27 ნოემბერს ფეისბუქზე მცდარი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გააზიარა ვიდეო, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს უკრაინის მიერ ამერიკულ-ბრიტანული რაკეტებით როსტოვის საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ფაქტი.
ზაქარეიშვილი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და რეალურად ვიდეო არ ასახავს უკრაინის მიერ ამერიკულ-ბრიტანული რაკეტებით როსტოვის საცხოვრებელი უბნების დაბომბვას. მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია უკანასკნელ პერიოდში მედიაში არ გავრცელებულა, ვიდეო კი სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაა შექმნილი.
ირაკლი ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ ვიდეოში ჩანს რუსეთის ქალაქ როსტოვის დაბომბვა, რისთვისაც უკრაინამ ამერიკული და ბრიტანული სარაკეტო სისტემები გამოიყენა. რეალურად, დასავლურმა ქვეყნებმა მათი რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლება უკრაინას 18 ნოემბერს მისცა და ამ დროიდან არც ერთ მედიაში არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათ როსტოვი მართლაც დაბომბეს.
18 ნოემბრის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რამდენჯერმე გამოიყენა ამერიკული ATAMCS და ბრიტანული Storm Shadow რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა არც ერთ შემთხთვევაში ქალაქი როსტოვი სამიზნე არ გამხდარა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინულმა მხარემ ამ სისტემებით რუსულ სამხედრო ობიექტებს დაარტყა და არა საცხოვრებელ უბნებს, როგორც ეს ზაქარეიშვილის პოსტში წერია.
“მითების დეტექტორმა” მიაკვლია გავრცელებული ვიდეოს პირველწყაროს, რომელიც TikTok ანგარიში flight_area_zone აღმოჩნდა. მომხმარებელმა ეს ვიდეო სოციალურ ქსელში 20 ნოემბერს ატვირთა, ყოველგვარი აღწერის გარეშე. ეს ანგარიში 2024 წლის სექტემბერში შეიქმნა და მის მიერ გამოქვეყნებული ყველა ვიდეო აფეთქებებს, ტორნადოებსა და ავიაკატასტროფებს ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანს ეტყობა ხელოვნური ინტელექტის ან/და მონტაჟის კვალი. რამდენიმე ვიდეოში შორი კადრით ჩანს ხალხი და ავტომობილები, რომლებიც აფეთქების არეალში ყოფნის მიუხედავად, ქცევას არ ცვლიან და ჩვეულებრივ აგრძელებენ მოძრაობას.
ვიდეოს გადასამოწმებლად ასევე გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტის გამოსავლენი ხელსაწყოები. ერთ-ერთი მათგანის Truemedia.org-ის შეფასებით, რთულია ვიდეოს ავთენტიკურობის დადგენა, რადგან მასში ადამიანები და მათი სახეები არ ჩანს, თუმცა ანალიზი 98%-იანი სიზუსტით აჩვენებს, რომ ვიდეოზე დადებული ხმა ხელოვნური ინტელექტითაა შექნილი.

ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი კიდევ ერთი ხელსაწყო Hive Moderation-ის მიხედვით, ვიდეო 54.9%-იანი სიზუსტით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან დიფფეიქის კვალს.

როსტოვი უკრაინის შეაირაღებული ძალების სამიზნე 2024 წლის აგვისტოში გახდა, როდესაც მათ დაარტყეს როსტოვში არსებულ ნავთობის საცავებს. თუმცა, ამისათვის უკრაინულმა მხარემ დრონები გამოიყენა და არც საცხოვრებელ უბნებზე განუხორციელებია შეტევა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ Wall Street Journal-ის შეფასებით, როსტოვი შესაძლოა იყოს უკრაინის მომდევნო სამიზნე და ამისთვის სწორედ უკვე ნახსენები დასავლური სარაკეტო სისტემები გამოიყენონ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებზეა საუბარი და არა მოსახლეობის საცხოვრებელ ტერიტორიებზე.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.