10 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედმა” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც აქციაზე დაპირისპირება პროტესტის მონაწილეებს შორის მოხდა.
ვიდეო ასევე გაავრცელეს ონლაინ-მედიებმა რეპორტიორი და მხარე • mkhare.ge და ფეისბუქ-გვერდმა Guria Times, რომელიც რეგიონულ მედიად პოზიციონირებს.
“იმედის” მიერ გავრცელებული ვიდეო, თითქოს აქციაზე დაპირისპირება პროტესტის მონაწილეებს შორის მოხდა, მანიპულაციურია და უკონტექსტოდ ვრცელდება. დაპირისპირების ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და რუსულენოვან პირებს შორის, რომელთა ქცევაც პროტესტის მონაწილეებმა აქციის ხასიათისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს.
ვიდეო, რომელიც “იმედმა” 10 დეკემბერს 01:22-ზე გამოაქვეყნა, მანამდე ტელეგრამ-არხში “საქართველო – VOL 2.0” 01:12-ზე გავრცელდა. ტელეგრამ-არხმა ორი ვიდეო გაავრცელა, ერთი 0:30 წამიანი, იმედის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებული, და მეორე 1:11 წუთიანი.
ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ორივე ვიდეო რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას ასახავს. 30 წამიან ვიდეოში, ჩანს რომ სიტყვიერი დაპირისპირება აქციის რამდენიმე მონაწილესა და თეთრ, მოხატულ მაისურში ჩაცმულ პირს შორის ხდება.
1:11 წუთიან ვიდეოში ჩანს, რომ აქციის რამდენიმე მონაწილე იმავე პირს უახლოვდება.
ამავე დროს თეთრმაისურიანს უახლოვდება სამი ადამიანი, რომლებიც, როგორც ჩანს, მასთან ერთად არიან.
ვიდეოში ნაწყვეტებად ისმის თეთრმაისურიანის და აქციის მონაწილეების საუბარი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ თეთრმაისურიანის ქცევა, ცუდად აისახება პროტესტის სხვა მონაწილეებზე. აქციის მონაწილეები თეთრმაისურიან ახალგაზრდას და მის თანმხლებ პირებს სთხოვენ, თქვან, “F*ck Russia”. თეთრმაისურიანი, აქციის მონაწილეს ინგლისურად ეუბნება, რომ “საქართველოს ახალი პრეზიდენტია”, მალევე კი რუსულად აღნიშნავს, რომ ის არ არის პროტესტის მონაწილე და ცეკვავს – “Я не протестую, я танцую” (არ ვაპროტესტებ, ვცეკვავ). რაზეც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ინგლისურად პასუხობს, რომ ამისთვის სწორი დრო არ არის, ხოლო მეორე რუსულად ეკითხება, ხვდება თუ არა, ზოგადად რა ხდება და, რომ აქციის მონაწილეებს “არ ეცეკვებათ”. რაზეც თეთრმაისურიანი კითხულობს: “რატომ? რატომ არ არის ცეკვის დრო [..] საერთოდ რატომ იძაბებით, მეგობრებო, ყველაფერი *ესლადაა”. (Почему? Почему не до танца? […] Почему вы напрягаетесь вообще, ребята, все за*бись”) ჩანს, რომ თეთრმაისურიანის თანმხლები პირებიც პერიოდულად ვიდეოში ცეკვავენ, ვიდეოს დასაწყისში მუსიკაც ისმის.
რამდენიმე ადამიანის ერთდროულად ლაპარაკის გამო, ვიდეოში პერიოდულად სიტყვების გარჩევა რთულია. ვიდეოს ბოლოში აქციის ერთ-ერთი მონაწილე თეთრმაისურიანს უმეორებს, რომ ახლა არ არის სწორი ადგილი და დრო საქართველოში რუსულად ლაპარაკისთვის. რაზეც თეთრმაისურიანი ასევე ინგლისურად ამბობს, რომ არ არის პრობლემა, თუ ის არ მოსწონთ, მას და მის თანმხლებ პირებს შეუძლიათ წავიდნენ. ის ასევე აღნიშნავს, რომ 2 წელია საქართველოში ცხოვრობს.
როგორც 1:11 წუთიანი ვიდეოდან იკვეთება, აქციის მონაწილეებმა პროტესტისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს რუსულენოვანი პირების ქცევა – სავარაუდოდ, ცეკვა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ფაქტს ასევე ადასტურებს ინციდენტის თვითმხილველი, მარიამ სილაგაძე, რომელსაც “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა. მარიამ სილაგაძემ აღნიშნა, რომ ვიდეოები მან და მისმა მეგობარმა გადაიღეს და უშუალოდ ტელეგრამ-არხს “საქართველო – VOL 2.0” მიაწოდეს და არა ტელეკომპანია “იმედს”. სილაგაძის თანახმად, აქციას ტოვებდნენ, როდესაც ვიდეოში ასახული ჯგუფი გამოჩნდა. მათ ხმამაღლა ჰქონდათ ჩართული რუსული მუსიკა და სიმღერები, ცეკვავდნენ და აქციის მონაწილეებს იწვევდნენ. რასაც მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება და რის გამოც აქციის მონაწილეები მათთან მივიდნენ, იმის სათქმელად, რომ მსგავსი ქცევა უადგილო იყო საპროტესტო აქციაზე.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “იმედმა” სწორედ ტელეგრამ-არხში “საქართველო – VOL 2.0” გამოქვეყნებული ვიდეო გაავრცელა, ვიანაიდან ვიდეოში შესამჩნევია ჭვირნიშანი (watermark), რომელსაც არხი ვიდეოებში იყენებს.
ჭვირნიშანი “საქართველო – VOL 2.0” გამოქვეყნებულ ვიდეოში | ჭვირნიშანი “იმედის” გამოქვეყნებულ ვიდეოში | ჭვირნიშანი “საქართველო – VOL 2.0” გამოქვეყნებულ სხვა ვიდეოში |
-
რა ვიცით ვიდეოში აღბეჭდილ თეთრმაისურიან ახალგაზრდაზე?
შელაპარაკების ვიდეოების გავრცელების შემდეგ, ტელეგრამ-არხში “საქართველო – VOL 2.0” მალევე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თეთრმაისურიანი ახალგაზრდა ილია მიტკევიჩ-დალეცკია (ინსტაგრამი: giga_chel). ამ ინსტაგრამ-ანგარიშის გადამოწმებისას, ჩანს რომ ილია მიტკევიჩ-დალეცკი ვიზუალურად ნამდვილად ჰგავს ვიდეოში ასახულ ადამიანს. ასევე ილია მიტკევიჩ-დალეცკის ყელზე აქვს ტატუ “Чел”, მსგავს ადგილას ტატუ ვიდეოში ასახულ თეთრმაისურიან პირსაც აქვს, იკითხება პირველი ასო “Ч” და დანარჩენი სიმბოლოების მოხაზულობაც ჰგავს Чел-ს.
ილია მიტკევიჩ-დალეცკის კიდევ ერთი ტატუ აქვს ხელზე, რომელიც ასევე ჩანს გავრცელებულ ვიდეოში.
ასევე ვიდეოში ის ამბობს, რომ “საქართველოს ახალი პრეზიდენტია” მსგავსი შინაარსის ტექსტი ინსტაგრამ-ანგარიშის აღწერაშიცაა მითითითებული.
ილია მიტკევიჩ-დალეცკის ინსტაგრამ პოსტებიდან ჩანს, რომ ის საპროტესტო აქციებზე დადის და ამას, სავარაუდოდ, საკუთარი თავის და კონტენტის რეკლამისთვის იყენებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.