ვაქცინებში ალუმინის შემცველობასა და ჩვილებზე მისი გავლენის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ვაქცინებში-ალუმინი
85
VIEWS

16 ოქტომბერს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ანგარიშებმა, მაია თვალთვაძემ  და კობა ჯაკობიამ ვაქცინებში ალუმინის შემცველობის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. პოსტის ავტორების მტკიცებით, ჩვილებს “ალუმინის სახიფათოდ მაღალი შემცველობის” ინექციებს უკეთებენ, რომელიც შუა ტვინის არხში გროვდება და ბავშვის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. პოსტს თან ერთვის ორი ცხრილი, ინგლისურ და რუსულ ენებზე, სადაც სხვადასხვა ვაქცინის დასახელებებია ჩამოთვლილი, მათ შორის Infanrix, Pediarix, Pentacel, Gardasil და Boostrix. თითოეული ვაქცინის გვერდით მითითებულია მონაცემები ერთ დოზაში ალუმინის შემცველობის შესახებ.  

ინფორმაციას ვაქცინაში ალუმინის მაღალი შემცველობის შესახებ იგივე ცხრილთან ერთად რუსულენოვანი ფეისბუკ გვერდები და მომხმარებლები (1,2) წარსულშიც ავრცელებდნენ.

ვაქცინებში ალუმინი

ვაქცინებში ალუმინი

ვაქცინებში ალუმინის შემცველობასა და ჩვილების ჯანმრთელობაზე მის გავლენასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. FDA-ის მიერ მითითებული 25 მიკროგრამიანი ზღვარი ეხება იმ ალუმინის მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც დაშვებულია ახალშობილთა ინტრავენურ კვებაში, რა დროსაც ალუმინი პირდაპირ სისხლში ხვდება. ეს ზღვარი არ ეხება ვაქცინებს. ვაქცინის საშუალებით ალუმინი კუნთში მცირე და უსაფრთხო დოზებით ხვდება, რაც ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოიდევნება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცხრილში მითითებულია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დადგენილი ალუმინის „უსაფრთხო ზღვარი“ ორი თვის ბავშვისთვის 25 მიკროგრამია. თუმცა ეს მონაცემი არ ეხება ვაქცინებს, აღნიშნული მაჩვენებელი განკუთვნილია იმ ახალშობილებისთვის, რომლებიც იღებენ ინტრავენურ კვებას, ანუ ალუმინის შემცველ ნაერთს ყოველდღიურად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შესაბამისად, ეს მონაცემი განსაზღვრავს ინტრავენური კვების დროს დაშვებულ ალუმინის მაქსიმალურ დონეს, ანუ ისეთ შემთხვევას, როცა ალუმინის მარილების შემცველი ნაერთი პირდაპირ სისხლძარღვში ხვდება, მაგალითად, ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ასეთ დროს ალუმინის გამოყოფა თირკმლების მიერ შენელებულია, რამდენადაც  რადგან მათი გამომყოფი მექანიზმები ბოლომდე განვითარებული არ არის ან გადატვირთულია. 

ინტრავენური კვებისგან განსხვავებით, ვაქცინაციის დროს ალუმინის მარილები კუნთში ან კანქვეშ ხვდება, სადაც ისინი ნელა იხსნებიან და თანდათანობით ააქტიურებენ იმუნურ სისტემას. ამის შემდეგ, ალუმინის მცირე რაოდენობა სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადადის, საიდანაც ორგანიზმი მას ბუნებრივი გზით, შარდის მეშვეობით გამოდევნის. სწორედ ამ პროცესის საშუალებით ალუმინის ორგანიზმში დაგროვება არ ხდება და არც  ტოქსიკური ეფექტი არ ვითარდება. ვაქცინებში ალუმინის ნაერთები (ალუმინის ჰიდროქსიდი, ალუმინის ფოსფატი) მოქმედებენ როგორც ადიუვანტები, ანუ ნივთიერება, რომელიც იმუნურ პასუხს აძლიერებს და ორგანიზმს, ეხმარება უფრო სწრაფად და ეფექტიანად გამოიმუშაოს ანტისხეულები. შესაბამისად, ეს ნაერთები არ შეიწოვება ორგანიზმში იმავე გზით, როგორც ინტრავენური ნივთიერებები.

ცხრილი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, თავდაპირველად 2022 წელს ამერიკულ ანტივაქსერულ გვერდებზე გამოქვეყნდა. პოსტს თან ერთვოდა ამბავი მეინის შტატიდან, თითქოს 2 თვის ჩვილი ვაქცინაციიდან ორ დღეში გარდაიცვალა, ხოლო აუტოპსიამ კი დაადასტურა, რომ სიკვდილი ალუმინის ზედმეტი დოზით იყო გამოწვეული.

ალუმინის ტვინში დაგროვების თემა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია განსაკუთრებით ბავშვთა ვაქცინაციის კონტექსტში. ხშირად ვრცელდება მტკიცება, თითქოს ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში მოხვედრილი ალუმინი ტვინში გროვდება, გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ნერვულ უჯრედებს აზიანებს. თუმცა სამეცნიერო მტკიცებულებები და ტოქსიკოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი პროცესის რისკი ვაქცინების შემთხვევაში დაბალია.

PolitiFact-ის ცნობით, მეინის შტატის სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ოფიციალური დასკვნის თანახმად, ჩვილი არასათანადო ძილის პოზიციის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცალა. მოგვიანებით, ოჯახმა საკუთარი ინიციატივით კერძო ექსპერტიზაც ჩაატარა, მათ შორის ალუმინის დონის შესამოწმებლად. თუმცა არც ოფიციალურ და არც კერძო ექსპერტიზას არ დაუდასტურებია,  რომ გარდაცვალების მიზეზი ალუმინი იყო.

  • რა ვიცით ალუმინის ტვინში დაგროვების შესახებ? 

ალუმინი ბუნებრივი ელემენტია, რომელიც ბუნებრივ გარემოში, წყალში, საკვებში და ჰაერში გვხვდება. ადამიანის ორგანიზმი ამ მეტალთან მუდმივად კონტაქტშია, ყოველდღიურად საკვებიდან და წყლიდან საშუალოდ 7-9 მილიგრამ ალუმინს იღებს. ამასთან შედარებით, ვაქცინებში ალუმინის შემცველობა გაცილებით მცირეა: ერთი დოზა დაახლოებით 0.125-0.85 მილიგრამამდე ალუმინის მარილს შეიცავს. სწორედ ეს მცირე რაოდენობა იწვევს იმუნურ სისტემის გააქტიურებას და ხელს უწყობს ანტისხეულების გამომუშავებას. შესაბამისად, ალუმინი გამოიყენება როგორც ადიუვანტი, იმუნური რეაქციის გამაძლიერებელი საშუალება.

ალუმინი ადამიანის ორგანიზმში არ გროვდება, რამდენადაც მას ამ მეტალის გამოდევნისთვის ბუნებრივი მექანიზმები აქვს. ვაქცინაციისას ალუმინის მარილები ინექციის ადგილზე რჩება და იმუნურ რეაქციას აპროვოცირებს. ამის შემდეგ ალუმინის ნაერთების ნაწილი სისხლის მიმოქცევაში გადადის, თუმცა მას ორგანიზმი სწრაფად შლის და თირკმლების საშუალებით გამოდევნის. სწორედ თირკმელები ასრულებენ ალუმინის ბუნებრივ ფილტრის ფუნქციას და მეტალის მარილებს შარდის გზით გამოყოფს. შესაბამისად, ალუმინის მარილების კონცენტრაცია ორგანიზმში ტოქსიკურ დონეს ვერ აღწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ  ადამიანის ტვინი იზოლირებულია ჰემატოენცეფალური ბარიერით, რომელიც წარმოადგენს უჯრედულ ფენას სისხლძარღვებსა და ტვინის ქსოვილს შორის. ეს ბარიერი იცავს ნერვულ სისტემას ტოქსიკური ნივთიერებებისგან და მხოლოდ შერჩეულ მოლეკულებს ატარებს. ალუმინის იონები, მათი ქიმიური თვისებების გამო ამ ბარიერში გასვლას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, ვაქცინით მიღებული ალუმინი ტვინის ქსოვილამდე ვერ აღწევს.   

ალუმინის ტოქსიკურობა შესაძლოა დაფიქსირდეს მაშინ, როცა მისი კონცენტრაცია ორგანიზმში ასობით ან ათასჯერ აღემატება ნორმას, რაც ხდება ხანგრძლივი ინტრავენური თერაპიის, მძიმე თირკმლის უკმარისობის ან საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით მოწამვლისას. ვაქცინების შემთხვევაში,  ასეთი დოზის მიღება ფიზიოლოგიურად შეუძლებელია.

მნიშვნელოვანია ისიც, ჩვილები სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რაციონით უფრო მეტ ალუმინს იღებენ, ვიდრე იმავე პერიოდში ჩატარებული ვაქცინების შემთხვევაში. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვილებისთვის გაკეთებული ვაქცინები დაახლოებით 4.4 მილიგრამ ალუმინს შეიცავს, მაშინ როდესაც ექვსი თვის განმავლობაში დედის რძე დაახლოებით 7 მილიგრამს, ხოლო ხელოვნური ფორმულა კი 38 მილიგრამ ალუნიმნს შეიცავს. შესაბამისად, მცირე დოზა, რომელიც ვაქცინით ხვდება ორგანიზმში, გაცილებით ნაკლებია ბუნებრივ ფონთან შედარებით. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ადიუვანტის  შემცველი ყველა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა კლინიკური კვლევებითაა დადასტურებული, ხოლო მათი ლიცენზირებისა და დამტკიცების შემდეგ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და სურსათისა და წამლის ადმინისტარაციის (FDA)  მიერ მუდმივად ხდება მათი კონტროლი.

ვაქცინების შემცველობისა და ახალშობილისთვის განკუთვნილი ვაქცინების შესახებ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ამის შესახებ იხილეთ მასალები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist