22 მაისს, ERI Media-ს გადაცემაში “გონიერი” სოსო მანჯავიძესთან ერთად პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ბულგარეთისა და რუმინეთის ბედს გავიზიარებთ, სადაც რეალური ეკონომიკა, წარმოება არ შეცვლილა და მოსახლეობის დიდი ნაწილი ნანობს ევროკავშირში გაწევრიანებას. მისივე თქმით, ამ ქვეყნებში სიღარიბის დონე საქართველოზე მაღალია.
ირაკლი გოგავა არ აკონკრეტებს, რა კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს ამას.
ბულგარეთსა და რუმინეთში ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მზარდია და საქართველოს მონაცემს აღემატება. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში, მოსახლეობის ნახევარზე მეტი დადებითად აფასებს ევროკავშირში წევრობას და პოლიტიკური კურსის ცვლილებას არ განიხილავს.
მშპ და ევროკავშირისადმი დამოკიდებულება ბულგარეთში
ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2007 წელს გახდა. Statista.com-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ბულგარეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მზარდია. პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი მომდევნო წლებშიც გაიზრდება და ახალ პიკს 2029 წელს მიაღწევს.

წყარო: statista.com

წყარო:statista.com
რაც შეეხება ბულგარეთის მოსახლეობის დამოკიდებულებას ევროკავშირისადმი, 2024 წლის მარტში, ბულგარეთში არსებული დამოუკიდებელი სოციალური კვლევების სააგენტოს, Alpha Research-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი ჯერ ვერ მიუახლოვდა ევროკავშირის სხვა ქვეყნების ცხოვრების სტანდარტებს, მოსახლეობის 60% კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში წევრობას.
მშპ და ევროკავშირისადმი დამოკიდებულება რუმინეთში
რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა ბულგარეთთან ერთად, 2007 წელს გახდა. Statista.com-ის მონაცემების თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ქვეყნის მშპ-ის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

წყარო: Statista.com

წყარო: Statista.com
რაც შეეხება რუმინელების ევროკავშირისადმი დამოკიდებულებას, INSCOP-ის მიერ 2024 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რუმინელების 50% თვლის, რომ ევროკავშირში წევრობამ რუმინეთს ბევრი სარგებელი მოუტანა. თუმცა, ასევე აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტარებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა რუმინელებს ჰქონდეთ ისეთივე უფლებები და ცხოვრების სტარდარტები, როგორც სხვა ევროპელ მოქალაქეებს.
რუმინეთის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, საზოგადოების აზრის კვლევა 2020 წელს Statista.com-მაც ჩაატარა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის 50% ევროკავშირში ყოფნას დადებითად, 19% უარყოფითად აფასებს, ხოლო 31%-სთვის წევრობა არც კარგია და არც ცუდი.

წყარო: statista.com
რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს ბულგარეთსა და რუმინეთში სიღარიბის დონე საქართველოზე მაღალია, სიმართლეს არ შეესაბამება. Statisa.com-ის მონაცემის მიხედვით, ბულგარეთის და რუმინეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მონაცემს აღემატება.

საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე
ირაკლი გოგავას განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს ბულგარეთსა და რუმინეთში რეალური ეკონომიკა არ შეცვლილა, ფინანსისტს, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანს გიგა ბედინეიშვილსაც ვესაუბრეთ.
გიგა ბედინეიშვილი: “ის, რომ რეალური ეკონომიკა მხოლოდ წარმოებაა, არის აბსურდული გამონათქვამი. ეკონომიკა ბევრი რაღაცისგან შედგება: წარმოებისგან, სერვისისგან, ინვესტიციებისგან, მოხმარებისგან. მთლიანი შიდა პროდუქტი, პრინციპში, არის ყველაზე სწორი პარამეტრი ქვეყნის სიმდიდრის განსაზღვრისა და მაშინ ორჯერ უფრო ღარიბები ვართ რუმინეთთან და ბულგარეთთან შედარებით.
ფაქტია, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკური პერსპექტივები ევროკავშირში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდა. უპირველეს ყოვლისა, ბაზრებისადმი უკეთესი წვდომისა და მუშახელის გაზრდილი მობილურობის გამო.”
რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკებზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:
- დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთის და რუმინეთის ეკონომიკები დაანგრია
- ლალი მოროშკინა “ობიექტივის” ეთერში დეზინფორმაციასა და კონსპირაციებს ავრცელებს
წყაროს შესახებ
ირაკლი გოგავა “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელია. 1999-2004 წლებში იგი საქართველოს პარლამენტში “მოქალაქეთა კავშირის” წარმომადგენელი იყო. გოგავას მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- რას ითვალისწინებს ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებაში?
- რამდენი ადამიანი ესწრებოდა “უცნობის” აქციას რესპუბლიკის მოედანზე?
- ECHR: კონტრდემონსტაციამ არ შეიძლება შეაფერხოს დემონსტრაციის უფლების განხორციელება
- ვინ ამტკიცებს, რომ აშშ კი არ ეხმარება საქართველოს, საქართველოს ბიუჯეტი ეხმარება ამერიკას?
- აფინანსებს თუ არა სოროსი პროტესტს და არეულობებს აშშ-ში
ლიზა კახაბერიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.