13 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ქართველი ქართველი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, ვიდეოს ქართულენოვანი აღწერის თანახმად, ეგვიპტიდან ღაზას მიმართულებით, “ჯიჰადთან” შესაერთებლად ავტომობილების კოლონას ასახავს. ვიდეოს თან ახლავს წარწერა არაბულ ენაზე, რომელზეც ვკითხულობთ – “გახსენით საზღვრები და მოემზადეთ პალესტინელი ძმების მხარდასაჭერად.”
იგივე ვიდეო მსგავსი აღწერით, თითქოს ეგვიპტიდან ადამიანები პალესტინის საზღვრისკენ მიემართებიან, ფეისბუქ-მომხმარებელმა Dato Faika Nacvlishvili გამოაქვეყნა. ვიდეოს სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებენ რუსულენოვანი (1, 2, 3, 4, 5) და არაბულენოვანი (1, 2, 3, 4) ანგარიშები. ვიდეო ჩინურ სოციალურ ქსელშიც განთავსდა.
გავრცელებული ინფორმაცია ვიდეომანიპულაციის ნიშნებს შეიცავს და მას ისრაელ-ჰამასის ომთან საერთო არაფერი აქვს.
ვიდეო ორი ნაწილისგან შედგება. ვიდეოს ის ნაწილი, რომელზეც მანქანების კოლონის გადაადგილება ჩანს, იუთუბ პლატფორმაზე 2021 წლის 3 აგვისტოს განთავსდა. ხოლო ვიდეოს მეორე ნაწილი, რომელზეც უდაბნოში მანქანების მოძრაობაა აღბეჭდილი, ტიკტოკ პლატფორმაზე 2022 წლიდან იძებნება.
42 წამიანი ვიდეო, რომელიც, თითქოს ეგვიპტიდან ღაზას მიმართულებით პალესტინელების მხარდასაჭერად მიმავალი კოლონა ჩანს, ვიდეომონტაჟია. ვიდეოს ერთი ნაწილი (00:00-00:05 და 00:25-00:42 მონაკვეთები) იუთუბზე 2023 წლამდე ბევრად ადრე, 2021 წელს გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერა გვარწმუნებს, რომ ვიდეო ეგვიპტელი ბედუინების ლიბიის საზღვრის მიმართულებით გადაადგილებას ასახავს.
განსხვავებული წარწერით გამოქვეყნდა იდენტური ვიდეო 2021 წელს სხვა ანგარიშზე – “ეგვიპტელი ბედუინები ალის შვილები არიან”.
რაც შეეხება მეორე ვიდეოს (00:05-00:25 მონაკვეთი), რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან მანქანები უდაბნოში, ვიდეო სოციალურ ქსელში 2022 წლიდან იძებნება და ის ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.
რეალურად, ვიდეო აქლემების რბოლას ასახავს, რომელიც სინაის ნახევარკუნძულზე ყოველწლიურად იმართება. რბოლა ბედუინების ორ ყველაზე დიდ ტომს – ტარაბინსა და მაზინას შორის იმართება და აქლემების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ რბოლადაა მიჩნეული. ამას ვიდეოზე დართული არაბულენოვანი წარწერაც ადასტურებს, რომელზეც ვკითხულობთ: “უთვალავი მილოცვა რაბი ალ-მუზაინას ვადი ზალკაში, 2022 წელს”.
ამასთანავე, მიუხედავად ვიდეოს დაბალი რეზოლუციისა, თუ კონკრეტულ კადრებს კარგად დავაკვირდებით, მანქანებს შორის მორბენალი აქლემების გარჩევაც შესაძლებელია. ფაქტს, რომ ვიდეოზე აქლემების რბოლაში მონაწილე ბედუინები არიან ასახული, იგივე შეჯიბრის ამსახველი სხვა ვიდეოებიც ადასტურებს.
გავრცელებული ვიდეო ფაქტების გადამოწმების პოლონურმა ორგანიზაცია Demagog-მაც გადაამოწმა.
ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ სოციალურ მედიაში არაერთი მცდარი ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
- ვიდეო, რომელსაც ისრაელ-ჰამასის ომს მიაწერენ, სირიის მიწისძვრას გადარჩენილ ბავშვს ასახავს
- რას ასახავს ვიდეოში ნაჩვენები დანადგარი და უკავშირდება თუ არა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს?
- გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება;
- ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა დაბომბვის ინსცენირება მოაწყო ;
- არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე – რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ;
- რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?
- კრემლის მედიასა და სოციალურ ქსელებში ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება;
- დეზინფორმაცია, თითქოს ჰამასმა ისრაელის ფესტივალის მონაწილეები თავდასხმამდე გააფრთხილა
- ისრაელ-ჰამასის ომის დროს დაღუპულ ბავშვებზე ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-მომხმარებელი Dato Nacvlishvili (Faika) კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი და ჯგუფის “ქვეყნის მტრების არქივის” ერთ-ერთი ადმინისტრატორია. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3).
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.