2024 წლის 21 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “More Caucasus” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ქალი ეკლესიაში საკმეველს იყენებს. პოსტის ავტორის მტკიცებით, უკრაინულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მღვდელმსახურებად ქალები დაუშვა.
მტკიცება, თითქოს უკრაინის მართლმდადიდებელ ეკლესიაში ქალებს მღვდელმსახურების უფლება მიენიჭათ, მცდარია. გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა “მითების დეტექტორთან” კომენტარში უარყო.
ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოსთან და მტკიცებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (კიევის საპატრიარქო), რომლის პრესცენტრმაც უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ეკლესიას ქალებისათვის მღვდელმსახურების რიტუალების ჩატარების უფლება არ მიუცია. მათივე გამოგზავნილი ინფორმაციით დგინდება, რომ სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა კიევის საპატრიარქოს სპიკერმა, ბილოცერკოვის მიტროპოლიტმა ევსტრატიმ. პოსტში იგი ხსნის, რომ ლიტურგიის მასწავლებელმა, რომელიც სასულიერო პირია, გადაწყვიტა მოსწავლეებისათვის ჩაეტარებინა პრაქტიკული გაკვეთილი, საეკლესიო რიტუალების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც არ იყო რეალური მღვდელმსახურების ნაწილი. მან ჩათვალა, რომ ყველა სტუდენტს თანაბრად უნდა შესძლებოდა დავალებების შესრულება, მათ შორის პრაქტიკულისაც, რის გამოც ალაგაზრდა ქალსაც მისცა საშუალება მიეღო მონაწილეობა ამ რიტუალებში და გამოეყენებინა საკმეველი.
ევსტრატი განცხადებაში გამოთქვამს წუხილს იმის შესახებ, რომ უკრაინის მტრებმა ეს ვიდეო დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს. მისივე მტკიცებით, განხილულმა სასულიერო მასწავლებელმა აღიარა, რომ დაუშვა შეცდომა და არ უნდა მიეცა ქალისთვის ამ პრაქტიკული დავალების შესრულების უფლება, რადგან რეალობაში მას ამის გაკეთება არასოდეს მოუწევს.
პოსტთან ერთად სასულიერო პირმა ატვირთა ორი ფოტოც, რომელშიც ჩანს რამდენიმე მონაზონი, რომლებიც ეკლესიაში საკმეველს იყენებენ. ევსტრატის მტკიცებით, ეს ხდება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიაში. მისი თქმით, ამ კადრებს “პროვოკატორები ყურადღებას არ აქცევენ”, მხოლოდ იმიტომ, რომ ამით უკრაინის და მისი ეკლესიის დისკრედიტაციას ვერ მოახდენენ.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელებში არაერთი კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
- ფოტომანიპულაცია, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მღვდლების ახალ სამოსს ქმნის
- კიევ-პეჩერის ლავრა თუ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია – სად არის გადაღებული ცეკვის ვიდეო?
- რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?
- სატანისტური რიტუალი თუ ძველი უკრაინული სიმღერა ცისა და მიწის გაჩენის შესახებ
წყაროს შესახებ:
ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში, More Caucasus ხშირად ავრცელებს ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს. ანგარიშის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.