სოციალურ ქსელში ხშირად შევხვდებით პოსტებს, რომლებშიც საპროტესტო აქციის მონაწილეები “აკაცუკებად” არიან მოხსენიებული. ტერმინი აქტივისტებთან კავშირში პირველად 2024 წელს გაჩნდა და მას შემდეგ პროტესტზე საუბრისას “ქართული ოცნებისა” და სამთავრობო მედიის არაერთმა წარმომადგენელმაც ახსენა.
ირაკლი კობახიძე (1;2): “ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51-ე აკაცუკად დადგა. როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს შეხვდე? მან თქვა, რომ ის იყო არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ის იყო აკაცუკი”;
“ეს არის ნაცის სახე. ის 20 წლის აკაცუკიც, სინამდვილეში, არის ნაცი…”
შალვა პაპუაშვილი: “[…] ყველაფერს ახლა ერქმევა თავისი სახელი, ამ აკაცუკურ მოძრაობას, რომელიც ქვეყნის ატრიალებას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორა ამაში მხარს აგვიბამს…”
კახა კალაძე (1;2;3): “არსებული 30 აკაცუკი და მათი ყვირილი, ხავილი არავის აინტერესებს. ამ დაჯგუფებაში არიან მოძალადეები…”;
“რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, გადაკეტავს გზას, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის დედაქალაქის მოსახლეობას”.
“როდესაც 30 აკაცუკი მივიდა საარჩენო შტაბთან, რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან?”
თენზიგ შარმანაშვილი: “10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე. შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და ეს კანონი მათ არ შეეხება. “აკაცუკიზმი” უნდა დასრულდეს”.
აქციის მონაწილეებს “აკაცუკებად” მოიხსენიებენ ანტიოპოზიციურ ფეისბუქ-გვერდებზეც, რომლებზეც აქტივისტების დისკრედიტაციისკენ მიმართული პოსტები ხშირად ქვეყნდება (1;2;3;4;5;6).


- როდის დაუკავშირეს “აკაცუკები” აქტივისტებს?
“აკაცუკები” რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე 2024 წლის 28 სექტემბერს ახსენეს. ერთ-ერთმა აქტივისტმა, მიხეილ მესხმა, გამოსვლისას თქვა (1:13:30-დან):
“ახალგაზრდამ, მოხუცმა, შვილების, მამების, დედების, ბებიების და ბაბუების… ყველა თაობამ გააკეთა სწორი არჩევანი. ეს არჩევანი მიითვისეს! ეს არჩევანი მოიპარეს! ამიტომ ვარ დღეს აქ. აი, მე კისერზე, განსაკუთრებით ახალგაზრდები მიხვდებიან, ჩემი დისშვილის ხათრით, ორივესი, მიკეთია აკაცუკის ნიშანი. დღეს თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესების საგვარეულო, ყველაფერი, რაც წაგიკითხავთ, ვის იდეალებზეც გაიზარდეთ… მერაბ კოსტავა, მისი სული… ცნობილი, ცოცხალი, შექმნილი, პერსონაჟი თუ ადამიანი, მცხოვრები თუ ფანტაზიის ნაყოფი, ყველა იდეალი, რაზეც გაიზარდეთ. ყველა თავისუფლების ნაწილაკი დღეს თქვენშია!”

OC Media-სთან საუბრისას აქტივისტმა მიხეილ მესხმა განმარტა, რომ მან “აკაცუკი” სხვა პერსონაჟებთან თუ ცნობილ ადამიანების სახელებთან ერთად იმისთვის ახსენა, რომ შეკრებილ ახალგაზრდებს სცოდნოდათ, რომ ვიღაც “მათ ენაზეც” საუბრობდა. მისივე სიტყვებით, სურდა ეჩვენებინა, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. მესხის თქმით, მან გონდორთან, როჰანთან და აკაცუკებთან ერთად მერაბ კოსტავაც ახსენა, რომელიც ანტისაბჭოთა ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოა.
- ვინ არიან “აკაცუკები”?
ტერმინი “აკაცუკი“ მომდინარეობს პოპულარული იაპონური მანგასა და ადაპტირებული ანიმე სერიიდან “ნარუტო“, რომელიც მასაში კიშიმოტოს მიერაა შექმნილი. აკაცუკი (暁)იაპონურად განთიადს ნიშნავს.
მანგასა და ანიმეს მიხედვით, აკაცუკი ორგანიზაციაა, რომლის პირველი წევრებიც ახალგაზრდა ნინძები – იაჰიკო, კონანი და ნაგატო იყვნენ. ომისგან დაობლებული ნინძების მიზანი დიდ სოფლებს შორის ომისგან განადგურებულ ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარება იყო (1; 2). ორგანიზაციის წევრები მალევე იქცნენ დაჩაგრულთა დახმარებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.

თუმცა, იაჰიკოს სიკვდილის შემდეგ ორგანიზაციის დანარჩენი წევრები გარე და შიდა გავლენების ქვეშ მოექცნენ, რასაც მათი რადიკალიზაცია მოჰყვა და ორგანიზაცია კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა, რომლის მთავარი მიზანიც “კუდიანი მხეცების” (ადამიანში გამომწყვდეული უზარმაზარი ძალის მქონე არსება) დაჭერა და ყველა ცოცხალი არსების “უსასრულო ცუკუიომის” (ძილის მსგავსი მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ხედავს სამყაროს, სადაც მისი სანუკვარი ოცნებები ასრულებულია) მდგომარეობაში მოქცევა იყო. ამ პერიოდის აკაცუკი მისი მეთოდებისა და მიზნების გათვალისწინებით, ტერორისტულ ორგანიზაციადაც მოიხსენიება.

ჯგუფის ყველაზე ცნობილი ელემენტი მათი ფორმებია – წითელი ღრუბლები შავ მოსასხამზე. ორგანიზაციის სხვა ცნობილ წევრებს შორის არიან: იტაჩი უჩიჰა, დეიდარა, სასორი და სხვ.




















