2-5 მარტს ქართულმა (1,2,3;4;5) და რუსულენოვანმა (1;2;3;4;5) ფეისბუქ-მომხმარებლებმა, ასევე, კრემლის პროპაგანდისტულმა საინფორმაციო პორტალმა ZOV Запорожье გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უკრაინელ მომიტინგეებს, რომლებიც თითქოს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ეწინააღმდეგებიან, შეხვდა და უკრაინის ჯარში გაწევრიანება შესთავაზა. ავტორების მტკიცებით, “უსაფრთხო ამერიკიდან უკრაინაში საბრძოლველად წასვლას” არავინ დასთანხმდა. პოსტებს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ვიცე-პრეზიდენტი თეთრი სახლთან უკრაინის დროშიანი მოქალაქეების წინ სიტყვით გამოდის.
ინფორმაცია, თითქოს ჯეი დი ვენსი აშშ-ში უკრაინელ მომიტინგეებს შეხვდა და მათ უკრაინის ჯარში გაწევრიანება შესთავაზა, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრის შესახებ ღია წყაროებში არ იძებნება, გარდა ამისა, გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული და რეალობას არ ასახავს.
-
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინელ მომიტინგეებს არ შეხვედრია
ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თეთრ სახლთან უკრაინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა. ბოლო პერიოდში აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ერთ-ერთი მასშტაბური დემონსტრაცია 22 თებერვალს მოეწყო უკრაინის საელჩოსა და სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლობით. საპროტესტო აქცია გაიმართა 1 მარტსაც. აქციის მონაწილეებმა უკრაინის მხარდაჭერა თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ გამოხატეს. თუმცა ინფორმაცია, რომ ვიცე-პრეზიდენტი რომელიმე პროტესტზე იყო მისული და უკრაინის მხარდამჭერებთან ან უკრაინულ დიასპორასთან კომუნიკაცია ჰქონდა, არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ აქტივისტებმა მას საპროტესტო აქცია ვერმონტში სათხილამურო კურორტზე მოუწყვეს. პროტესტი ერთი კვირით ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მან უკრაინის მხარდამჭერი ხასიათიც შეიძინა. პროტესტის მონაწილეებმა ის უკრაინის მიმართ დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს. ვიცე-პრეზიდენტს არც ამ აქციის მონაწილეებთან ჰქონია კომუნიკაცია.
-
ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით არის შექმნილი
ფოტო, რომელიც ფეისბუქ-პოსტებს ახლავს თან და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საპროტესტო აქციის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ასახავს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. სურათზე შესამჩნევია დამახასიათებელი ხარვეზები, რომლებიც მიუთითებს, რომ ის AI-ის გამოტენებითაა შექმნილი.
ვიცე-პრეზიდენტის თმა არაბუნებრივად გამოიყურება და უფრო მეტად ანიმაციისთვის დახატულს, ვიდრე რეალურს.
პიჯაკის საყელოზე გულსაბნევი, რომელიც წესით აშშ-ის დროშა უნდა იყოს, გულსაბნევის ფორმას არის მიმსგავსებული, მაგრამ არც ფერებით და არც სხვა რაიმე მახასიათებლით აშშ-ის ან რომელიმე სხვა დროშას არ ჰგავს.
არაბუნებრივას ჩანს ხელებიც. პოლიტიკოსს ცერა თითები არ აქვს.
პოლიტიკოსი დგას არა ტრიბუნასთან, საიდანაც, როგორც წესი, ხალხს მიმართავენ, არამედ ხის პატარა მაგიდასთან. მის უკან დგას კიდევ ერთი ხის მაგიდა, რომლის დანიშნულებაც გაუგებარია.
წარწერა “Join the Ukrainian Army”, რომელსაც მაგიდაზე ვხედავთ, პროგრამულად არის დამატებული ფოტოზე, რის გამოც არაბუნებრივად გამოიყურება და ამოვარდნილია ფოტოს კომპოზიციიდან.
აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია ანტი-უკრაინულმა და პრო-კრემლისტურმა წყაროებმა სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ინგლისურდ და გერმანულად გაავრცელეს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.