14 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა George Liluashvili გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გვირაბის ნგრევა ჩანს. პოსტის ავტორი წერს: “ასე ინგრევა რიკოთზე გაყვანილი გვირაბები”.
გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, პოსტისთვის დართული ვიდეო არც რიკოთის უღელტეხილზე და არც საქართველოში გადაღებული არაა. ბოლო პერიოდში გვირაბის ჩამონგრევას საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც უარყოფენ.
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, რომ გავრცელებული ვიდეო რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიას არ ასახავს და ბოლო პერიოდში რიკოთის მიმდებარედ ნგრევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათი თქმით, იმედოვნებენ, რომ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მალე სრულად აღდგება.
2023 წლის მარტში უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მიმდინარე მშენებლობის პროცესში, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა და გარე ბეტონის სექცია დააზიანა. ამის შემდეგ რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება დღემდე სხვადასხვა შეზღუდვით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც გავრცელებულ პოსტს ახლავს, ის საქართველოში გადაღებული არ არის. ვიდეოს ფონად ლაპარაკის ხმა გასდევს, თუმცა საუბარი ქართულ ენაზე არ ისმის. ვიდეოში, სავარაუდოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ენაზე ლაპარაკობენ, რომლის ზუსტი იდენტიფიცირება “მითების დეტექტორმა” ვერ შეძლო. გარდა ამისა, აღნიშნული ვიდეო ჯერ კიდევ 2021 წელს ასევე ყალბი აღწერით ვრცელდებოდა და მას ბრაზილიაში მდებარე ფლორიანოპოლისში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს მიაწერდნენ. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალება წერს, გვირაბის ნგრევის კადრები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, რადგან მასში ნაჩვენები ადგილი ვიზუალურად ფლორიანოპოლისს ჰგავს, თუმცა ადგილზე მდებარე 4 სხვადასხვა გვირაბიდან ვიდეო არცერთს არ შეესაბამება.
წყაროს შესახებ
გიორგი ლილუაშვილი, რომელმაც რიკოთის გვირაბთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია გამოაქვეყნა, ანტივაქსერული “ემი ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტია “საქართველოს” თავმჯდომარეა.
ლილუაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცებები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია:
- ვინ ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არაკონსტიტუციურია?
- ახლად გარდაქმნილი GMTV.GE და თავისუფალ საქართველოსთან დაკავშირებული “ილიონი” ანტივაქსერების დეზინფორმაციებს ავრცელებენ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.