USAID-ის გრანტების ბაზა, რომელიც იმედის ცნობით “ჰაკერებმა გატეხეს”, წარსულშიც საჯარო იყო

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

417
VIEWS

30-31 იანვარს სახელისუფლებო ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა (1;2;3;4) ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა გატეხეს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის გრანტების ბაზა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ამერიკიდან 3 პროექტის ფარგლებში ჯამში $30 მილიონი გადმოირიცხა. იმედი სხვადასხვა სიუჟეტში მაყურებელს უყვებოდა, რომ გრანტების შესახებ ინფორმაცია უცნობია, ხოლო ჟურნალისტები იმეორებდნენ მთავრობის წარმომადგენლების გზავნილებს, რომ ფული რეალურად არეულობას ხმარდებოდა. 

წამყვანი მაგდა ანიკაშვილი [2:40]: “გაუმჭვირვალე მილიონები და პროექტები დეტალური აღწერილობის გარეშე – რაში იხარჯება ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული საზღვარგარეთ? ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში ჰაკერებმა ერთ-ერთი ვებ-გვერდი გატეხეს და გაასაჯაროვეს ინფორმაცია USAID-ის პროგრამების შესახებ”. 

წამყვანი თამთა გაზაშვილი: “ჯერჯერობით, ბუნდოვანი რჩება USAID-ის გრანტების დეტალები, რომლებიც ჰაკერებმა გატეხეს. რა კონკრეტული მიზნებით უნდა დაიხარჯოს 30 მილიონი დოლარი, ამასთან დაკავშირებით მეორე დღეა, USAID-ი დუმს”. 

ჰაკერების მიერ გამოვლენილ USAID-ის გრანტებთან დაკავშირებით 30 იანვარს პროსახელისუფლებო POSTV-ის გადაცემაში “სამნი & CO” (1;2;3) ისაუბრა წამყვანმა შალვა რამიშვილმაც. მისი მტკიცებით, თანხა რევოლუციისთვის იხარჯებოდა. ასევე, USAID-ის ბაზის გატეხვას გამოეხმაურნენ ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის დეპუტატები: გიორგი ვოლსკი (1;2); ირაკლი ქადაგიშვილი და თამთა მეგრელიშვილი (1;2). იგივე ინფორმაცია გაავრცელეს პროსახელისუფლებო ექსპერტებმა გია აბაშიძემ (1;2) და დავით ჩიხელიძემ.

USAID-ის გრანტები

ჰაკერების მიერ USAID-ის გრანტების ბაზის გატეხვაზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება. ვებ-საიტზე, რომელსაც ავტორები ეყრდნობიან, საქართველოსთვის USAID-ის მიერ გამოყოფილ თანხაზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ გვხვდება. გრანტების მოცულობისა და მიზნობრიობის შესახებ მონაცემები აღრიცხულია როგორც აშშ-ის ოფიციალურ, ასევე, პარტნიორების მიერ შექმნილ ვებ-საიტებზე. 

  • მონაცემები გრანტების შესახებ წარსულშიც საჯარო იყო

პროსახელისუფლებო მედიამ მაყურებელს ინფორმაცია გააცნო ისე, თითქოს USAID-ის გრანტებზე მონაცემები ამ დრომდე დაფარული იყო და მხოლოდ ჰაკერების მიერ ბაზის “გატეხვის” შემდეგ გახდა ცნობილი. ასევე, მედია ამტკიცებს, რომ გრანტების მიზნობრიობა ბუნდოვანია, უცნობია, რაში იხარჯება თანხა, ხოლო პარტნიორები ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

რეალურად, USAID-ის ბაზის გატეხვის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიით არ დასტურდება. ვებ-საიტი DataRepublican, რომელზე გამოქვეყნებულ სქრინშოტებსაც სიუჟეტებსა და ახალ ამბებში იყენებენ, არსად მიუთითებს, რომ მონაცემები ჰაკერების მიერ რაიმე პლატფორმის გატეხვით არის მიღებული. ვებ-საიტი, რომლის მიზანიც მთავრობის შესახებ მონაცემებისა და ხარჯებისა თავმოყრაა, ასევე აქვეყნებს ცნობებს არჩევნების შედეგების, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ და ა.შ. X-ზე DataRepublican-ის მიერ საქმიანობის ველში დართული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ის ახარისხებს, ამუშავებს მონაცემებს. 

USAID-ის გრანტები

მედიის მიერ ნაჩვენებ სქრინშოტზე ჩანს DataRepublican-ის ერთ-ერთი ფუნქცია, ფედერალური მთავრობის მიერ გაცემული გრანტების მოძიება. ველში USAID Georgia-ს შეყვანის შემდეგ ვებ-საიტი გვაწვდის ინფორმაციას, რომ დახარჯულია გადასახადების გადამხდელთა $31 მილიონზე მეტი. თანხა 3 პროექტზე ნაწილდება:  

USAID-ის გრანტები
სქრინშოტი: Data Republican

ყველაზე დიდი მოცულობის გრანტი, $20 710 025 USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამისთვის არის გამოყოფილი. ასევე, $6 200 000 გამოყოფილია მედია პროგრამისთვის, $3 550 000 სამოქალაქო განათლების პროგრამისთვის, ხოლო $1 450 000 დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამისთვის. თანხის რაოდენობასთან ერთად ვებ-საიტზე მოკლედ არის მითითებული მისი მიზნობრიობა. თუმცა, გრანტების შესახებ “ჰაკერების მიერ ბაზის გატეხვით” არ გამხდარა ცნობილი. მონაცემები წარსულშიც ხელმისაწვდომი იყო და ინფორმაციის მოძიება თანხისა და მისი დანიშნულების შესახებ შესაძლებელია როგორც აშშ-ის მიერ გაცემული დაფინანსებების ოფიციალურ ვებ-საიტზე (USASPENDING), ასევე საქართველოში USAID-ის ვებ-საიტზე.  

მაგალითად, USASPENDING-ზე მოცემულია ინფორმაცია USAID-ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისთვის გაცემული $20 710 025-ის შესახებ. ასევე, საიტზე მითითებულია, რომ პროგრამა 2022 წლიდან 2026 წლამდე განხორციელდება და საქართველოში მოქალაქეზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის პოპულარიზაციაზე იქნება გათვლილი. მოცემულია დეტალები ამ დრომდე გახარჯული და დარჩენილი თანხის რაოდენობისა და ტრანზაქციის ისტორიის შესახებაც. 

USAID-ის გრანტები
სქრინშოტი: USASPENDING 

USASPENDING-ზე ასევეა ხელმისაწვდომი მონაცემები USAID-ის მიერ IREX-თან პარტნიორობით განხორციელებული მედია პროგრამისა და მისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ. პროგრამის ვადაში 2022-დან 2027 წლამდე პერიოდია მითითებული და მისი მიზანია – გააძლიეროს ქვეყანაში მედიისა და ინფორმაციის ხარისხი და ამავდროულად შეინარჩუნოს საინფორმაციო ლანდშაფტი. პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი მედია სექტორის ხელშეწყობას, რომელიც მიაწოდებს მოქალაქეებს ინფორმაციას და დაეხმარება ინკლუზიური საზოგადოების შენებაში.  

USAID-ის გრანტები
სქრინშოტი: USASPENDING 

ინფორმაცია წარსულში ასევე საჯარო იყო 2022-2027 წლის სამოქალაქო განათლებისა და 2020-2027 წლის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამების შესახებ. სამოქალაქო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების მომზადებას, რათა ისინი იყვნენ მოქალაქეობრივად ჩართულები, იცოდნენ თავიანთი დემოკრატიული უფლებები და პასუხისმგებლობები. დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის მიზანი კი შშმ პირების ხელშეწყობაა

USAID-ის გრანტები
სამოქალაქო განათლების პროგრამა
USAID-ის გრანტები
დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა 
  • რაში იხარჯება გამოყოფილი თანხა? 

პროსახელისუფლებო მედია ამტკიცებს, რომ ჰაკერებმა გაასაჯაროვეს იმ თანხების რაოდენობა, რომელიც უცნობია, თუ რა მიზნით იყო გამოყოფილი. რეალურად, კონკრეტული პროგრამის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია დართული იყო USASPENDING-ის ვებ-საიტზე, ხოლო ვრცლად მონაცემებს USAID-ი და მისი პარტნიორები აქვეყნებენ. მაგალითად, ყველაზე მეტი თანხა გამოყოფილია სამართლის უზენაესობის პროგრამისთვის. USAID-ს (არქივი), პროგრამის მთავარ მიზნებთან (არქივი) და კომპონენტებთან ერთად, გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომელთა პროექტებიც დაფინანსდა. ასევე, გაწერილია მიზნები, თუ რისთვის გაიცემა გრანტი და რა პერიოდში უნდა შესრულდეს ვალდებულებები.  

USAID-ის გრანტები

სხვა მრავალთან ერთად, ვებ-საიტზე ვკითხულობთ, რომ პროგრამის ფარგლებში 12-თვიანი სასამართლოსა და საზოგადოების ჩართულობის გრანტი გაიცა (არქივი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. დასრულებული გრანტის აღწერაში ვკითხულობთ: 

“პროექტი არის ერთგვარი გზავნილი სასამართლო სისტემისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე საზოგადოების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის კონტროლის მომეტებული ინტერესი არსებობს. პროექტის მიზანია ამ ტიპის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის გაზრდა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების გამოვლენა. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამართლის კლინიკა შეიქმნება. კლინიკა განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს პროგრამის სილაბუსის შემუშავებას და სტუდენტების მომზადებას ლექციების, სემინარების და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით. შემდეგ ეტაპზე სტუდენტების ჩართულობით წარიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში ქალთა მიმართ ძალადობის (მათ შორის სექსუალური შევიწროების საქმეების) საქმეთა განხილვის მონიტორინგი. დასკვნით ეტაპზე პროექტის გუნდი გააანალიზებს საქმეთა მონიტორინგის შედეგებს და მოამზადებს საბოლოო ანგარიშს. გრძელვადიან პერსპექტივაში, კლინიკა პროექტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის  ბაზაზე და უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მომავალი თაობების მონაწილეობით”.  

ტელეკომპანია იმედი სიუჟეტში ასევე საუბრობდა მედია პროგრამაზე, რომელსაც IREX-ი ახორციელებს. USAID-ის ხუთწლიანი მედიაპროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, მაღალი ხარისხის, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის განვითარებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მედიაგარემოს გაჯანსაღებას. IREX-ი პროგრამას Zinc Network-თან, საქართველოს ჟურნალისტურ ქარტიასთან, მედია ადვოკატირების კოალიციასა და ღია საზოგადოების ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს

IREX-ს ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია პროექტის აქტივობების შესახებ (არქივი: მედია ადვოკატირება; მედიისა და სხვა ინფლუენსერების მიერ ტრადიციული და არატრადიციული მედიის გამოყენებით ფაქტებზე დაფუძნებული თხრობის ხელშეწყობა; ჟურნალისტების სამართლებრივი მხარდაჭერა (იურიდიული დახმარება); ფართო აუდიტორიამდე მიღწევის მიზნით მედიის მიერ დიგიტალიზაციის სტრატეგიების შემუშავების ხელშეწყობა; საზოგადოების ჩართულობა, იმ თემების გაშუქება, რომლებიც საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს, მედიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის გაზრდა. IREX-ის ქართულენოვან ფეისბუქ-გვერდზე სისტემატურად ქვეყნდება ინფორმაცია მედია ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსების შესახებ (1;2;3;4). ერთ-ერთი განხორციელებული პროექტი ქართული მედია პარტნიორობის პროგრამაა (არქივი), რომელიც ორმხრივი პროფესიული გაცვლის გზით ქართულ და ამერიკულ მედიასაშუალებებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო 2 ქართული ონლაინ მედიის, 2 რადიო სადგურისა და 16 ტელევიზიის წარმომადგენლების 70-ზე მეტ პარტნიორულ გაცვლით ვიზიტს 10 შტატში.  

კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის ფარგლებში დახარჯული თანხების “ბუნდოვანებაზეც” პროსახელისუფლებო მედია საუბრობს, USAID-ის 5-წლიანი სამოქალაქო განათლების პროგრამაა (არქივი). რეალურად, აღნიშნული პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა და ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პროგრამაში ჩართულია 650 საჯარო სკოლა საქართველოს 11 რეგიონიდან. ამავე საიტზე გვხვდება აქტივობები, რომლებიც ჩართულ სკოლებში პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს: 

  • კონკურსები და ოლიმპიადები პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის; 
  • სიმულაციური და სამაგიდო თამაშების შექმნა; 
  • საილუსტრაციო პროექტებისა და ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების მომზადება; სასკოლო დემოკრატიის გაძლიერების მიზნით შეხვედრები საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს, მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის; სამოდელო გაკვეთილები; 
  • თემატური შეხვედრები; 
  • მრგვალი მაგიდები; 
  • პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები; 
  • ვიდეო რგოლების მომზადება; 
  • ყველაზე დემოკრატიული სკოლის კონფერენცია; 
  • საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გამოვლენა; 

საიტზე ასევეა გამოქვეყნებული ინფორმაცია განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებზე (1;2) – მაგალითად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებისა და ოლიმპიადების შესახებ.  

დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამას საქართველოში USAID-ი McLain Association for Children-თან პარტნიორობით ახორციელებს. პროგრამის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებლად ცხოვრების პირობების შექმნაა. საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში არსებობს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი, სადაც შშმ პირები შელებენ, გაიგონ, რა სახის მხარდაჭერა ეკუთვნით სახელმწიფოსგან და როგორ მიიღონ ის, გაიცნონ ადამიანები, რომლებმაც გამოწვევები გადალახეს და გაერკვნენ, როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები.    

  • რა მოხდა USAID-თან დაკავშირებით?

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ყოველი დოლარი, რომელსაც აშშ გასცემს, “გამართლებული” უნდა იყოს. USAID-ის ბიუჯეტი, რომლის მუშაობასაც ტრამპი აკრიტიკებს, 2023 წელს $40 მილიარდს შეადგენდა. სააგენტოს მომავალი ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხარჯების შემცირებასა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან მის შერწყმას გეგმავს. მარკო რუბიომ USAID-ის ხელმძღვანელობა დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ახლა სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი ის არის. 3 თებერვალს ილონ მასკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი USAID-ის დახურვაზე დასთანხმდა. მარკო რუბიოს განმარტებით, მათი მიზანი საგარეო დახმარების “მოშორება” არ არის და USAID-ის აქტივობების ნაწილის გაგრძელებას გეგმავენ – თუმცა, უნდა გადაწყვიტონ, ამას გააკეთებენ სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით თუ რეფორმირებული USAID-ით.  

არქივი (1;2;3;4;5)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist