23 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ფიცხე ლა” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ანა დოლიძე მოქალაქეს ხელს არ ართმევს. ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთებისას პოლიტიკოსი გვერდით მდგომ ადამიანს ხელს არ ართმევს და ეუბნება, რომ დაიცადოს. ვიდეოს ახლავს წარწერა: “ეს ახლა როგორ ექცევა მოქალაქეებს და ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, რას უზამს…” ანგარიში აღწერაში წერს, რომ დოლიძე შეჭირვებულ ადამიანს ხელს კრავს და ზიზღით იშორებს. ვიდეოს წარწერაში ვხედავთ, რომ ის ტიკ-ტოკ ანგარიშმა Avoe.ge-მა გაავრცელა.
ვიდეო, რომელშიც თითქოს ჩანს, რომ ანა დოლიძე მოქალაქეს ხელს არ ართმევს და იშორებს, მანიპულაციურად, მოჭრილი სახით ვრცელდება. სინამდვილეში, რამდენიმე წამით ადრე პოლიტიკოსმა ამავე კაცს ხელი უკვე ჩამოართვა.
20 ოქტომბერს თბილისში მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერები ხუთი სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდნენ, სადაც ის საბოლოოდ კონცერტით დასრულდა.
კოალიცია “ძლიერი საქართველო” მსვლელობას მარჯანიშვილის მოედნიდან შეუერთდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სწორედ ამ ადგილზე, მსვლელობის დაწყებამდეა გადაღებული.
ვიდეო “TV პირველის” პირდაპირი ჩართვიდანაა მოჭრილი. ტელევიზიის ჟურნალისტი კოალიციის ლიდერებს ესაუბრა, მათ შორის, კომენტარი სთხოვა ანა დოლიძესაც. სანამ პოლიტიკოსი ჟურნალისტთან საუბარს დაიწყებდა, ამომრჩევლებს მიესალმა და ხელი ჩამოართვა. სრული პირდაპირი ეთერის ყურებისას ჩანს, რომ მოჭრილ ვიდეოში ნაჩვენებ კაცს “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ხელს ართმევს. ამავე ეპიზოდში ვხედავთ, რომ ხელის ჩამორთმევასთან ერთად, რაღაცას ეუბნება, თუმცა სიტყვების გარჩევა პირდაპირი ეთერის ყურებით შეუძლებელია.

ერთხელ ხელის ჩამორთმევის შემდეგ, კაცი ისევ შეეცადა ანა დოლიძისთვის რაღაცის თქმა, რა დროსაც პოლიტიკოსმა მისკენ აღარ გაიხედა და დაცდა სთხოვა. ამდენად, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება მარშისას პოლიტიკოსის მოქალაქესთან კომუნიკაციას სრულად არ ასახავს. თავდაპირველად, ვიდეო ტიკ-ტოკ ანგარიშზე Avoe.ge გამოქვეყნდა, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების შესახებ დისკრედიტაციულ და ყალბ ცნობებს სისტემატურად ავრცელებს.
წარსულში “მითების დეტექტორმა” ანა დოლიძის შესახებ რამდენიმე მანიპულაციური პოსტი გამოავლინა. მომხმარებლები და ერთ შემთხვევაში სამთავრობო მედია POSTV პოლიტიკოსის ნათქვამს მანიპულაციურად ავრცელებდნენ.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში “ფიცხე ლა”, რომელსაც წარსულში “ფიცხელა ფიცხელაური” ერქვა, სოციალურ ქსელში ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტების გავრცელებით გამოირჩევა. მისი პოსტები “მითების დეტექტროს” ადრეც გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















