21 იანვარს პროსახელისუფლებო ტელევიზებმა “იმედი” და POSTV, რამდენიმე ფეისბუქ-მომხმარებელმა და გვერდმა (1, 2, 3), ასევე საინფორმაციო სააგენტო INFO 9-მ გაავრცელეს ვიდეო და საინფორმაციო ბარათი, რომლის თანახმადაც, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ არ უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენი სქესი არსებობს. “თქვენ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი სქესი არსებობს?”, – “იმედის” ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, უფლებადამცველი განმარტავს, რომ მას არ პასუხობს, დონალდ ტრამპის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს და მისი ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხებზე არ მუშაობს. ვიდეოზე ვხედავთ “იმედისა” და 2-საათიანი საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” ლოგოს. POSTV ვიდეოს აღწერაში წერს: “მესიჯბოქსი ჯერ არ მიუღიათ”.
სოციალურ ქსელში ვიდეო არასრულად და მანიპულაციურადაა გავრცელებული, მასში აღარაა ნაჩვენები, რომ ნონა ქურდოვანიძე ორი სქესის არსებობაზე საუბრობს. უფლებადამცველი იმედის შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ არსებობს ორი სქესი, ქალი და კაცი, თუმცა ცალკე არსებობს გენდერი და გენდერული იდენტობა. მისი კომენტარი კი ისეა წარმოჩენილი, თითქოს არ უთქვამს, რომ ორი სქესი არსებობს.
20 იანვარს ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა. საინაუგურაციო მიმართვაში ტრამპმა თქვა: “ამიერიდან შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი.” მოგვიანებით, მან გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რაც გენდერსა და მრავალფეროვნებაზე შტატების პოლიტიკას ცვლის. დონალდ ტრამპმა გააუქმა ამავე საკითხებზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბრძანებები. მან ასევე გააუქმა ბრძანება, რომელიც გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის საკითხებზე დისკრიმინაციის აღკვეთას ისახავდა მიზნად.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მომდევნო დღეს, ტელევიზია “იმედის” ჟურნალისტები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იდენტურ შეკითხვას უსვამდნენ: “რამდენი სქესი არსებობს?”
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ვხედავთ, რომ ის 2-საათიანი საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკიდანაა” მოჭრილი. ქურდოვანიძის გარდა, სიუჟეტში ჟურნალისტმა იდენტური შეკითხვა დაუსვა (15:50) პარტია “ლელოს” წევრ ლანა გალდავას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ბეჟაშვილს, “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელ თინა ხიდაშელსა და კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს გიორგი ბუტიკაშვილს. რესპონდენტები იმედის ჟურნალისტს პასუხობენ, რომ ორი სქესი არსებობს, ქალი და კაცი. მათი კომენატრები, მათ შორის, ქურდოვანიძის პასუხიც, სიუჟეტში სრულადაა მოცემული.
საია-ს თავმჯდომარე “იმედის” ჟურნალისტს ეუბნება, რომ ის არ აფასებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს, საია მუშაობს ქვეყნის შიგნით დემოკრატიისა და ადმიანის უფლებების საკითხებზე და მსგავს თემებზე კომენტარს ქურდოვანიძე ვერ გააკეთებს. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი კიდევ ერთხელ სვამს შეკითხვას, “რამდენი სქესი არსებობს?”, ქურდოვანიძე მას პასუხობს (17:45), რომ არსებობს ორი სქესი და არსებობს გენდერული იდენტობა.
ჟურნალისტი: “როგორ ფორმატში უნდა დავსვათ, აბა, კითხვები ამ საკითხზე? უნდა გამოვითხოვოთ ინფორმაცია თუ როგორ ფორმატში უნდა დავსვათ კითხვა? ეს კითხვა, რამდენი სქესი არსებობს, მეილზე უნდა გამოვაგზავნოთ თუ რა ფორმატი…”
ქურდოვანიძე: “ხო, არსებობს სქესი და არსებობს გენდერი და რომელს გულისხმობ?”
ჟურნალისტი: “სქესს გეკითხებით, რამდენი არსებობს?”
ქურდოვანიძე: “სქესი არის ქალი და კაცი, მაგრამ არსებობს გენდერი და გენდერული ინდენტობა.”
მიუხედავად უფლებადამცველის კომენატრისა, რომ ორი სქესი არსებობს, მედიებმა და ფეისბუქ მომხმარებლებმა მისი კომენატარი არასრულად გაავრცელეს და ვიდეოდან ის ნაწილი ამოჭრეს, სადაც ქურდოვანიძე ორი სქესისა და ცალკე გენდერული იდენტობის შესახებ საუბრობს.
“ქართული ოცნების” პოლიტიკოსები და პროსახელისუფლებო მედია ორი სქესის არსებობაზე დონალდ ტრამპის განცხადებას მათ შორის ღირებულებითი თანხვედრის დასამტკიცებლად იყენებს. ისინი ცდილობენ, გასულ წელს მიღებული ანტი-ლგბტ კანონი დონალდ ტრამპის განცხადებას დაუკავშირონ. 2024 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შესულია კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, რომელსაც ევროკავშირი სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხედ აღიქვამს. კანონი კრძალავს სქესის შეცვლის მიზნით ნებისმიერი სახის სამედიცინო მანიპულაციას, ცენზურას აწესებს ინფორმაციის გავრცელებაზე, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სექსუალური/გენდერული უმცირესობებისთვის კრძალავს შეკრება/მანიფესტაციას.
ბოლო წლებში არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებისა და მათი საქმიანობის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებმა იმატა. დეზინფორმაციული და დისკრედიტაციის კამპანია ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებისა და მიღების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. ამავე კამპანიაში მონაწილეობენ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული მედიასაშუალებები და თავად პარტიის წევრებიც. “მითების დეტექტორი” აკვირდება და რეგულარურად ამოწმებს მედიასა თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ ან მანიპულაციურ მტკიცებებს.
წყაროების შესახებ:
ერთ-ერთი, ვინც ნონა ქურდოვანიძის ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებს, ირაკლი ჯანყარაშვილია. ის გვერდ Publicist.ge-ს შემქმენელია. გვერდს ჯერ “პოლიტიკო”, შემდეგ კი “ირაკლი ჯანყარაშვილი / irakli jankarashvili” ერქვა. ამჟამად გვერდი ანტიდასავლური და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს, გამოირჩევა “ქართული ოცნების” მხარდაჭერით. ჯანყარაშვილი როგორც საკუთარ პროფილზე, ასევე “პუბლიცისტის” გვერდზე ხშირად ავრცელებს ყალბ ცნობებს, მათი ნაწილი “მითების დეტექტრომა” გადაამოწმა.
დავით თორდია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და მასთან დაკავშირებულ გვერდ “ლიდერი 41”-ს მართავს. საქმიანობის პარალელურად, ის სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციისა თუ ვიზუალური მასალების გამოქვეყნებით გამოირჩევა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.