6 თებერვალს პროსახელისუფლებო ტელევიზია POSTV-ის გადაცემაში “სამნი & Co” წამყვანებმა, შალვა რამიშვილმა და ბაჩო ოდიშარიამ სხვადასხვა ქვეყანაში USAID-ის გრანტების შესახებ ისაუბრეს (1;2;3). წამყვანების მტკიცებით, USAID-მა სამხრეთ აფრიკაში კაცთან კაცის სექსის პოპულარიზაციაზე 10 მილიონი დახარჯა, ასევე, დააფინანსა კოლუმბიაში “ტრანსგენდერული ოპერა”.
შალვა რამიშვილი: “[ჩემი ფავორიტი დანახარჯია] ტრანსგენდერული ოპერა კოლუმბიაში”.
ბაჩო ოდიშარია: “ჩემი ფავორიტი არის, 10 მილიონი დაიხარჯაო სამხრეთ აფრიკაში კაცს რომ კაცთან სექსი ჰქონდეს, მაგის პოპულარიზაციაზე. ოღონდ, აღწერა იყო ეგ, რა – “men who have sex with men”. მორჩა. მეტი დეტალიზაცია, რომ რა მოტივაციაა ამის ქვეშ…”
შალვა რამიშვილი: “პოპულარიზაცია ხო უნდა მოახდინონ? აი, გვაპიდარასტებენ არის ეგ. იმენა, ხალხის გაპიდარასტებაში, ბოდიში ამ ტერმინისთვის, გადაიხადეს 20 მილიონი”.
ოპერის შესახებ მტკიცება 11 თებერვალს გაიმეორა ჟურნალისტმა გიორგი ახვლედიანმა გადაცემაში “ლიბერალიზმის ანატომია”. ამავე გადაცემაში ნაჩვენებ სიუჟეტში ჟურნალისტმა მაყურებელს უთხრა, რომ USAID-მა $32 ათასი დახარჯა პერუში ტრანსგენდერული კომიქსისთვის. 7 თებერვალს კი POSTV-ზე “დიდ გადაცემაში” დიპლომატმა კოტე ჟღენტმა თქვა, რომ USAID-ი თანხას იხდიდა ტრანსგენდერი ვირთხების, თაგვებისა და მაიმუნების გამრავლების პრობლემებში. 10 თებერვალს USAID-ის მიერ მაიმუნებში LGBTQ+ პროპაგანდის დაფინანსების შესახებ მტკიცება გაიმეორა პოლიტოლოგმა ედიშერ გვენეტაძემ გადაცემაში “სალტე”.
USAID-ის გრანტების შესახებ ინფორმაცია უკონტექსტოდ და მანიპულაციურად ვრცელდება: 1) სამხრეთ აფრიკაში 10 მილიონი კაცებთან კაცის სექსის პოპულარიზაციას არ მოხმარებია. რეალურად, პროექტები ითვალისწინებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციას, მკურნალობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას; 2) USAID-ს ასევე არ დაუფინანსებია “ტრანსგენდერი მაიმუნების” შექმნა – გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსგენდერი ქალები აივ ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ არიან, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გაცემული თანხა მოხმარდა კვლევას, თუ როგორ ახდენს ჰორმონალური თერაპია გავლენას აივ ინფექციაზე. კვლევის ფარგლებში ცდები მაიმუნებზე ტარდებოდა; 3) რაც შეეხება პერუში შექმნილ კომიქსს და კოლუმბიის ოპერას, მათ შინაარსზე ინფორმაცია ნაწილობრივ სიმართლეა, თუმცა ისინი არა USAID-მა, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსა და პროექტის ხარჯის მხოლოდ ნაწილი გაიღო.
-
რას აღნიშნავს ტერმინი men who have sex with men?
ტერმინი “men who have sex with men” სამედიცინო სფეროში ათწლეულებია, დამკვიდრებულია და კლინიკურად აღნიშნავს მხოლოდ სექსუალურ ქცევას, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. მას აღნიშნავენ, როგორც MSM. ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხშირად დგანან აივ ინფექციისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გაზრდილი რისკის წინაშე.
2024 წლის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში აივ ინფექციის გავრცელების სავარაუდო მაჩვენებელი 12.7%-ია. ინფიცირებულთა მიახლოებითი რაოდენობა 8 მილიონია. 15-45 წლის მოსახლეობაში 16.7% აივ დადებითია. სამხრეთ აფრიკაში MSM-ებს შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. აივ ინფექციის გავრცელების რისკი კაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი კაცებთან, 2011 წლის კვლევით, დაახლოებით, 15.3% იყო, რაც ზრდასრულებში გავრცელების მაჩვენებელს აღემატებოდა. პრობლემას განსაკუთრებით ამწვავებდა და მკურნალობისთვის ბარიერებს ქმნიდა შიდსის სტიგმა, ჰომოფობია და მასკულინობის კულტურული დეფინიციები. არსებული სტიგმისა და აივ ინფექციის შიშის გამო კაცები, რომლებიც დისკრიმინაციის გარეშე უნდა მკურნალობდნენ სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მედიკამენტებით, ხშირად ამბობდნენ უარს ტესტირებაზე, რაც შემდგომში დაავადების გავრცელებას უწყობდა ხელს.
-
რას აფინანსებს USAID-ი სამხრეთ აფრიკაში?
მტკიცება, რომელსაც გადაცემაში იმეორებენ, სოციალურ ქსელში X-ის მომხმარებლების მიერ აქტიურად ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ხარჯები, რომლებსაც მომხმარებლები USAID-ის მიერ ფულის ფლანგვას უწოდებენ, განმარტებების გარეშეა ჩამოთვლილი. “$6.3 million for men who have sex with men in South Africa” – ვკითხულობთ პოსტებში, რომლებშიც კონკრეტულად არ არის განმარტება მოცემული, თუ რა პროექტისთვის დაიხარჯა ფული. წინადადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ თანხა გადაეცათ კაცებს, რომლებსაც კაცებთან აქვთ სექსი, ხოლო ბაჩო ოდიშარია ამტკიცებს, რომ თანხა კაცთან კაცის სექსის პოპულარიზაციას მოხმარდა.
რეალურად, USAID აფრიკის სამხრეთ ქვეყნებში, მათ შორის, სამხრეთ აფრიკაში აქტიურად უჭერდა მხარს ინიციატივებს, რომლებიც მოიაზრებდა MSM-ის ჯანდაცვასაც. პროექტების მიზანი იყო არა კაცთან სექსის პოპულარიზაცია, არამედ მათი ჯანმრთელობის დაცვა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია (აივ ინფექციის) და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის მიწოდება. ოფიციალურ საიტზე USASPENDING, რომელზეც შესაძლებელია აშშ-ის მიერ გაცემული დახმარების მოძიება, იძებნება სამხრეთ აფრიკაში მომუშავე ორგანიზაცია PASPWA-სთვის გაცემული $46 000. PASPWA ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაზე მიმართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. აღწერაში ვკითხულობთ, რომ გრანტი მიზნად ისახავს აივ ინფექციასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებას ტრანსგენდერი ადამიანებისა და კაცებისთვის, რომლებსაც აქვთ სექსი კაცებთან. ასევე, თანხა უნდა დახარჯულიყო მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების აღმოჩენაზე. გრანტის გამცემად არა USAID-ი, არამედ სახელწიფო დეპარტამენტია მითითებული.
ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც USAID-ი სხვადასხვა წლებში აფინანსებდა, არის Health4Men, რომელსაც Annova Health Institute ახორციელებდა. Health4Men პროექტის დაფინანსება USAID-მა 2008 წელს დაიწყო, მაშინ, როცა მომსახურება შეზღუდული იყო და ყურადღება MSM ჯგუფის საჭიროებებს ნაკლებად ექცეოდა. Annova-ს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის შესახებ, რომელით, აივ ინფექციის მკურნალობასა და პრევენციასთან, ასევე, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინიციატივების გარდა, ითვალისწინებდა ჯანდაცვის მუშაკების მომზადებას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო გეი და ბისექსუალი კაცებისთვის ცრურწმენების გარეშე კომპეტენტური სერვისის მიწოდება.
მას შემდეგ, რაც USAID-ის მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით შეჩერდა, გამოცემები წერენ სამხრეთ აფრიკაში არსებულ რთულ სიტუაციაზე, რადგან ორგანიზაციებს, რომლებიც აივ ინფექციის პრევენციასა და მკურნალობაზე მუშაობდნენ, დაფინანსების გარეშე მუშაობის შეჩერება უწევთ. აშშ-იდან დაფინანსებული მრავალი ორგანიზაცია აწვდის სერვისებს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს, მათ შორის, MSM ჯგუფს, სექსმუშაკებსა და ტრანსგენდერ ადამიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ USAID-ის ოფიციალური ვებ-საიტი ამ დროისთვის (10/02/2025) გათიშულია, MSM ჯგუფთან დაკავშირებული პროექტის შესახებ ინფორმაცია იძებნება რეგიონისთვის შექმნილ USAID-ის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
ამრიგად, პროექტი, რომელიც სამხრეთ აფრიკისთვის არის გათვლილი და მითითებული აქვს სამედიცინო სფეროში დამკვიდრებული ტერმინი “men who have sex with men” მიმართულია არა კაცებთან კაცების სექსის პოპულარიზაციაზე, როგორც ამას POSTV-ის გადაცემაში ამტკიცებენ, არამედ ჯანდაცვის ინიციატივებზე, უმეტესად, აივ ინფექციის მკურნალობაზე, პრევენციასა და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებებზე.
-
აფინანსებდა თუ არა USAID-ი “ტრანსგენდერი მაიმუნების” პროგრამას?
მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია USAID-ის პროგრამის შესახებ, რომელიც თითქოს “ტრანსგენდერი მაიმუნების” გამრავლების პრობლემებსა თუ ცხოველებში LGBTQ+ პროპაგანდას ითვალისწინებს. მსგავსი მიზნისთვის გაცემული გრანტი USASPENDING-ზე არ იძებნება. მსგავსი მტკიცებები “ტრანსგენდერ მაიმუნებზე” დახარჯული მილიონების შესახებ წარსულშიც გავრცელებულა. 2024 წლის ნოემბერში ინფორმაცია ილონ მასკმა X-ზეც გააზიარა. თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე მსგავსი ცნობების პირველწყარო, სავარაუდოდ, სენატორ რენდ პოლის მიერ გამოცემული The Festicus Report-ებია. სწორედ მასში გვხვდება მტკიცება მეცნიერ ენტონი ფაუჩის “ტრანსგენდერი მაიმუნების” პროექტის შესახებ.
რეალურად, თანხა არა USAID-მა, არამედ ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა გასცა და ის მაიმუნებში “LGBTQ+ პროპაგანდას” ან “ტრანსგენდერი მაიმუნების საჭიროებებს” არ მოხმარებია. მტკიცება PoliliFact-მაც გადაამოწმა. პროექტი მიზნად ისახავდა ტრანსგენდერ ქალებში აივ ინფიცირების შესახებ ცდის ჩატარებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალები აივ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან – კვლევა ამ კონტექსტში იყო მნიშვნელოვანი. კვლევის ფარგლებში, რომელიც Scripps Florida-ს უნდა ჩაეტარებინა, მაიმუნებისთვის ქალური ჰორმონების თერაპიის ატარებდნენ, რათა შეესწავლათ, ხდის თუ არა ეს ჰორმონი მაიმუნებს მეტად დაუცველს აივ ინფექციის მიმართ. კვლევას ასევე უნდა შეესწავლა, როგორ გავლენას ახდენდა ჰორმონალური თერაპია მაიმუნის რეაქციაზე აივ ინფექციის მკურნალობის მიმართ.
მსგავსი ცდები ჰორმონალური თერაპიისა და სხადასხვა მკურნალობის ეფექტის შესასწავლად ჩატარებულა თაგვებზეც, თუმცა, თანხა USAID-ის მიერ გაცემული არც ამ შემთხვევაში ყოფილა.
-
დააფინანსა თუ არა USAID-მა პერუში ტრანსგენდერებზე კომიქსის შექმნა?
პერუში კომიქსის შექმნისთვის თანხა USAID-ს არ გაუცია. USASPENDING-ის მიხედვით, სახალხო დიპლომატიის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პერუს განათლების დეპარტამენტს $32 000 გადასცა. კომიქსების სერია 3 წიგნს მოიცავდა (1;2;3). 2022 წელს გაცემული თანხა მიზნად ისახავდა, შექმნილიყო კომიქსი, რომელსაც სხვა პერსონაჟებთან ერთად ეყოლებოდა LGBTQ+ გმირი და შეეხებოდა სოციალური და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების საკითხს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომიქსში არა ტრანსგენდერი, არამედ გეი პერსონაჟი ფიგურირებს.
კომიქსი, რომლის სახელწოდებაც არის “განათლების ძალა”, პირველად პერუში აშშ-ის საელჩომ 2021 წელს წარადგინა. ის აშშ-ში განათლების მიღებისა და გაცვლითი პროგრამების საკითხს ეხებოდა. 2022 წელს საელჩომ მეორე ტომის შექმნა დააფინანსა.
“საელჩომ გვთხოვა, მეორე ტომში წარგვედგინა გეი სტუდენტი, რათა გვეჩვენებინა მისი პერსონალური ბრძოლა მშობლებთან დაქამინგაუთების დროს. თუმცა, ამას 0 საერთო აქვს ტრანგენდერობასთან”. – უთხრა factcheck.org-ს დევიდ კამპიტიმ, კომიქსების მწარმოებელი კომპანიის მფლობელმა.
გავრცელებულ მტკიცებას გამოეხმაურა ავტორი დევიდ ლოურენსიც და დაწერა, რომ მას წინააღმდეგობა არ ექნებოდა, დაეწერა ტრანს პერსონაჟებზე, თუმცა აღნიშნული კომიქსი ამ საკითხს არ შეეხება. მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტი $32 ათასის მეოთხედზე ნაკლები იყო და თანხა, სავარაუდოდ, წიგნების ჯამური საფასურია. მეორე პოსტში ის ხსნის, რომ აშშ-ის საელჩომ LGBTQ+ თემიდან პერსონაჟი მოითხოვა, როგორც “მცირე პასუხი ქვეყანაში ანტი გეი ცრურწმენაზე”.
-
“ტრანსგენდერული ოპერა” კოლუმბიაში
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ USAID-მა $47 000 დახარჯა კოლუმბიაში ტრანსგენდერების ოპერაზე. ოპერის შესახებ ისაუბრა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.
რეალურად, ოპერა არა USAID-მა, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ Universidad De Los Andes-ისთვის გაცემული თანხა $25 000 იყო და $22 000 ოფიციალურ ვებ-საიტზე არაფედერალურ ხარჯად არის აღნიშნული – შესაბამისად, ის ორგანიზატორებმა სხვა წყაროებიდან მიიღეს. როგორც USASPENDING-ზე ვკითხულობთ, ამერიკელი კომპოზიტორის, ლორა კამინსკის ოპერის სახელწოდება “As One” იყო და დაფინანსება ტრასგენდერებზე ცნობიერების ამაღლებსა და წარმომადგენლობის გაზრდას ემსახურებოდა.
“ეს არის ცნობილი ოპერა აშშ-ში, რომელიც მაყურებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს. უკანასკნელი, რასაც ველოდი, ამ განცხადებების მოსმენა იყო თეთრი სახლისგან”. – თქვა კოლუმბიელმა მსახიობმა, ხუანა მონსალვემ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

























