12 ნოემბერს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა “ფანტი ნა” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისული შვედი პარლამენტარი, ერიკ ოტოსონი ყურებზე ხელს იფარებს. ვიდეოში საქართველოს ჰიმნი ისმის და მასზე დატანილია წარწერა: “ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა. ამათ უძვრებით ტრა*ში?”
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, რომლითაც ამტკიცებენ, თითქოს შვედი პარლამენტარი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა. რეალურად, კადრებზე დადებული ხმა შეცვლილია. იმ დროს, როდესაც პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, ხმამაღალი მუსიკის გამო ყურებზე ხელს იფარებდა, აქციაზე ევროკავშირის ჰიმნი ისმოდა, საქართველოს ჰიმნის დროს მას გულზე ხელი ჰქონდა დადებული.
კადრები ტელეკომპანია ფორმულას 11 ნოემბრის პირდაპირი ეთერიდან არის ამოჭრილი. ვიდეოში ჩანს, რომ სცენაზე ასვლის შემდეგ (37:40-დან) შვედეთი პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს ესალმება და ვიდეოს იღებს. ამის შემდეგ, კადრებში ჩანს, რომ მას რამდენიმე წამის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხმამაღალი მუსიკის გამო, ყურებზე ხელი აქვს აფარებული (38:50). სწორედ ეს კადრი ვრცელდება სოციალურ ქსელში. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში პარლამენტის წინ არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის ჰიმნი ისმოდა.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის ჰიმნის შემდეგ საქართველოს ჰიმნი ჩაირთო (39:10-დან). კადრებში არ ჩანს, რომ ამ დროს ოტოსონმა ყურებზე ხელი აიფარა. ნაცვლად ამისა, პოლიტიკოსს ჰიმნის დროს გულზე ჰქონდა ხელი დადებული.
11 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ევროპელი პარლამენტარები მივიდნენ. საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.
ვიდეოფაბრიკაცია აღებულია Tik-Tok გვერდიდან სახელწოდებით “gamoitseret”. აღნიშნული ანგარიში ანტიოპოზიციურია და ხელისუფლების ოპონენეტების დამონტაჟებულ ვიდეოებს ავრცელებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც აქვს გადამოწმებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.