26 ოქტომბერს ფეისბუკ-გვერდმა Pirveli ambebi • პირველი ამბები გამოაქვეყნა ვიდეო აღწერით: “ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილის ვერმფრენი აფრინდა სასახლიდან და წავიდა მოსკოვში ოჯახიანად -ექსკლუზიური კადრები პირდაპირ რეზიდენციიდან ყველამ გავაზიაროთ; ოლიგარქი მარცხისთვის ემზადება”.
გავრცელებული ვიდეო ძველია და ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების კადრებს არ ასახავს. ვიდეო 2021 წელს, რეალურად, ბიძინა ივანიშვილის თბილისში დაბრუნებას დროსაა გადაღებული. ბიძინა ივანიშვილი დღეს ოჯახთან ერთად საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ხმა მისცა.
აღნიშნული ვიდეო ძველია და 2021 წლის 1-2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღესაც ვრცელდებოდა აღწერით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვა. სოლოლაკის რეზიდენციაში ვერტმფრენის დაშვების ამსახველი სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო 1 ოქტომბრამდე ორი დღით ადრე ტელეკომპანია TV Pirveli-მაც გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული ვიდეო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის თბილისში დაბრუნებას ასახავდა. ამჟამად ქართულ მედიაში ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების კადრები არ გავრცელებულა, თუმცა გამოქვეყნდა ვიდეო, რომ ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ვერტმფრენის მფლობელია და მათი გამოყენებით ხშირად გადაადგილდება. 2021 წლის იანვარში ტელეკომპანია “მთავარი არხის”ცნობით, მილიარდელის საკუთრებაში 14 ვერტმფრენი იყო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.