6 აპრილს ფეისბუკ მომხმარებელმა Datka Jafaridze გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ნაპოვნი ცხედრების ამსახველი კადრები სინამდვილესი დადგმულია. პოსტს ორი ფოტო ახლავს. პირველ ფოტოზე ორი, მეორეზე კი სამი ცხედარია ასახული. პოსტის ავტორის თანახმად, უკრაინელებმა მეორე ფოტოზე გვამი “დაამატეს”, შესაბამისად, ბუჩაში რუს სამხედროებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და ეს ყველაფერი “უკრაინელი ფაშისტების და კოლექტიური დასავლეთის” გამონაგონს წარმოადგენს. Ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიაზე მესამე გვამი უკრაინელებმა მოგვიანებით დაამატეს, რუსულენოვანმა გამოცემა TVC.ru-მაც გამოაქვეყნა.
მტკიცება იმის შესახებ, რომ გავრცელებულ ფოტოზე ერთი გვამი დაამატეს, ყალბია. რეალურად, გავრცელებული ფოტოები სხვადასხვა დროსა გადაღებული. ორი ცხედრის ამსახველი პირველი ფოტო მედიაში 3 აპრილს ცხედრების გადასვენების პროცესის დაწყების შემდეგ ვრცელდება, ხოლო მეორე ფოტო, უფრო ადრინდელია და ბუჩას 2 აპრილის მდგომარეობას ასახავს.
უკრაინის სამხედრო ძალების მეირ გათავისუფლებულ ბუჩაში უკრაინელ სამხედროებთან ერთად 2 აპრილს ჟურნალისტებიც შევიდნენ. BBC-ის მიერ მომზადებულ პირველ სიუჟეტში მიწასთან გასწორებული, დამწვარი ქალაქი და ნაწამები ცხედრები ჩანს. ვიდეოს 2:18 წუთზე ერთ-ერთ ქუჩაზე დახოცილ ადამიანებს ვხედავთ, მათ შორის ორი ყავისფერ და ერთი ლურჯქურთუკიანი მოქალაქეა.

კადრები, რომელზედაც ქუჩაში მიმოფანტული ცხედრები ჩანს, 2 აპრილს იურისტმა ილია ნოვიკოვმაც გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს 0:35 წამიდან პადონებსა და სხვა სამშენებლო მასალებთან ახლოს კვლავ სამი ცხედარი ჩანს.
ვიდეოჩანაწერი ქალაქ ბუჩაში, იაბლონსკას ქუჩის 350-ე ნომერთან ახლოსაა გადაღებული. კადრებში რამდენიმე ერთნაირი სახლი და წარწერა “Таунхауси” ჩანს, ეს შენობები Idilika Home-ის კომპლექსში ერთიანდება.

ამავე ტერიტორიაზე გადაღებული სხვა ფოტო, რომელზედაც სამი ცხედარია ასახული, 2 აპრილის დილის საათებში ტვიტერზეც გავრცელდა.
ამის გარდა, ღია წყაროებში იძებნება კიდევ ერთი ფოტო, რომელიც იაბლონსკას ქუჩაზე AFP-ის ფოტოგრაფმა, რონალდო შმიდტიმ 2 აპრილს გადაიღო. ამ ფოტოზეც სამი ცხედარია ასახული.
ფოტოს საძიებო ინსტრუმენტის, Tineye-ს გამოყენებით დადგინდა, რომ აღნიშნული ფოტო პირველად ორ აპრილს The times of Israel-ის სტატიაში გამოქვეყნდა. AFP-ის ჟურნალისტები ბუჩაში 2 აპრილს ერთ-ერთი პირველები შევიდნენ და მათ ქალაქში დაახლოებით 20 გვამის არსებობა დაადასტურეს.
Რონალდო შმიდტმა ბუჩაში ამ ადგილას სამი ცხედრის ამსახველი კიდევ ერთი ფოტო გადაიღო.

4 აპრილს Deutsche Welle-ს მიერ გავრცელებული ვიდეო, ამ ადგილიდან ცხედრების გადასვენების პროცესს ასახავს. Კადრებში ცხედარი, რომელიც ადრინდელ ფოტოებში შუაში ესვენა, უკვე აღარ ჩანს. Ვინაიდან, ამ დროს გვამების გადასვენება უკვე დაწყებული იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი გადასვენება უკვე მომხდარი იყო.
3 აპრილს სხვადასხვა მედიაში Გვამების გადასვენების ამსახველი სერგეი სუპინსკის ფოტოებიც გავრცელდა. Ფოტოებზე ცხედრების იაბლონსკაიას ქუჩიდან გადასვენებაც ჩანს.


მოგვიანებით, 4 აპრილს როიტერსის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში იაბლონსკას ქუჩის ეს ტერიტორია დეტალურად არის ნაჩვენები. ამ ვიდეოშიც მხოლოდ ორი გვამი ჩანს, თუმცა მესამე ცხედრის ადგილას სისხლის კვალი აშკრად შესამჩნევია.
სქრინშოთი: Reuters
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებული ბუჩადან ფოტო და ვიდეოჩანაწერების გავრცელება 2 აპრილიდან დაიწყო. მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ფოტო და ვიდეორეპორტაჟებში ბუჩას ქუჩებში მიმოფანტული ათეულობით ცხედარი მკაფიოდ ჩანდა. მათ შორის ზოგს ხელები შეკრული ჰქონდა, ნაწილს კი წამების კვალი და კეფაზე ნატყვიარი ემჩნეოდა. ამ კადრების გავრცელებისთანავე რუსი ოფიციალური პირები და კრემლისტური მედია (vesti.ru, iz.ru, ria.ru) ამტკიცებდნენ, რომ ბუჩადან გავრცელებული კადრები თავად უკრაინელების დადგმული იყო, ცხედრები კი ცოცხლები იყვნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებს “რუსი სამხედროების დანაშაულის შესახებ” პროვოკაცია უწოდა და ამტკიცებდა, ყველა რუსული ქვედანაყოფი ბუჩადან 30 მარტს გავიდა, ხოლო იმ პერიოდში, როცა ბუჩა რუსული ჯარების კონტროლს ექვემდებარებოდა, „არც ერთი ადგილობრივი მცხოვრები არ დაშავებულა“. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ე.წ. „დანაშაულის მტკიცებულებები“ ბუჩაში რუსი სამხედროების წასვლიდან მხოლოდ მეოთხე დღეს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ქალაქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და უკრაინული მედიის წარმომადგენლები ჩავიდნენ“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთს 30 მარტს ბუჩას დატოვების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მეტიც, ისინი პირველ აპრილს ისევ წერდნენ, რომ საჰაერო სადესანტო ჯარების ნაწილებმა, საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობით, მტრის ძალების მოქმედებები გოსტომელ-ბუჩა-ოზერას მიმართულებით წარმატებით შეაჩერეს.
ბუჩას ტრაგედიის შესახებ გავრცელებული სხვა დეზინფორმაციები იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ
- კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ
- დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთმა ბუჩასთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა დაბლოკა
- კრემლის მედიის ექსპერტს ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში რუსი სამხედროების ბრალეულობაში ეჭვი შეაქვს
წყაროს შესახებ
ფეისბუკ მომხმარებელი დათკა ჯაფარიძე სტალინის და საბჭოთა კავშირის მხარდამჭერ პოსტებს ხსირად აქვეყნებს. მის პროფილზე საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანთან გადაღებული ფოტოებიც იძებნება.
აღსანიშნავია, რომ დათკა ჯაფარიძემ 7 აპრილს უკრაინაში ნატოს გერნერალ როჯერ კრუტიეს ტყვედ ჩაბარების შესახებ დეზინფორმაცია გამოაქვეყნა. სინამდვილეში, გენერალი იზმირში ევროპის მოკავშირე ძალების შტაბში იმყოფება და ის რუსულ ჯარებს არ დაუტყვევებიათ. უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.