11 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ისმის, თითქოს დაბომბვაში მოყოლილ CNN-ის რეპორტიორს კარნახობენ, როგორ უნდა მოიქცეს – რა უნდა თქვას, როგორ გამოიყურებოდეს ისე, თითქოს შეშინებულია, როგორ უნდა ისუნთქოს და ა.შ. “გარშემო მიმოიხედე, თითქოს საფთხეში ხარ, ეცადე, შეშინებული ჩანდე”. – ისმის ხმა ვიდეოში. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ვიდეო დასტურია, რომ დაბომბვის კადრები დადგმულია, რათა საზოგადოებრივი აზრი CNN-ისა და აშშ-ის სასარგებლოდ ჩამოყალიბდეს.
ირაკლი ზაქარეიშვილი ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს. CNN-ის რეპორტიორი დაბომბვაში ნამდვილად მოხვდა და ვიდეოს, რომელიც ვრცელდება, ხმა დადებული აქვს, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ კადრები დადგმულია.
9 ოქტომბერს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი რეპორტიორი, კლარისა უორდი გადამღებ ჯგუფთან ერთად ღაზის სექტორის საზღვართან, პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა, როდესაც დაბომბვა დაიწყო. უორდმა, ოპერატორმა და კიდევ ერთმა პირმა თავი გზის ნაპირთან, თხრილს შეაფარეს. ვიდეოში, რომლის ვრცელი ვერსიაც შემდეგ CNN-ის Youtube-არხზეც გავრცელდა, არ ისმის ხმა, რომელიც ვიდეოფაბრიკაციაში ჟურნალისტს მიუთითებს, როგორ უნდა მოიქცეს. ლაივ-ვიდეოს ნაწილი, რომელიც ეთერში გადაიცემოდა, თუმცა CNN-ის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებული ვიდეოდან ამოჭრილია, სოციალურ ქსელებში იძებნება.
ვიდეო, რომელშიც CNN-ის გადამღები ჯგუფის დაბომბვაში მოხვედრაზე ხმა არის დადებული, იუთუბ-არხმა The Quartering გაავრცელა. არხს აღწერაში მითითებული აქვს, რომ ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, კომიქსებსა და ვიდეო თამაშებზე. 11 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ვიდეო გავრცელდა, X-ზე თავად აღნიშნულმა იუთუბ-არხმა დაადასტურა, რომ ხმა, რომელიც კადრებს ადევს, გაყალბებულია.
ვიდეოფაბრიკაცია Reuters-მა და Snopes-მა გადაამოწმეს – როგორც Reuters-თან საუბარში CNN-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, აუდიო ყალბია.
წყაროს შესახებ
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.