16 მაისს ფეისბუქ მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც თბილისში ე.წ. “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზეა გადაღებული. კადრებში ახალგაზრდები ხელით კონკრეტულ ჟესტს აკეთებენ – მარჯვენა ხელის შუა სამ თითს კოცნიან და ცისკენ იშვერენ. პოსტების ავტორების და ვიდეოზე გაკეთებული ტიტრების მიხედვით, ეს ნაცისტური ჟესტია და იმის მტკიცებაა, რომ აქციებს ფრანკლინის კლუბის წევრები მართავენ.
მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ახალგაზრდები ნაცისტურ ჟესტს იყენებენ, მცდარია. სინამდვილეში ეს ჟესტი მწერალ სუზან კოლონსის ბესტსელერ “შიმშილის თამაშებში” გამოიყენება და აღტაცების, პატივისცემისა და დამშვიდობების სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ყველაფერი თავად ვიდეოს ავტორმაც დაადასტურა.
ე.წ. “სამი თითის მისალმება” “შიმშილის თამაშების” წიგნებში თავდაპირველად მე-12 რაიონის მაცხოვრებლების მიერ გამოიყენებოდა და კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ აღტაცებას, პატივისცემასა და დამშვიდობებას გამოხატავდა. თუმცა, შემდგომში ის იქცა რეპრესიული რეჟიმისადმი (კაპიტოლიუმისადმი) წინააღმდეგობის გამომხატველ სიმბოლოდ. საინტერესოა, რომ წიგნში ჟესტის გამოსახატად მარცხენა ხელს იყენებენ, თუმცა მასზე დაფუძნებულ ფილმებში, უკვე მარჯვენა ხელი გამოიყენება.

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად ჯგუფ “დაიტოვეში” 14 მაისს გამოქვეყნდა და მისმა ავტორმა ვიდეოს თან დაურთო აღწერაც, სადაც ის აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები სწორედ “შიმშილის თამაშების” ცნობილ ჟესტს იყენებენ, რომელიც აღნიშნავს თავისუფლებას, ერთობას და თანადგომას.
“სამი თითის მისალმების” ჟესტი გასულ წლებში არაერთხელ გამოიყენეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მიანმარსა და ტაილანდში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-მომხმარებელ “Nodo Demurishvili”-ის დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.