდობიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული იყო.

  • ბეატა ტროჩანოვსკა
საერთაშორისო დამკვირვებლები

კიდევ ერთი დამკვირვებელი, რომელიც ამავე ორგანიზაციასთან (Ordo Iuris) არის დაკავშირებული, არის ბეატა ტრეჩანოვსკა. ბეატა ტრეჩანოვსკა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდა, თუმცა მისი გვარი ტელეკომპანია “იმედს” “ტროხანოვსკად” ჰქონდა მოხსენიებული.  ბეატა ტროჩანოვსკას სახელი ფიგურირებს იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებში, რომლებიც  არჩევნებზე დაკვირვების პრაქტიკას იკვლევენ. მაგალითად, FakeObservers და “დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა” (EPDE) ბეატა ტროჩანოვსკას პატრიკ იგნასჩაკთან ერთად იმ პირებს შორის ასახელებენ, ვინც 2024 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობდა როგორც ე.წ. “საერთაშორისო დამკვირვებელი”. 

  • ლორან ოზონი
საერთაშორისო დამკვირვებლები

ლორან ოზონი ფრანგი ანალიტიკოსია, რომელიც  ხშირად აკრიტიკებს დასავლურ პოლიტიკურ სისტემას, ლიბერალურ დემოკრატიას, გლობალიზმსა და დასავლეთის სამხედრო ალიანსებს, განსაკუთრებით კი NATO-სა და აშშ-ის გეოპოლიტიკურ გავლენას. ამ ნარატივებში იგრძნობა საფრანგეთის ახალი მემარჯვენე მოძრაობის (Nouvelle Droite) იდეების გავლენა, სადაც ეროვნული იდენტობა და კულტურული თვითმყოფადობა განიხილება როგორც დასავლური დეკადანსის ალტერნატივა.

ოზონის ხედვა რუსეთ-უკრაინის ომზე თანხვედრაშია რუსული დეზინფორმაციული ნარატივებთან. იგი ომს აღწერს არა როგორც რუსეთის აგრესიას უკრაინაზე, არამედ როგორც აშშ-ისა და NATO-ს ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომში ის პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს,  ამავე დროს, რუსეთსა და დონბასის სეპარატისტულ ძალებს წარმოაჩენს პატრიტებად, რომლებიც საკუთარ ისტორიიასა და  კულტურას გლობალისტური იდეოლოგიისგან იცავენ. ოზონი უკრაინელებს უწოდებს “ნეოგლობალისტების მოკავშირეებს”, რომლებიც დასავლურ სტრუქტურებს ემსახურებიან და ამით ეროვნულ სუვერენიტეტს უთხრიან ძირს.

ოზონი ასევე უპირისპირდება მონდიალიზმს,  წერს, რომ გლობალიზაციის პროცესები ხელს უწყობენ მასობრივი მიგრაციისა და კულტურული მრავალფეროვნების დაკარგვას. მონდიალიზმი მისთვის წარმოადგენს დასავლეთის მიერ შემუშავებულ იდეოლოგიურ მექანიზმს, რომლის მიზანია ტრადიციული იდენტობების მოშლა მისი აზრით, დასავლური დემოკრატიები არა თავისუფლებას, არამედ მასობრივ მანიპულაციას იწვევენ.  

ოზონი გამოეხმაურა 4 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მას “პროდასავლური და პროევროკავშირული ბანაკისთვის დიდი მარცხი და სუვერენიტეტისტების დიდი გამარჯვება” უწოდა

საერთაშორისო დამკვირვებლები

მედია გაშუქების განახლება: ოზონი საქართველოს ადგილობრივ არჩევნებს X-ის პოსტით გამოეხმაურა, რაც პროსახელისუფლებო მედიამ არჩევნების პოზიტიური გაშუქებისთვის გამოიყენა და მისი პოსტი ტელეკომპანია იმედის (1;2), რადიო იმედის (1;2); რადიო სივრცის (1;2);  და სააგენტო სივრცეების (1;2) გვერდებზე გამოაქვეყნა.

  • ჯეიკ ბარეტ ჰოფმანი 
საერთაშორისო დამკვირვებლები

ჯეიკ ბარეტ ჰოფმანი ფლორიდაში რესპლუბლიკელთა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია. იგი თავის საქმიანობას უკავშირებს ამერიკის რესპუბლიკურ პარტიის იდეოლოგიას, რომელიც კონსერვატიულ ღირებულებებზე არის დაფუძნებული და ეწინააღმდეგება დემოკრატების პოლიტიკას. 2022 წელს ჯეიკ ჰოფმანი იყრდა კენჭს ფლორიდის წარმომადგენელთა პალატაში, 65-ე ოლქში, თუმცა ის პრაიმერში ის დამარცხდა.

ჯეიკ ჰოფმანმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის შემდეგ თავის X-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა რამდენიმე პოსტი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხებოდა (1;2). მისი თქმით, ის ვერ იგებს, თუ რატომ აპროტესტებს მოსახლეობის ნაწილი არჩევნებს და აცხადებს, რომ ტექნიკურად ეს არჩევნები გამართული და გასაყალბებლად რთულია. ამასთანავე იგი ამ პოსტებში არ ეხება ლეგიტიმურობის ნაწილს და საუბრობს მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე საარჩევნო უბნებზე. 

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია იმედის ფეისბუკის გვერდზე ჰოფმანის კომენტარი სხვა ადამიანის ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა. 

საერთაშორისო დამკვირვებლები
როგორ გამოიყურება ჰოფმანი რეალურად 
საერთაშორისო დამკვირვებლები
როგორ გამოიყურება ჰოფმანი “იმედის” საინფორმაციო ბარათზე

  • ისტვან ჰოლიკი
საერთაშორისო დამკვირვებლები

ისტვან ჰოლიკი  უნგრელი პოლიტიკოსია, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტია Fidesz-ს და ასრულებს პარტიის კომუნიკაციების დირექტორის როლს. იგი ცნობილია თავისი კონტროვერსიული განცხადებებით რუსეთისა და ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ.

ჰოლიკი ღიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. მისი აზრით, სანქციები უფრო მეტად აზარალებს ევროკავშირის ქვეყნებს, ვიდრე რუსეთს. 

ჰოლიკი ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მისი აზრით, არ ემსახურება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. 2022 წელს მან ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუცია მიუღებლად შეაფასა, რომელიც, მისი თქმით, იყო “უკიდურესად მემარცხენე და სანქციების მომხრე უმრავლესობის” გადაწყვეტილება.

ამასთან, ჰოლიკი მხარს უჭერს უნგრეთის პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის ლიკვიდური ბუნებრივი აირის (LNG) სანქციებს. ჰოლიკი აცხადებს, რომ არასწორი პოლიტიკის გატარებამ, მათ შორის, სანქციებმა შესაძლოა საფრთხეს შეუქმნას უნგრეთის ენერგეტიკულ სტაბილურობას და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. გარდა ამისა, ჰოლიკი აკრიტიკებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და აღნიშნავს, რომ უკრაინის  გაწევრიანება ძალიან დიდ ფინანსურ ტვირთს დააკისრებს ევროკავშირს, რომელსაც მისი ეკონომიკა ვერ აიტანს.

  • ანდრაშ ლასზლო, ლორენც ნაჩა, ხუან ეფრეინ როჩა
საერთაშორისო დამკვირვებლები

აღსანიშნავია, რომ უნგრელი პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან, მათ შორის ანდრაშ ლასზლო და  ლორენც ნაჩა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდნენ. როგორც ლორენც ნაჩა, ასევე ანდრაშ ლასზლო აკრიტიკებენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიმართ, ასევე მათი  დამოკიდებულება ევროკავშირისა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიკურია.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს “საერთაშორისო” დამკვირვებლის სტატუსით ასევე აკვირდებოდა ხუან ეფრაინ როჩაც. როჩა 2024 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ერთ-ერთ დეპარტამენტში  თანამდებობის პირი იყო. ეს პირები “მითების დეტექტორის”  European Platform for Democratic Elections (EPDE), FakeObservers Project და DFRLab-ის მიერ გამოვლენილი საეჭვო რეპუტაციის მქონე დამკვირვებლების სიაში გვხვდებიან, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების ლეგიტიმაციის მიზნით იყენებენ.

  • ფრანსუა-ქსავია ჟიკელი,  მარკ ფრანსის ლუის გაირინი, ალენ ჟან მარი ავრილი 
საერთაშორისო დამკვირვებლები

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს ის საეჭვო რეპუტაციის მქონე დამკვირვებლებიც დაესწრნენ, რომლებიც 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდნენ. “მითების დეტექტორს” უკვე გამოვლენილი ჰყავს  ფრანგი დამკვირვებლები: ფრანსუა-ქსავია ჟიკელიმარკ ფრანსის ლუის გაირინი (2024 წელს იგივე პირი “იმედს” ალან ჟან მარიდ ჰყავდა იდენტიფიცირებული) და ალენ ჟან მარი ავრილი (ალან ავრილი).  

ფრანსუა ჟიკელი, რომელიც, ორგანიზაცია SOSCO-ს ხელმძღვანელი იყო, სავარაუდოდ, ასადის რეჟიმის მილიციას ფარულად აფინანსებდა, 2011 წელს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიიდან ნაცისტური მისალმების გამოყენების გამო გარიცხეს. 

საერთაშორისო დამკვირვებლები
New Lines Magazine

მარკ გერინი, ფრანგი საჯარო მოხელე, წარსულში დაკავშირებული იყო პარტია Les Républicains-თან, შემდეგ კი შეუერთდა ერიკ ზემორის ევროსკეპტიკურ პარტიას Reconquête. 
ალენ ჟან მარი ავრილი კი, ფრანგული წყაროს (Les Surligneurs) მიხედვით ტანსაცმლის ბრენდ Aper-ის დამფუძნებელია. ბრენდი თავს წარმოაჩენს როგორც “პატრიოტული ტანსაცმლის” მწარმოებელი და ებრძვის “ვოუქიზმს”. ავრილი ასევე ასოცირებულია ულტრამემარჯვენე პლატფორმა Riposte Laïque-თან.

ფრანგი ულტრამემარჯვენე დამკვირვებლების შესახებ სტატია 2024 წლის დეკემბერში ფრანგულმა საგამოძიებო მედიამ Les Surligneurs “მითების დეტექტორის” კვლევაზე დაყრდნობით გაავრცელა. სტატიის თანახმად, ფრანგი ულტრამემარჯვენე დამკვირვებლები, აზიიდან და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ პრორუსულად განწყობილ სხვა ფიგურებთან ერთად, აქტიურად იქნენ გამოყენებულნი საქართველოს მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ იმის საჩვენებლად, თითქოს არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდა და რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR/OSCE) დასკვნებს, სადაც სერიოზული დარღვევები იყო დაფისიქრებული.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist