4 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოფიციალურმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ USAID ავღანეთში აფინანსებდა ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაციისა და ჰეროინის წარმოებას. კერძოდ, “ერი მედიას” წამყვან სოსო მანჯავიძის მტკიცებით, ამერიკულმა სააგენტომ ოპიუმის მოსაყვანად საჭირო ირიგაციის სისტემები დააფინანსა, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი კი ირწმუნება, რომ ამ საქმეში ჩართული იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც (CIA), რომელიც USAID-თან ერთად წარმოებულ პროდუქტს შავ ბაზაზრზე ყიდდა და ამ საქმიანობაში წლიურად 56 მილიონი დოლარი იხარჯებოდა.
ინფორმაცია USAID-ის მიერ ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოების კულტივაციისა და ჰეროინის წარმოების დაფინანსებაზე, მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, მტკიცება დაფუძნებულია 2018 წლის ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია, რომ სააგენტომ ავღანეთში დააფინანსა სარწყავი სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ინსტუმენტები და სასუქი, რომელიც განკუთვნილი იყო სასოფლო-სამეურნეო პროგრამებისთვის და მიზნად ისახავდა ფერმერების და ნარკომოვაჭრეების შეკავებას ოპიუმის კულტივაციისა და ვაჭრობისგან. თუმცა, პროგრამამ საჭირო შედეგები ვერ გამოიღო და შემდგომში ნარკომოვაჭრეებმა ოპიუმის მოსაყვანად გამოიყენეს.
ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ ატვირთული ფოტოები, 2018 წელს გამოქვეყნებული სტატიიდანაა ამოჭრილი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხა იხარჯება ავღანეთში ყაყაჩოს კულტივაციასა და ჰეროინის წარმოებაში. აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ვებ-გვერდზე, სადაც იდენტური ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა, წყაროდ სწორედ აღნიშნული სტატიაა მოყვანილი. თავად ეს გამოცემა ინფორმაციას აქვეყნებს ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც 2018 წელს “ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური გენერალური ინსპექტორის ოფისმა” (SIGAR) წარადგინა. SIGAR აშშ-ის კონგრესის მიერ შექმნილი ინსტიტუტია და ავღანეთის რეკონსტრუქციის ზედამხედველ ორგანოს წარმოადგენს. ზემოხსენებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2005-2008 წლებში USAID-მა ავღანეთში “ალტერნატიული განვითარების პროექტების” ფარგლებში მინიმუმ 330 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც მიზნად ისახავდა ფერმერებისა და მოვაჭრეების შეკავებას ოპიუმის კულტივაციისა და ვაჭრობისგან. თუმცა, პროგრამები ჩავარდა და ეს დახმარება საბოლოოდ უნებურად ყაყაჩოს თესლის მოყვანას და ჰეროინის წარმოების გაზრდას მოხმარდა. პირველ რიგში ეს ეხება სარწყავ სისტემებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოსაყენებელი მიწების ზრდისთვის შეიქმნა/რეაბილიტირდა. ამან შედეგი მართლაც გამოიღო და ასეთი მიწების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამასთანავე გაიზარდა ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაციაც, რისთვისაც სწორედ აღნიშნული ირიგაციის სისტემებს იყენებდნენ. დოკუმენტის მიხედვით USAID-მა ავღანელ ფერმერებს ასევე მიაწოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების აღჭურვილობა და სასუქი, რისი დიდი ნაწილიც მათგან დამოუკიდებლად ოპიუმის წარმოებას მოხმარდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ავღანეთი იმ დროისთვის (2018 წ.) ჰეროინის ყველაზე დიდი მწარმოებელი იყო მსოფლიოში და ეს ბიზნესი ქვეყნის მშპ-ს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, რის გამოც ადგილობრივი მთავრობა უარს აცხადებდა ოპიუმის ყაყაჩოს მოსავლის სრულ განადგურებაზე და ამიტომ, აშშ-ის მთავრობა მხოლოდ ჰეროინის მწარმოებელ ლაბორატიებზე ახორციელებდა საჰაერო იერიშებს, რამაც დიდი შედეგი ვერ მოიტანა. ამ ყველაფრის ფონზე კი თალიბანი ამ ბიზნესიდან ასეულობით მილიონ დოლარს შოულობს და მისი სრული დაფინანსების 60%-ს წარმოადგენს.
ზაქარეიშვილის მტკიცების საპირისპიროდ, არც სტატიაში და არც თეთრი სახლის განცხადებაში არაფერია ნახსენები ოპიუმის წარმოებაში CIA-ის ჩართულობაზე, ან USAID-ის მიერ ამ ბიზნესის გამიზნულად დაფინანსებაზე და ჰეროინის ვაჭრობაში მონაწილეობაზე.
თეთრი სახლის განცხადების პარალელურად, ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მათ შორისაა ილონ მასკიც, რომელმაც კონსერვატორი მაიკ ბენცის პოსტი გააზიარა. აღსანიშნავია, რომ ბენცმა ამ საკითხთან დაკავშირებით მეორე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ USAID-ის ერთ-ერთი პარტნიორი “აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტია”, რომელიც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება 56 მილიონი დოლარით და თალიბანის მიერ ჰეროინის წარმოების გაგრძელებას ლობირებს.
2022 წელს თალიბანმა, რომელიც ავღანეთს ოფიციალურად მართავს, აკრძალა ოპიუმის წარმოება, რასთან დაკავშირებითაც ‘აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ეს პროცესი საზიანოა როგორც ავღანეთისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მაიკ ბენცი ამ სტატიას მიიჩნევს ჰეროინის წარმოების გაგრძელების ლობირებად, თუმცა რეალურად სტატიაში სხვა საკითხებზეა საუბარი. კერძოდ, ავტორი წერს, რომ ოპიუმი ქვეყნის მშპ-ს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და მისი უცაბედად შეწყვეტა კიდევ უფრო დააზიანებს ისედაც სუსტ ეკონომიკას, გააღრმავებს სიღარიბის პრობლემებს და მოსახლეობის ნაწილი შიმშილის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. საბოლოოდ ეს პრობლემები გამოიწვევს მიგრაციას და მრავალი ავღანელი თურქეთსა და ევროპას შეაფარებს თავს. სტატიის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ თალიბანმა ოპიუმის აკრძალვა შემოსავლის ალტერნატიული წყაროების გაუთვალისწინებლად მიიღო, რის გამოც მრავალწლიან პერიოდში ეს ვერც ქვეყნისთვის და ვერც მსოფლიოსთვის ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მოიტანს.
წყაროს შესახებ:
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.