13 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა თეო ჯაველიძემ და დავით ლორიამ ღაზას ნანგრევებიდან ამოყვანილი პალესტინელი გოგონას შესახებ ინფორმაცია და ვიდეო გაავრცელეს. პირველი პოსტის თანახმად, ებრაელების მიერ დაბომბილი ღაზას ერთ-ერთი ნანგრევებიდან გარდაცვლილ დედას ჩახუტებული ჩვილი ამოიყვანეს, მეორე და მესამე პოსტში კი ნათქვამია, რომ პატარა პალესტინელი, სავარაუდოდ, მამის გადაფარების შედეგად გადაურჩა დაღუპვას.
გავრცელებული ვიდეოს აღწერა მცდარია, რეალურად ვიდეო 2023 წლის თებერვალში სირიაში, ალეპოში არის გადაღებული და ის მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან ბავშვის ამოყვანას ასახავს. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ისრაელ-ჰამასის ომთან კავშირი არ აქვს.
ვიდეო, რომელიც თითქოს ისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზას ნანგრევებიდან ამოყვანილ პალესტინელ ჩვილს ასახავს, სინამდვილეში ალეპოში 2023 წლის თებერვალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილ გოგონას ასახავს. თავდაპირველად ვიდეო 2023 წლის 12 თებერვალს თურქულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Şefkat Eli თავის ინსტაგრამის ანგარიშზე გაავრცელა. პოსტის თანახმად, პატარა გოგონა, საკუთარი გარდაცვლილი დის ხელებში ცოცხალი გადარჩა. პოსტში ასევე მითითებულია, რომ მიწისძვრა ალეპოს რეგიონში მოხდა.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 2023 წლის 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.
მაშველების მიერ ბავშვის ნანგრევებიდან ამოყვანის კადრები 13 თებერვალს თურქულმა საინფორმაციო სააგენტოებმაც (1,2) გაავრცელეს. პოსტებში აღნიშნულია, რომ ალეპოში მომხდარი მიწისძვრის დროს დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა პატარა გოგონა ამოიყვანეს, რომელიც უფროსი დის მკლავებში ცოცხალი გადარჩა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო, რის შედეგადაც, ტერორისტებმა 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 150 კი გაიტაცეს. ისრაელმა ამ აქტის საპასუხოდ ომი გამოაცხადა, დაიბრუნა კონტროლი საზღვარზე და ჰამასის 1500-მდე მებრძოლი დახოცა. ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგად კი, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, საიდანაც მეოთხედი ბავშვია.
ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ სოციალურ მედიაში არაერთი მცდარი ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
- რას ასახავს ვიდეოში ნაჩვენები დანადგარი და უკავშირდება თუ არა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს?
- გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება;
- ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა დაბომბვის ინსცენირება მოაწყო ;
- არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე – რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ;
- რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?
- კრემლის მედიასა და სოციალურ ქსელებში ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება;
- დეზინფორმაცია, თითქოს ჰამასმა ისრაელის ფესტივალის მონაწილეები თავდასხმამდე გააფრთხილა.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი დავით ლორია ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის აპრილში ლორიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თითქოს ვიოლა ფონ კრამონი ჰერმან გერინგის შთამომავალი იყო. 2022 წლის ნოემბერში ის კი ავრცელებდა ვიდეოს, რომელიც, მისი აღწერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევას ასახავდა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- დეზინფორმაცია, თითქოს ვიოლა ფონ კრამონი ჰერმან გერინგის შთამომავალია
- აშშ-ის არჩევნების ამსახველი ვიდეოები ყალბი აღწერებით ვრცელდება
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს, მათ შორის დეზინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
ფეისბუკ მომხმარებელი თეო ჯაველიძე “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი და “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული ფეისბუკ ჯგუფის “ალტერნატივა საქრთველოსთვის” ერთ-ერთი ადმინია. ჯაველიძე ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს, მათ შორის დეზინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.