7 აპრილს ტელეკომპანია “პირველმა” და “ალიამ” ასევე ფეისბუქ გვერდებმა და ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე თანამდებობას ტოვებს და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ხდება. მის ადგილს კი სერგი ბზიშვილი დაიკავებს.
მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაჟა სირაძე თანამდებობას ტოვებს, არ დასტურდება. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა. ის 2014 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ადამიანის უფლებების დარღვევისა და პროევროპული აქციების დარბევაში მონაწილეობის გამო, ვაჟა სირაძეს სანქციები დაუწესა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ჩეხეთმა. სერგი ბზიაშვილი, ვინც გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა სირაძე უნდა შეცვალოს, მისივე მოადგილეა.
ვაჟა სირაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ონლაინმედია “ინტერპრესნიუსმა” შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა. შსს-ს ინფორმაციის დასაზუსტებლად “მითების დეტექტორიც” დაუკავშირდა. უწყებაში განგვიმარტეს, რომ ვაჟა სირაძე დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.
ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა რამდენიმე პირმა თანამდებობა დატოვა. მათ შორისაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.