5-6 თებერვალს POSTV-მ (1,2), Georgia First NEWS, ჩინეთის ამბები • China News, პოლიტიკურმა გაერთიანებამ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” და ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ USAID-მა უკრაინაში ჩასვლისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარიზაციისთვის მსახიობებს ანჯელინა ჯოლის, შონ პენს, ორლანდო ბლუმს, ბენ სტილერს და ჟან-კლოდ ვან დამს მილიონობით დოლარი გადაუხადა. POSTV-მ მოგვიანებით პოსტები წაშალა.
პოსტების ნაწილს თან ახლავს ინგლისურენოვანი ვიდეო, რომელშიც იმავე ინფორმაციას ავრცელებს და ვიზუალურად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკული მედიის E!News-ის ვიდეოა. იგივე ინფორმაცია აქტიურად გაავრცელეს რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიებმა მათ შორის Царьград, Russia Today, EurAsia Daily, Российская Газета, Военное обозрение, Вести.
მტკიცება, რომ USAID-მა უკრაინაში ჩასვლისთვის მსახიობებს ფული გადაუხადა, დეზინფორმაციაა. ვიდეო, რომელიც თითქოს Е! News-ს ეკუთვნის გაყალბებულია და გამოცემას არ გაუვრცელებია. დასახელებული მსახიობების უმეტესობა გაეროს კეთილი ნების ელჩების პროგრამასთან არის დაკავშირებული და არა USAID-თან. ინფორმაცია ასევე უარყვეს მსახიობებმა ბენ სტილერმა და შონ პენმა.
-
როგორ გავრცელდა Е! News-ის სახელით გაყალბებული ვიდეო
Е! News-ის სახელით გავრცელებული ვიდეო, რომელიც USAID-ის მიერ მსახიობებისთვის უკრაინის და ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერისთვის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა, გაყალბებულია. მსგავსი ვიდეო გამოცემის ოფიციალურ სოცმედია-გვერდებზე არ იძებნება. ასევე Е! News-ის წარმომადგენელმა AFP Fact-check-ის ჟურნალისტთან, ბილ მაკკარტისთან კომენტარში დაადასტურა, რომ ვიდეო გაყალბებულია. გარდა ამისა, ვიდეოს მცირედით განსხვავებულია Е! News-ის კონეტნტისგან. მოკლე ვიდეოებს რომელსაც მსგავსი სტილის ტიტრები აქვს გადადებული Е! News-ი ჩვეულებრივ გახმოვანების გარეშე აქვეყნებს, ხოლო დეზინფორმაციულ ვიდეოს ტიტრის გარდა სინქრონიც მოჰყვება. ასევე ვიდეოში ერთ-ერთი მსახიობის, ჟან-კლოდ ვან დამის სახელში შეცდომაა დაშვებული.

ვიდეო ინგლისურენოვან ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა და ის X-ზე ილონ მასკმა და დონალდ ტრამპ უმცროსმა, ასევე დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა და მხარდამჭერმა სიდნი პაუელმაც გააზიარეს. პოსტებს X-ზეც თანდართული აქვს ინფორმაცია, რომ ვიდეო გაყალბებულია.
-
რა ვიცით მსახიობების ვიზიტებზე უკრაინაში და ვინ გამოეხმაურა გავრცელებულ დეზინფორმაციას?
X-ზე გავრცელებულ ვიდეოს მსახიობი ბენ სტილერი გამოეხმაურა.
სტილერი: “სრული სიცრუეა. ეს არის რუსული მედიიდან წამოსული ტყუილი. ჩემი ჰუმანიტარული ვიზიტი უკრაინაში სრულიად მე დავაფინანსე. არ ყოფილა არანაირი დაფინანსება USAID-იდან და მით უმეტეს რაიმე პირადი ანაზღაურება”
ბენ სტილერი უკრაინაში 2022 წლის ზაფხულში იყო ჩასული, როგორც UNHCR-ის კეთილი ნების ელჩი. მედიის კითხვებზე საპასუხოდ განცხადება გაავრცელა UNHCR-მაც და აღნიშნა, რომ პროგრამის საქმიანობის ფარგლებში სტილერი ორგანიზაციისგან ანაზღაურებას არ იღებს და სხვადასხვა ჰუმანიტარულ ვიზიტებს თავისი ხარჯებით ფარავს.
AFP Fact-check-ის ჟურნალისტი, ბილ მაკკარტის ცნობით, შონ პენის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსახიობმა უკრაინაში ვიზიტის ხარჯები თავად დაფარა და USAID-სგან ანაზღაურება არ მიუღია. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პროპაგანდის და სიცრუის გავრცელება სახიფათო და უპასუხისმგებლოა და მსახიობი შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს.
შონ პენი უკრაინას 2022 წლის შემოდგომაზე ესტუმრა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. პენი უკრაინაში ომის კრიტიკის გამო რუსეთის მიერ სანქცირებულია. პენმა ასევე უკრაინაში ომზე დოკუმენტური ფილმი “სუპერძალა” გადაიღო.
ანჯელინა ჯოლი უკრაინაში 2022 წლის მაისში ჩავიდა, ის წლებია გაეროს სპეციალური წარმომადგენელია ლტოლვილების საკითხებში, თუმცა უკრაინაში ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად იმყოფებოდა. ორლანდო ბლუმი უკრაინას 2023 წლის მარტში ჩავიდა, როგორც UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. ჟან-კლოდ ვან დამი კი უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატად 2022 წლის ზამთარში იმყოფებოდა.
გაეროს გზამკვლევის მიხედვით, რომელიც მშვიდობისა და კეთილი ნების ელჩების დანიშვნას ეხება და გაეროს ყველა ორგანიზაციაზე ვრცელდება, მშვიდობის და კეთილი ნების ელჩები თავის ჰუმანიტარულ საქმიანობაში გაეროსგან ანაზღაურებას არ იღებენ. მათ შეიძლება სიმბოლურად $1 დოლარი გადაუხადონ და მგზავრობის და ყოველდღიური ხარჯები აუნაზღაურონ.
მსახიობებთან და USAID-თან დაკავშირებული ყალბი ცნობები AFP-მ და BBC-მაც გადაამოწმეს. AFP-მ ასევე აღნიშნა რომ usaspending.gov-ზე, აშშ-ს ფედერალური ხარჯების შესახებ მონაცემთა ბაზაში ვერ მიაგნო რაიმე სახის ინფორმაციას, რომ USAID-ი რომელიმე ცნობილ პირს ფულს უხდიდა.
კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორმა და დეზინფორმაციის მკვლევარმა, დარენ ლინვილმა X-ზე აღნიშნა, რომ ანგარიშები, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია X-ზე ხშირად ავრცელებენ ჯგუფ Storm-1516-ის შექმნილ პროპაგანდისტულ ნარატივებს. Storm-1516 რუსული ჯგუფია, რომელიც პროპაგანდის გავრცელებაზე მუშაობს. NBC News-ის თანახმად, ჯგუფის საინფორმაციო კამპანიები ძირითადად გაყალბებულ პირველად წყაროებს აუდიო, ვიდეო, ფოტო მასალებს და დოკუმენტებს ეყრდნობა, რომლებიც დეზინფორმაციული მტკიცებების დასადასტურებლად გამოიყენება. ჯგუფის მიერ შექმნილი ყალბი ინფორმაცია კი შემდეგ საერთაშორისო მედიის და ბლოგერების საშუალებით ვრცელდება და გავრცელებული დეზინფორმაციის ძირითადი სამიზნე დასავლური აუდიტორიაა.
არქივის ბმულები: Georgia First NEWS, ჩინეთის ამბები • China News,
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.