20-21 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და რამდენიმე რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედიამ (1, 2) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ უსვამს პოლიციელი წითელ საღებავს ექიმის ფორმაში ჩაცმულ პირს. გავრცელებულ ვიზუალურ მასალას უკრაინაში დაბომბილ ბავშვთა საავადმყოფოს უკავშირებენ და მიუთითებენ, რომ დაბომბვის შედეგად დაშავებული ადამიანების კადრები დადგმულია. რუსულენოვანი ანგარიშები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გარდაცვლილების, დაჭრილებისა და მსხვერპლის იმიტაციისთვის ბრიტანელი კურატორები დაიქირავა.
ვიდეო, თითქოს კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაში მსახიობი ექიმები მონაწილეობდნენ და მათ სისხლის ნაცვლად წითელი საღებავი ესვათ, რეალობას არ ასახავს. სარაკეტო თავდასხმა და უკრაინელების დაშავების ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაადასტურეს. რაც შეეხება ვიდეოს, მასში ასახული “მსახიობი” ექიმისა და პოლიციელის ფორმები განსხვავდება უკრაინაში ამ პროფესიის ადამიანების ჩაცმულობისგან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კადრები ფაბრიკაციაა და უკრაინის დისკრედიტაციისთვის შეიქმნა.
-
ვისზე მიუთითებს რუსულენოვანი ანგარიშების მიერ გავრცელებული ფოტოები?
რუსულენოვანი ანგარიშები და რუსული სამთავრობო მედია ვიდეოსთან ერთად კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებენ. ფოტოზე ნაჩვენებ ექიმს მსგავსი ფორმის სისხლის ლაქა აქვს, რაც ვიდეოშიცაა ნაჩვენები. სოც.მედიის ანგარიშები ამტკიცებენ, რომ ვიდეოსა და ფოტოებზე ერთი და იგივე ადამიანია. მედიაში გავრცელებულ კადრებზე უკრაინელი ბავშვთა ქირურგი, ოლეჰ ჰოლუბჩენკოა ასახული, ის ასევე ჩანს დაბომბვის შემდეგ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოებშიც.

-
რა ხარვეზებია გავრცელებულ კადრებში?
,,უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა” გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცნობა ყალბია და საავადმყოფოს დაბომბვის შემდგომ კადრებში მსახიობი ექიმი არ ჩანს. ცენტრმა რამდენიმე დეტალს მიაქცია ყურადღება, მათ შორის: პოლიციელის აღჭურვილობას აკლია წელის სისტემა და ჩაფხუტის საფარი, ასევე ეროვნული პოლიციის სიმბოლიკის მქონე შევრონის განთავსება არღვევს ფორმის ტარების წესებს; პოლიციელებისთვის დიდი ხანია არ მიუწოდებიათ მსგავსი სტილის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ისინი ახლა სპეციალურ სპორტულ ფეხსაცმელს ატარებენ; სამედიცინო პერსონალის უნიფორმისა და რეალურის მასალა სრულიად განსხვავებულია, გარდა ამისა, ნამდვილი ექიმის ფორმას ზურგზე ჰორიზონტალური ნაკერი აქვს.
უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა, StopFake-მა ვიდეოზე დაკვირვების შემდეგ დაადგინა, რომ გარდა ჰორიზონტალური ნაკერისა, ექიმებს უნიფორმის შარვლის უკანა ნაწილზე ჯიბეც აქვთ, რაც გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებ ფორმაზე ასევე არ ჩანს.

-
ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა და კრემლის დეზინფორმაცია
8 ივლისის საღამოს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანა. დაიბომბა უკრაინის ყველაზე დიდი ბავშვთა კლინიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემით, კლინიკის ტერიტორიაზე 31 ადამიანი, მათ შორის 8 მცირეწლოვანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.
ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაადასტურეს. მაგალითად, უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის განცხადებით, ნგრევა და მსხვერპლი ბავშვთა საავადმყოფოზე პირდაპირმა იერიშმა გამოიწვია. საავადმყოფოს დაბომბვას გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International და აღნიშნა, რომ უკრაინის მასშტაბით რუსეთის ძლიერ სარაკეტო შეტევას სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ, მათ შორის, დაზიანდა ბავშვთა საავადმყოფოს შენობები. საავადმყოფო ,,ოხმატდიტის” დაბომბვა ვიზუალური მასალით აქტიურად გააშუქეს რეპუტაციულმა დასავლურმა მედიებმაც (1, 2, 3, 4).
კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვიდან მალევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ ყოფილა და “მრავალრიცხოვანი ფოტო და ვიდეოკადრები ცალსახად ადასტურებს”, რომ ნგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ თავდასხმა რუსული რაკეტით განხორციელდა.
უკრაინაში მიმდინარე ომისა და ცალკეული შემთხვევების ეჭვქვეშ დაყენება, თითქოს ის არ მომხდარა და უკრაინელებმა მსახიობების დახმარებით დადგეს, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია. მსგავსი ცნობები წარსულშიც გავრცელდა, იხილეთ მასალები ვრცლად:
- ომი უკრაინაში 2022 წელს თუ პირველადი დახმარების ტრენინგი 2016 წელს – რას ასახავს ფოტოკოლაჟი?
- ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა
წყაროს შესახებ:
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. მის მიერ განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.